Thumbnail

ხელბურთი | შემადგენლობა ცნობილია - ბოლო ვარჯიში იტალიაში გამგზავრებამდე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს
  • პირველი მატჩი რუმინეთთან, შემდეგ იტალიასთან და ბოლოს, კოსოვოსთან

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ბენევენტოში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს, პირველ შეხვედრას კი 10 იანვარს რუმინეთთან გაართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. იტალიაში გამგზავრების წინ, გუნდმა ბოლო ვარჯიში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი), ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), ირაკლი ჩიქოვანი (კონსტანცა, რუმინეთი), გიორგი მიქავა (BSB ბათუმი), ირაკლი კბილაშვილი (მეტალურგი, ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ზურაბ ცინცაძე (იმედი-სტუ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოროშჰაზი, უნგრეთი), უჩა მაისურაძე, ერეკლე არსენაშვილი (ბრაგა, პორტუგალია), შოთა თევზაძე (რეშიცა, რუმინეთი), რევაზ ჭანტურია (მეტალურგი, ჩრდ. მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე (BSB ბათუმი), ზურაბ აბრამიშვილი (BSB ბათუმი), გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი (ოჰრიდი, ჩრდ. მაკედონია).

შაბათს, 11 იანვარს საქართველოს ნაკრები იტალიას ეთამაშება, კვირას კი კოსოვოს. მომდევნო ეტაპზე, ანუ პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გავა. საქართველოს ნაკრები 14 იანვარს დაბრუნდება თბილისში და მზადებას დაიწყებს უკვე ევრო 2022-ის პლეიოფისთვის. 16 და 19 იანვარს ორი მატჩია ფინეთთან. სკანდინავიელებთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს. იტალიაში მიმავალი 16 ხელბურთელიდან 15-მა ივარჯიშა, ირაკლი ჩიქოვანი კი წვრთნას გუნდის ექიმ, დრაგან ილიჩთან ერთად აკვირდებოდა. ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მცირე ტრავმა აქვს. 

ბექა ორჯონიკიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“მზადება ნაყოფიერი იყო. ერთადერთი, ჩიქოვანის ტრავმა გვაფიქრებს, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ირაკლი იტალიაში თამაშს შეძლებს. მეტოქეებს კარგად ვიცნობთ. ვარჯიშებთან ერთად გვქონდა თეორიული მეცადინეობები, ვნახეთ იტალიის, რუმინეთისა და ფინეთის ბოლო მატჩები, ნიკოლა მაქსიმოვიჩმა და დრაგან ჯუკიჩმა კი მეტოქე ხელბურთელების ინდივიდუალური დოსიეები შეადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება ფინეთის გუნდს მივაქციეთ. ჩვენთვის ორივე ტურნირი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფინეთთან პლეიოფს მაინც უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგანაც მისმა შედეგმა უნდა განსაზღვროს ჩვენი გუნდის მომავალი ასპარეზი. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში და ამით უნდა დავბრუნდეთ სახელბურთო ელიტაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა. რა თქმა უნდა, საბრძოლველად მივდივართ იტალიაშიც და არც იქ გამარჯვებაზე ვიტყვით უარს“.

კომენტარები

ბოლო ამბები