Thumbnail

'აღმაშფოთებელი ბრალდება ლაშა ტალახაძეს' – ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გერმანელმა ჟურნალისტმა ლაშა ტალახაძე დოპინგ-სკანდალს დაუკავშირა
  • საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის საგანგებო განცხადება

UPDATE საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა ჰაიო ზეპელტის დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით, რომელშიც ლაშა ტალახაძის მიმართ ბრალდებები იყო წარმოდგენილი.

ნახერა თქვეს ლაშა ტალახაძეზე სკანდალურ ფილმში - ვიდეო ქართული ტიტრებით

ზეპელტი გერმანელი ჟურნალისტია, მის ფილმში კი ის აზრი იყო განვითარებული, რომ ქართველ ძალოსანს რამდენიმე დოპინტ-ტესტი გავლილი არ აქვს და მისი ფენომენალური შედეგებიც ამითაა განპირობებული.

გთავაზობთ საქართელოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის დავით ყიფშიძის განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

“მსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაიო ზეპელტის მიერ დამზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად, მსურს, ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, რომ მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს.

'საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, რომ თითქოსდა ლაშა ტალახაძეს არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე'

სამწუხაროდ, ჰაიო ზეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების და ფაქტების იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, რომ თითქოსდა ლაშა ტალახაძეს არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით.

მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადექვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი ჰქონდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა.

'რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?'

ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო – არცერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოვებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ჟურნალ ADAMS-ის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ხაზგასმულია 2015-2016 წლებში სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების თარიღები პერიოდი. როდესაც ARD-მ განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

”იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე” – ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჯერ ჰაიო ზეპელტს ეყოფა გამბედაობა გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით.

საქართელოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან”.

კომენტარები

ბოლო ამბები