Thumbnail
  • მარკუს სმარტი ლიგაში თავისი ყველაზე რთული ოპონენტების შესახებ
  • როგორ თამაშობენ NBA-ს სუპერვარსკვლავები
  • კავაის, ჯორჯის, კაირის, სტეფის, იანისის და დევისის თამაშის ანალიზი

ბოსტონ სელტიკსის მარკუს სმარტი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ჩვეულებრივ, მისი მოვალეობა მეტოქის საუკეთესო მსროლელების განეიტრალებაა. თავის ინტერვიუში სმარტი დეტალურად აღწერს, თუ ვინ არიან NBA-ში მისთვის ყველაზე რთული ოპონენტები, აღწერს მათ ხასიათსა და სათამაშო თვისებებს. მოკლედ ბევრი საინტერესო დეტალი კალათბურთის მოყვარულებისთვის.

კავაი ლეონარდი

‘კავაის წინააღმდეგ პირველად 2015 წელს ვითამაშე, ეს ჩემი პირველი სეზონი იყო ლიგაში და მაშინ კავაი სან ანტონიოში თამაშობდა. მახსოვს, რომ ის ძალიან ჩუმი იყო. მის შესახებ წინასწარ რომ არ გცოდნოდა, იფიქრებდი, რომ რიგითი სათადარიგო მოთამაშეა - ასეთი ენერგეტიკა ჰქონდა.

შემდეგ თამაში დაიწყო...

პირველ პოზიციაზე, როდესაც მის წინააღმდეგ დავდექი, ზურგით, ე.წ. პოსტში დამიდგა, როგორც კი სხეულით მომაწვა, მაშინვე ვიფიქრე - ‘ეს ბიჭი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჩანს’.

შემდეგ პოზიციაზეც იგივე გააკეთა და მივხვდი - ‘არა, ის ფიზიკურად კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე მეგონა.’

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

ზურგით ისე მაწვებოდა, რომ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, როდესაც ბეტონის მოედანზე ჩემს უფროს ძმებს ვეთამაშებოდი... იმ დღეს ჩემს წინააღმდეგ იმდენი ქულა ჩააგდო, რომ მწვრთნელმა გამიყვანა და სკამზე დამსვა...

ჩემთვის, მოთამაშისთვის, რომელიც თავისი თამაშით დაცვაში ამაყობს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი მოთამაშის შეჩერება შეუძლია, ეს დიდი დარტყმა იყო. მაშინ პირველად მივხვდი, რომ კავაი განსაკუთრებული ტალანტია... ყველაზე უცნაური ის არის, რომ შემდეგ წლებში კავაი კიდევ უკეთესი გახდა - მან თავისი თამაში უფრო დახვეწა.

კავაის მარტო გაჩერება შეუძლებელია. ის უნდა აიძულო, რომ რაც შეიძლება შორიდან ისროლოს, რადგან საშუალო სროლა ფენომენალური აქვს. მან ლიგაში 5-მეტრიანი საშუალო სროლა ისევ უკან დააბრუნა. ამ სროლას დღეს, ანალიტიკის ეპოქაში, NBA-ში თითქმის აღარ იყენებენ. თეორიულად, ქაღალდზე, ხუთმეტრიანი საშუალო სროლა ცუდი სროლაა, თუმცა კავაისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს - ამ სროლას ის აუცილებლად აგდებს. ერთადერთი, რაც მის წინააღმდეგ შეგიძლია გააკეთო, გრძელი სროლა მისცე პერიმეტრიდან და ასე ეცადო წინააღმდეგობის გაწევას.

თუმცა ის პერიმეტრიდანაც კარგად ისვრის და რა გინდა, რომ ქნა?! თანაც ისე ისვრის, რომ ბურთს მაღალ ტრაექტორიას აძლევს და დაფარება შეუძლებელია.

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის ლიგაში ყველაზე შეუჩერებელი მოთამაშეა. მას შეუძლია, დრიბლინგიდან ისროლოს და ჩააგდოს, შეუძლია ზურგით, პოსტში, ითამაშოს, საშუალო სროლა აქვს, სამქულიანი აქვს - ეს სიგიჟეა.

კავაი უბრალოდ განსხვავებულია... ის ამ სამყაროდან არ არის.

პოლ ჯორჯი

პოლ ჯორჯის მთელი თამაში რიტმზე, წასვლა-არწასვლაზეა დამყარებული. თუ ერთხელ ჩააგდო, მეორედ ჩააგდო და რიტმი დაიჭირა, სროლა წაუვიდა - დამთავრებულია. მთელი თამაში ამ რიტმში იქნება და ვერაფერი შეაჩერებს.

პოლ ჯორჯის წინააღმდეგ დაცვას როცა თამაშობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დროის კონტროლი, ‘თაიმინგია’ - მას ბურთი აქვს, თუ არ აქვს, თავიდანვე საშუალება არ უნდა მისცე, რომ რიტმი დაიჭიროს და სროლა წაუვიდეს. მას თავი არაკომოფორტულად უნდა აგრძნობინო, რომ თავისი თაიმინგი, თავისი ტემპი, თავისი რიტმი არ იპოვოს.

'ჯარიმები ის საფასურია, რასაც ჯორჯის წინააღმდეგ თამაშის დროს იხდი'

უნდა აიძულო, რომ სროლები ააცილოს. იმედი კი არ გქონდეს, რომ ააცილებს, არა! უნდა აიძულო. მთელი თამაში, ყველა მისი სროლის დროს აგრესიული უნდა იყო - თუნდაც ეს ბევრ ჯარიმად დაგიჯდეს. უმჯობესია, ჯარიმები აიღო და აგრძნობინო, რომ ხელს უშლი, მისი თამაშის, მისი რიტმის დაჭერის საშუალება არ მისცე. ჯარიმები ის საფასურია, რასაც ჯორჯის წინააღმდეგ თამაშის დროს იხდი.

მე ფიზიკურად ძლიერი ვარ, ძალაში ჯორჯი ვერ დამჩაგრავს. ყოველთვის ვცდილობ, რომ მარცხნივ გავუშვა, იმიტომ, რომ მარცხენა მისთვის არასასროლი ხელია. ყოველთვის ვცდილობ, რომ მეტოქეს ის ვაიძულო, რაც არ ეხერხება - ჯორჯის შემთხვევაში ეს მარცხენა ხელია. ეს მან თვითონაც იცის. მარჯვენა ხელით ის შეტევას ძალიან მაგრად ამთავრებს და კარგად ისვრის.

პოლ ჯორჯთან დაცვას როცა თამაშობ, მუდამ უნდა აიძულო აკეთოს ის, რაც არ მოსწონს. სხვანაირად გრძელი თამაში გელის - მას ვერ გააჩერებ.

კაირი ირვინგი

ძალიან ბევრი რამეა, რაც კაირის შეუჩერებელს ხდის. მას ბევრი იარაღი აქვს. ყველაზე მთავარი ის არის, როგორ თამაშობს, როცა უკვე ჰაერშია, როგორ ამთავრებს შეტევას. სწორედ ამიტომ, კავაის მოძრაობებს მე 'ბოლო წუთების მოძრაობას' ვუწოდებ.

როცა წამზომზე დრო გადის და მან უცებ რამე უნდა მოიფიქროს, ამ დროს, როგორც მცველი აანალიზებ კაირის მთელ არსენალს, ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ ამ დროს აკეთებს ხოლმე - მას ცოტა დრო და ცოტა ოპცია აქვს? და რა ხდება ამ დროს?

'შეუძლია, ერთი მცველი გვერდით ჰყავდეს, მეორე წინ და როგორღაც მაინც მოახერხოს, რომ მათ შორის გასხლტეს'

ზუსტად ბოლო წამზე აკეთებს რაღაც ისეთს, რასაც არ ელოდი, ისეთ რამეს, რაც არც კი იცი, როგორ მოიფიქრა. ის ძალიან მაგარია პატარა სივრცეში თამაშის დროს და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ბურთით. შეუძლია, ერთი მცველი გვერდით ჰყავდეს, მეორე წინ და როგორღაც მაინც მოახერხოს, რომ მათ შორის გასხლტეს. მას ლიგაში საუკეთესო ქროსოვერი აქვს. სტეპ-ბეკი ეხერხება და ყოველთვის შეუძლია, მცველს წონასწორობა დააკარგვინოს და სროლის, ან შესვლისთვის საჭირო სივრცე შექმნას.

ყველაზე მთავარი კი ის არის, როგორ აკონტროლებს ბურთს, როგორ დააქვს. ის თავისი მოძრაობებით მცველის ყურადღებას ისე იქცევს, რომ პოზიცია დააკარგვინოს. ის ბურთითაც მანიპულირებს და მცველითაც.

ტანით დიდი არ არის, თუმცა ფართან, შესვლის დროს, ისე ამთავრებს შეტევას, რომ რაღაც საოცრებაა. პოლ ჯორჯის თამაშს როცა განვიხილავდი, ვთქვი, რომ ის მარცხნივ უნდა გაუშვა. კაირის შემთხვევაში ეს არ გამოვა - ყველაფერს, რასაც აკეთებს მარჯვენა ხელით, იგივენაირად აკეთებს მარცხენა ხელითაც.

ასე რომ, რა გინდა ქნა?

სტეფ კარი

სტეფ კარისთვის ცუდი სროლა ასეთი სიტყვა არ არსებობს. მას ჩაგდება ყველა წერტილიდან შეუძლია. შეუძლია ცენტრიდან ისროლოს და ჩააგდოს. სროლისთვის მას ძალიან ცოტა სივრცე სჭირდება და ძალიან სწრაფად ისვრის.

მაშინაც კი როცა მის წინ სულ რამდენიმე სანტიმეტრში დგახარ და გგონია, რომ საკმარისად მჭიდროდ ეთამაშები, აღმოაჩენ, რომ ეს საკმარისად მჭიდროდ არ არის - ის მაინც ახერხებს სროლას.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

ამიტომ როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, უნდა სცადო და ბურთი არ მიაღებინო. მუდამ მასთან უნდა დარჩე - რაც ძალიან ძნელია, რადგან როდესაც სტეფ კარის წინააღმდეგ თამაშობ ... თან წამოიღე შენი სარბენი ფეხსაცმელი, ბევრი სირბილი მოგიწევს! ის 48 წუთის მანძილზე შეუსვენებლად მოძრაობს. როგორც კი ერთი წამით ამოისუნთქებ, ის უკვე დაგისხლტა.

როცა გოლდენ სტეიტს სროლას ვუგდებთ, მაშინვე სტეფისკენ ვტრიალდები და ვეძებ თვალებით, სად არის. იმიტომ რომ ვიცი, რომ ის სადღაც გასხლტება და თანაგუნდელები მას მაშინვე პასით იპოვიან.

სტეფ კარის წინააღმდეგ ვცდილობ ჩემი სიმაღლე და ძალა გამოვიყენო. მას შეუძლია სროლა თავის თავს დრიბლინგით თვითონ შეუქმნას, თუმცა ეს მისი საუკეთესო თამაში არ არის. სტეფის ყველაზე ძლიერი მხარე, უბურთოდ ბევრი სირბილი, სქრინებიდან და ბლოკებიდან ამორბენა და თავისუფალი სროლებია. ამიტომ ჩემი საქმეა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის დროს მუდამ ათლეტურად და ხისტად ვეთამაშო და ვაიძულო, რომ სამწამიანში შევიდეს და თავისზე მაღალი მოთამაშეების წინააღმდეგ სროლა მოუწიოს. ასეთი თამაშით უნდა დაღალო. ამის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე გაკეთება, მაგრამ მთელი თამაში უნდა ფიზიკური ზეწოლის ქვეშ გყავდეს, რომ თავი არაკომფორტულად იგრძნოს, ბურთის მიღების საშუალება არ მისცე - აქ უკვე მე მაქვს უპირატესობა.

ისიც უნდა იცოდე, რომ სტეფი უშიშარია - ფიზიკურად მასზე ძლიერიც რომ იყო, მას ვერ შეაშინებ. ის ყველაზე კარგი მსროლელია ვისთანაც მითამაშია. ის ყველა დროის საუკეთესო მსროლელია.

ენტონი დევისი და იანის ანტეტოკუმპო

წესით, კიდევ ერთი მოთამაშე უნდა მეთქვა, თუმცა ამ ორიდან ვერცერთს გამოვყოფ.

მახსოვს, პირველად რომ ვთამაშობდი დევისის წინააღმდეგ. ზურგით, პოსტში დამიდგა. ძალიან კარგი პოზიცია მქონდა და ფარისკენ არ ვუშვებდი. უცებ მოტრიალდა და ჩემს ზემოდან ისროლა. თითქოს არაფერი, ისე მარტივად გააკეთა.

ეს ის იშვიათი მომენტი იყო, როდესაც ვიფიქრე - ‘ამის წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია’. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობდი.

იგი 210 სანტიმენტრი სიმაღლისაა და ბურთს გამთამაშებელივით ფლობს - შეუძლია, უბრალოდ მცველის თავს ზემოდან ისროლოს. ის ჩემზე ერთი თავით მაღალია.

'დევისის წინააღმდეგ ვცდილობ, ჩემი სისწრაფე გამოვიყენო - ეს ჩემი უპირატესობაა'

ცენტრებს და სხვა დიდ მოამაშეებს არ უყვართ ბურთის ქვემოთ დაშვება, როდესაც მათზე დაბალ მოთამაშეებს უპირისპირდებიან, რათა უფრო პატარა მოთამაშემ ბურთი არ მოიპაროს. დევისი ბურთს ცენტრისთვის ძალიან კარგად ფლობს, მაგრამ ეს მისი ყველაზე ძლიერი მხარე მაინც არ არის. ამიტომაც, როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობ, ვცდილობ ზეწოლა მოვახდინო მასზე და ვაიძულო, რომ ბურთი ქვემოთ დაუშვას, პარკეტს დაარტყას, ხანგრძლივად ჰქონდეს და ამ დროს ჩემი სისწრაფე გამოვიყენო და მოვიპარო.

დევისს მუდამ არაკომფორტულად უნდა აგრძნობინო თავი, მენტალურად უნდა დაღალო. თუმცა, ის უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება. არ დაგავიწყდეთ, აქამდე დევისი ნიუ ორლეანში იყო და ახლა ლეიკერსშია, ლებრონთან. მგონია, რომ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რა მაგარია სინამდვილეში ენტონი დევისი.

იანისი - კიდევ ერთი 210 სანტიმეტრიანი მოთამაშე, რომელიც ბურთს გამთამაშებელივით ფლობს. მაგრამ იანისი მაინც განსხვავებულია - ის ამ სამყაროს არ განეკუთვნება. ბურთი ძალიან მაგრად უჭირავს, ძალიან სწრაფია, საოცრად დიდი და ათლეტური. როდესაც სხვა მოთამაშეებს ოთხი ან ხუთი ნაბიჯი სჭირდებათ, სამქულიანის ხაზიდან ფარამდე რომ მიაღწიონ, იანისი ამას სამ ნაბიჯში აკეთებს. ძალიან მაგრად ხტება და იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკური კონტაქტი ვერ აჩერებს.

'ასეთი მოთამაშეების შეჩერება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ ხელის შეშლა, თავისი საუკეთესო თამაში რომ ვერ აჩვენონ'

მასზე მთელი დღე შემიძლია ვილაპარაკო. ბერძნულ საოცრებას მას ტყუილად არ უწოდებენ. ის ნამდვილად ბუნების საოცრებაა. არასოდეს მინახავს მოთამაშე, რომელიც გაბარიტების, ათლეტიზმის და ტექნიკის ასეთი კომბინაცია იყოს.

ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო: მის წინ ფეხზე დარჩე, შესვლის საშუალება არ მისცე და აიძულო, რომ ისროლოს დისტანციიდან. ასეთი მოთამაშეების შეჩერება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ ხელის შეშლა, თავისი საუკეთესო თამაში რომ ვერ აჩვენონ.

კომენტარები

ბოლო ამბები