Thumbnail

'ვთამაშობთ, რათა გავიმარჯვოთ' - ზიდანმა ვალენსიასთან მოგება შეაფასა

  • რეალმა ესპანეთის სუპერთასის 1/2-ფინალში ვალენსიას მოუგო
  • მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა 

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის 1/2-ფინალში ვალენსიის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაში რეალმა ვალენსიას ანგარიშით 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ბარსელონა-ატლეტიკოს წყვილში მოგებული დაუპირისპირდება.

რეალმა ვალენსიას კროოსის, ისკოსა და მოდრიჩის გოლებით მოუგო

"ვთამაშობთ, რათა გავიმარჯვოთ. შედეგი დამსახურებული და სასიხარულოა. გვაქვს ყველაფერი საიმისოდ, რომ კარგი მატჩები ჩავატაროთ და სწორედ ეს გავაკეთეთ ვალენსიასთან, რომელიც ძლიერი მეტოქეა. ახლა დასვენება გვჭირდება, რადგან ეს მხოლოდ ნახევარფინალი იყო.

თამაში დასაწყისიდანვე ბრწყინვალე გამოვიდა. იოლი არაა იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს კარგად. დღეს 5 ნახევარმცველი დავაყენე. ისკო და მოდრიჩი წინ მოქმედებდნენ, რათა ფლანგებზე მეტი სივრცე ყოფილიყო. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. შემეძლო გარემარბების გამოყვანაც, მაგრამ პირიქით გავაკეთეთ და ამან იმუშავა. რესურსი ბევრი გვაქვს, ეს ჩანს მოთამაშეების გამოსვლაში, კროოსისა და მოდრიჩის გოლებში. რაც შეეხება ისკოს, მისი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

დღევანდელი გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ წინ ფინალია", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ბარსელონა და მადრიდის ატლეტიკო ითამაშებენ, ჯიდაში 9 იანვარს ჩატარდება, ფინალური შეხვედრა კი 12 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები