Thumbnail

მიმდინარე სეზონში გულშემატკივარზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მანჩესტერ სიტი ახდენს. გვარდიოლას გუნდი არა მხოლოდ დამაჯერებლად ლიდერობს პრემიერლიგაში, არამედ 27 თამაშში 72 ქულითა და 79 გატანილი გოლით, ყველა შესაძლო რეკორდს უმიზნებს.

სიტის კარგი შანსი აქვს, გააუმჯობესოს პრემიერლიგის რეკორდი დაგროვებული ქულების (95 - მოურინიოს ჩელსი 2004/5) და გატანილი გოლების (103 - ანჩელოტის ჩელსი 2009/10) მიხედვით.

ამას ემატება დამაჯერებელი თამაში ჩემპიონთა ლიგაშიც. და თუ გავითვალისწინებთ, რომ პრემიერლიგაში, არა მხოლოდ ტრადიციულად რამდენიმე გრანდი ასპარეზობს, არამედ ქულების მოპოვება აუტსაიდერების წინააღმდეგაც კი ძალიან რთულია, ნათელია, რომ ჩვენ თვალს ისტორიულ სეზონს ვადევნებთ.

შედეგების გარდა მანჩესტერ სიტი სათამაშო სტილითაც იქცევს ყურადღებას. ტრადიციულად ფიზიკური და აგრესიული თამაშით განთქმულ პრემიერლიგაში სიტი სწრაფი, შემტევი და ბურთის კონტროლზე ორიენტირებული თამაშით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სკეპტიციზმი, თუ როგორ შეძლებდა გვარდიოლა თავისი სათამაშო სტილის აბსოლუტურად განსხვავებულ ბრიტანულ საფეხბურთო კულტურაში დამკვიდრებას, დღეს ალბათ აღარავინ დავობს, რომ ამ ფორმაციის სიტიმ პრემიერლიგა შეცვალა.

სიტის წარმატებებში უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მისი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას ფაქტორია.

გვარდიოლამდე სიტიმ, მიუხედავად უდიდესი ფინანსური რესურსებისა, იმ  შედეგების ჩვენება მაინც ვერ შეძლო, რასაც გუნდის მფლობელები გეგმავდნენ.

სიტის ბოლო სამი მწვრთნელის გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი

შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მონაცემი ეყრდნობა 2017/18 წლების სეზონის 27 ტურის შედეგებს.

გვარდიოლას კოზირი - ტაქტიკური უპირატესობა

დროის ფაქტორი

ის ფაქტი, რომ სიტი სრულყოფილ ფეხბურთს გვარდიოლას მეორე სეზონში აჩვენებს, შემთხვევითი სრულებითაც არ არის. გვარდიოლას ფეხბურთი გუნდურ ჰარმონიას ეფუძნება. სისტემას, როდესაც გუნდის ყველა მოთამაშე ერთი კონცეფციის, ერთი საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით აზროვნებს. იმისთვის, რომ გუნდში ფეხბურთელები ჰარმონიულად მოძრაობდნენ, ერთმანეთს ავსებდნენ და მარტივი საფეხბურთო ენით რომ ვთქვათ, თვალდახუჭულს ესმოდეთ ერთმანეთის, ყველას ერთი საფეხბურთო ფილოსოფია უნდა ჰქონდეს.

ბარსელონაში გვარდიოლას უფრო მარტივი ამოცანა ჰქონდა. გუნდის ძირითად ბირთვს "ლა მასიაში" - ბარსას საფეხბურთო აკადემიაში გაზრდილი მოთამაშეები წარმოადგენდნენ, რომლებიც ბავშვობიდან ერთი საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით თამაშობდნენ. გვარდიოლას თამაშის პრინციპები მათთვის ნაცნობი იყო და პეპსაც არ უწევდა ყველაფრის თავიდან შესწავლა. შედეგიც ბარსელონამ გვარდიოლას პირველსავე სეზონში დადო.

ბაიერნში გვარდიოლამ უკვე წლების მანძილზე შეთამაშებული ბირთვი და იდეალურად აწყობილი საკლუბო სტრუქტურა ჩაიბარა. გუნდი, რომელმაც გვარდიოლამდე ყველაფერი მოიგო და თავისი ისტორიის საუკეთესო სეზონი ითამაშა. ამის მიუხედავად, ბაიერნსაც დასჭირდა რამდენიმე თვე, რათა მის სათამაშო პრინციპებს მორგებოდა.

სიტიში კი გვარდიოლას ერთი სეზონი მაინც სჭირდებოდა, რათა სხვადასხვა დროს გუნდში მოსული და სხვადასხვა საფეხბურთო კულტურაში აღზრდილი მოთამაშეებისთვის, თამაშის მისეული სისტემა და პრინციპები გაეცნო. მეორე სეზონიდან კი სიტის გვარდიოლას ხელწერა უფრო მეტად ეტყობა.

ტრანსფერები

ამ სეზონში სიტის წარმატებული თამაში ჭკვიანურ სატრანსფერო კამპანიასაც უკავშირდება. გასულ სეზონში გუნდმა 38 თამაშში 39 გოლი გაუშვა - თამაშში 1 გოლზე მეტი და გვარდიოლამაც ძირითადად დაცვის ხაზის გადახალისებაზე იზრუნა. გუნდში განაპირა მცველები: ბენჯამინ მენდი, კაელ ვოლკერი და დანილო მოვიდნენ. ახალწვეულები (და ზოგადად სიტის ყველა მცველი)  შესანიშნავად ფლობენ ბურთს, აქვთ კარგი პირველი პასი და ეხერხებათ შეტევის დაწყება.

ამას დაემატა შემტევი ბერნარდო სილვა, რომელიც  ტექნიკური, შემქმნელი ფეხბურთელია და მეკარე ედერსონი, რომლის მნიშვნელობაზეც გვარდიოლას ტაქტიკისთვის ქვემოთ ვისაუბრებთ.

ტიკი ტაკა თუ Juego de Posicion?

გვარდიოლას ძალიან არ უყვარს, როდესაც მისი გუნდის თამაშს აღწერენ გავრცელებული ტერმინით ტიკი-ტაკა.

გვარდიოლა: "ვერ ვიტან ტიკი-ტაკას. ტიკი-ტაკა ნიშნავს ბურთის ფლობას მიზნის გარეშე. არ დაიჯეროთ, რასაც ხალხი ამბობს. ბარსა არ თამაშობდა ტიკი-ტაკას. ყველა გუნდურ სპორტში შემტევი ცდილობს, რომ მოახდინოს მოწინააღმდეგის დაცვის ერთ მხარეზე გადაჯგუფება, შემდეგ კი შეუტიოს მეორე, სუსტი, დაუცველი  მხარიდან. ამისთვის კი ბურთის მოძრაობაა საჭირო და ჩვენც ამას ვაკეთებდით."

ტიკი-ტაკათი სპეციალისტები უფრო ესპანეთის ნაკრების თამაშს (2010-2012) აღწერენ. როდესაც გუნდი ხანგრძლივად იჭერს ბურთს, თუმცა არ ამწვავებს თამაშს, არამედ მოწინააღმდეგის შეცდომას ელოდება. გვარდიოლას კონცეფცია კი უფრო მეტად არა მეტოქის შეცდომის მოლოდინზე, არამედ შექმნაზე, თამაშის გამწვავებაზეა ორიენტირებული. ანუ ის, რასაც დღეს სიტი აკეთებს - თამაშის მოდელი, რომელსაც სპეციალისტები Juego de Posicion-ს უწოდებენ.

ამ სისტემის მიხედვით, გვარდიოლა მთელ სტადიონს 5 ვერტიკალურ ხაზად ყოფს და არცერთ  ხაზში 2 მოთამაშეზე მეტი არ უნდა განლაგდეს, რათა ბურთიან ფეხბურთელს, რაც შეიძლება მეტი ვარიანტი ჰქონდეს შეტევის გასაგრძელებლად და მოედნის მთელი სიგანის გამოსაყენებლად. ზონებად დაყოფილ მოედანზე მოთამაშეები ერთი სისტემის მიხედვით მოძრაობენ. ბურთის მდებარეობის მიხედვით, ნებისმიერმა მათგანმა იცის, თუ რომელ ზონაში უნდა იყოს.

შუაში შემოწეული  განაპირა მცველები - მთავარი ტაქტიკური სიახლე

ამ სეზონში გვარდიოლას მთავარი ტაქტიკური სიახლე შუაში შემოწეული განაპირა მცველი ან მცველებია. ჩვეულებრივ, შეტევის დროს სიტის ორი საბაზისო განლაგება აქვს.

როდესაც მოწინააღმდეგე მთელი გუნდით დაცვაშია და კონტრშეტევის საფრთხე ნაკლებია, განაპირა მცველები ფლანგის მთელ სიგრძეზე თამაშობენ.

  • ეს  გარემარბებს - სანესა და სტერლინგს, საშუალებას აძლევს, სიტუაციის მიხედვით, ან საჯარიმოში შევიდნენ და აგუეროს დაეხმარონ.
  • ან ფლანგზე დარჩნენ, მოწინააღმდეგის დაცვა გაწელონ და სივრცე შექმნან, სადაც უკვე სიღრმიდან წამოსული ნახევარმცველები უნდა შეიჭრნან.

ამ განლაგების მიხედვით გვარდიოლას მთელი გუნდი მოწინააღმდეგის ნახევარზეა. უკანა ხაზში მხოლოდ ფერნანდინიო და შუა მცველები რჩებიან. მეკარე ედერსონი წინ დგას და მცველების უკან სივრცეს აკონტროლებს, რათა სივრცეში, გრძელი ან გამჭოლი გადაცემის შემთხვევაში, ლიბეროსავით ითამაშოს.

სიტის თამაშის დიდი ნაწილი ბურთი უჭირავს და პასების თითქმის 90-პროცენტიანი სიზუსტე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბურთს, ფაქტობრივად, არ კარგავენ. სიტი ბურთს ათამაშებს, მოწინააღმდეგე კი იძულებულია უბურთოდ ითამაშოს და მთელი გუნდით დაცვაში იდგეს, იქამდე, სანამ შეცდომას არ დაუშვებს. 

მაშინ, როდესაც სიტი ბურთს კარგავს, დაკარგვის მომენტშივე მთელი გუნდით ართმევაზე გადადის. მოთამაშეები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზონების მიხედვით დგანან, ჰარმონიულად, ერთი სისტემის მიხედვით მოძრაობენ და თავისუფალი სივრცეები არ რჩებათ. მოწინააღმდეგე ბურთის მოპოვების მომენტში მთელი გუნდით დაცვაშია, პასის ადრესატები არ ჰყავს, გაშლას და კონტრშეტევით პოზიციაზე გადასვლას ვერ ასწრებს, სიტი მათ აპრესინგებს და ისინი ბურთს მალევე კარგავენ. შედეგად, სიტი ბურთს მომენტალურად იბრუნებს.

პეპთან ერთად სიტი უფრო მეტად ფლობს ბურთს, იშვიათად ცდება გადაცემებში და ხშირად ურტყამს კარში

გვარდიოლას მთავარი ტაქტიკური სიახლე მეორე ძირითადი სქემის დროს ვლინდება. როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს, რომ მოედნის ცენტრი მოთამაშეებით დატვირთოს, სიტი თავად დააპრესინგოს და მეტოქეს კარგად შეუძლია კონტრშეტევებზე თამაში, გვარდიოლას განაპირა მცველები შუაში შემოყავს.

შედეგად, სიტის ხუთი მოთამაშე ჰყავს, რომელიც  ყველაზე უფრო სახიფათო ზონას - სივრცეს კარსა და მოედნის ცენტრს შორის ამაგრებს და  დაცულია კონტრშეტევებისგან. ამ ტაქტიკამ, მაგალითად, გაამართლა ჩელსის წინააღმდეგ. გასულ წელს ანტონიო კონტეს გუნდმა სიტის ორივე თამაში მოუგო. 

ჩელსის სწრაფი შემტევები პედრო, აზარი და ვილიანი კარგად იყენებენ სივრცეებს და განაპირა და შუა მცველებს შორის დარჩენილ სივრცეებში შედიან. გვარდიოლამ ამ სეზონში ჩელსის მოგებულ შეხვედრაში სწორედ შუაში შემოწეული განაპირა მცველები დაუპირისპირა, რის შედეგადაც ჩელსის შემტევებს კონტრშეტევებისთვის საჭირო სივრცე აღარ დარჩათ.

შუაში შემოწეული განაპირა მცველები ამაგრებენ ნახევარდაცვის ზონას და საშუალებას აძლევენ კევინ დე ბრუინეს შეტევაში ჩაერთოს, ისე, რომ ნაკლებად იფიქროს დაცვით ამოცანებზე.

მოწინააღმდეგის პრესინგის დროს შუაში ხუთი მოთამაშე სიტის საშუალებას აძლევს ან მოკლე პასით, ბურთის გათამაშების გზით ამოვიდეს დაცვიდან, ანაც ედერსონი, განაპირა მცველების შემოწევის შედეგად გათავისუფლებულ ზონაში ფლანგზე აკეთებს გრძელ გადაცემას ცარიელ სივრცეში შემოსულ შუა ნახევარმცველზე.

სიტი შემტევი ფაზა

მოქნილი და კარგად ორგანიზებული ტაქტიკური სქემა სიტის შეტევით ფაზაში ბევრ სხვადასხვა ოპციას აძლევს.

1. თუ მოწინააღმდეგე სიტის აპრესინგებს, კარგი ტექნიკური არსენალისა და პასის კულტურის წყალობით სიტის შეუძლია პრესინგიდან ამოვიდეს და გამჭოლი, ვერტიკალური გადაცემით აგუერო, ჟეზუში ან რომელიმე გარემარბი დატოვოს დასარტყმელ პოზიციაში. ყველა ეს ფეხბურთელი ძალიან სწრაფია და შესანიშნავად იხსნება მცველების უკან დარჩენილ სივრცეში, სიტის შუა ნახევარმცველები კი მათ კარგად  ამარაგებენ გამჭოლი, ვერტიკალური გადაცემებით.

2. იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე კომპაქტურად განლაგდება და არ დატოვებს სივრცეს მცველებსა და მეკარეს შორის, მაშინ იგი  თავის საჯარიმოში აღმოჩნდება გამოკეტილი და მთელი თამაში დაცვაში მოუწევს ყოფნა. ბარსელონასგან განსხვავებით, ახალი კომპონენტი სიტის თამაშში შორიდან დარტყმები და ჩაწოდების შედეგად გატანილი გოლებია. ტრადიციულად, ეს ორი ელემენტი გვარდიოლას სისტემის შეტევით არსენალში  იშვიათად გვხვდებოდა. წელს კი სიტი მოწინააღმდეგის კარებს საფრთხეს უქმნის, როგორც შორიდან დარტყმების, ასევე ჩაწოდებების შედეგად.

3. თუ მოწინააღმდეგე დიდი ძალებით დაცვაშია, სიტი ცდილობს მაქსიმალურად ფართოდ ითამაშოს და მისი განაპირა შემტევი (სანე, ბერნარდო სილვა, სტერლინგი) მოწინააღმდეგის მცველთან ერთი-ერთზე დატოვოს, რათა მან ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით, უპირატესობა მოიპოვოს. სიტის განაპირა შემტევები კი ერთი-ერთზე დრიბლინგით მცველის წინააღმდეგ ძალიან სახიფათოები არიან.

4. აგუერო ბევრს მოძრაობს და ცდილობს მცველები გამოიყვანოს და სივრცე შექმნას. ამ სივრცეში კარგად შემოდიან განაპირა შემტევები (სანე, სტერლინგი, ბერნარდო სილვა), რომლებიც განაპირა  და შუა მცველებს შორის სივრცეში იჭრებიან.

შეტევის გაგრძელების მეორე ვარიანტი ვერტიკალურია. აგუერო სიღრმეში ამოდის და სივრცეს ქმნის, განაპირა შემტევები დაცვას სიგანეშიც შლიან, ღია ზონებში კი შუა ხაზიდან ცენტრალური ნახევარმცველები შემოდიან.

მოთამაშეების პროგრესი

სისტემური  და ტაქტიკური ცვლილებების გარდა, გვარდიოლა სიტიში მოთამაშეთა ინდივიდუალური კლასის ზრდასაც უწყობს ხელს. ფეხბურთელები მის ხელში სწრაფად პროგრესირებენ. იგი იმითაც არის ცნობილი, რომ ენდობა ახალგაზრდებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას.

გამონაკლისი არც ეს სეზონია -  ახალგაზრდები კევინ დე ბრუინე (7 გოლი, 14 ასისტი) და ლეროი სანე (7 გოლი, 10 ასისტი)  სწრაფად პროგრესირებენ და უკვე ამ სეზონში უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებენ. დე ბრუინე  გუნდის ლიდერი და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს რაჰიმ სტერლინგს (15 გოლი, 6 ასისტი), გუნდს კარგად მოერგო და ევროპულ ფეხბურთში ადაპტაცია უპრობლემოდ გაიარა გაბრიელ ჟეზუშმა (8 გოლი), ხანგრძლივი ტრამვის მერე თავისი თამაში იპოვა ილქაი გიუნდოგანმაც.

ამ ფეხბურთელების მაგალითი გვაჩვენებს, რომ გვარდიოლას საწვრთნელი და სათამაშო პროცესი მათი ტალანტის რეალიზაციას მაქსიმალურად ხელს უწყობს.

დასკვნა

სიტის შესანიშნავი თამაში კანონზომიერია. გვარდიოლას მოდელს მოთამაშეები კარგად ერგებიან და სიტი ლოგიკურად ერთი თავით წინ არის პრემიერლიგის სხვა გუნდებზე. სიტის უპირატესობას კონცეპტუალური (არ უნდა დაგვავიწყდეს კლუბის ფინანსური რესურსები და მისი საკმაოდ გამართული მენეჯმენტი) ხასიათი აქვს და, სავარაუდოა, რომ შემდეგ წლებშიც სიტი არ მოუკლებს თამაშის ხარისხს.

კომენტარები

ბოლო ამბები