Thumbnail

დინამო ბათუმი ახალი სეზონის წინ ნიგერიის ნაკრების ყოფილ ცენტრალურ მცველს, 29 წლის გოდფრი ობოაბონას იმატებს. ეს ინფორმაცია პოპსპორტს აჭარული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაუდასტურა. ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე უთამაშია და თავის დროზე ლონდონის არსენალში სინჯებზეც იმყოფებოდა, ბოლო დროს ტრავმებმა გატანჯეს და გასული ზაფხულიდან მოყოლებული, უკლუბოდ იყო.

გოდფრი ობოაბონამ კარიერა მშობლიურ კლუბ სანშაინ სტარსში დაიწყო, 2013 წელს კი თურქულ რიზესფორში აღმოჩნდა, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2017/18 წლების სეზონი ობოაბონამ საუდის არაბეთის კლუბ ალ აჰლიში გაატარა, ბოლოს კი ხორვატულ გორიცაში ითამაშა, რომელსაც შარშან ზაფხულში დაშორდა.

ობაობონა ურუგველი ლუის სუარესის წინააღმდეგ ფიფას 2013 წლის კონფედერაციათა თასზე

ცენტრალურ მცველს ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა, რომელთან ერთადაც ჯერ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შემდეგ კი ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც ითამაშა - ირანთან მატჩში, რომელშიც მძიმე ტრავმა მიიღო.

ობოაბონამ 2014 წლის  მუნდიალზე გამოსვლა ნაადრევად - ტრავმის გამო  დაასრულა

ობოაბონას ანგარიშზე ნიგერიის ნაკრებში ჯამში ჩატარებული 44 მატჩი და 1 გოლია, ამ გუნდთან ერთად მისი ყველაზე დიდი მიღწევა კი 2013 წლის აფრიკის ერთა თასზე გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირში გოდფრი ობოაბონა ნიგერიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო.

📺 გოდფრი ობოაბონა

საინტერესო ფაქტია, გოდფრი ობოაბონამ სულ ახლახან, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, Twitter-ში გვერდი განაახლა. ნიგერიელი პლატფორმაზე ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა, მაგრამ უცხო პირებისგან მის ექაუნთზე განხორციელებული მანიპულაციების გამო, ქსელი მაშინვე მიატოვა. 

"გამარჯობა მსოფლიო! დავრუნდი Twitter-ზე - ეს ერთ-ერთი ჩემი საახალწლო გადაწყვეტილებაა. ეს არის ჩემი ოფიციალური ექაუნთი", - დაწერა ქსელში ობოაბონამ.

ეს კი 2 იანვარს გამოქვეყნებული პოსტია, რომელშიც ნიგერიელი ფეხბურთელი წერს: "რამდენიმე კოშმარული ტრავმის შემდეგ ვბრუნდები. მათთვის, ვისაც მიაჩნდა, რომ კარიერა უნდა დამესრულებინა: მოიცადეთ და ნახეთ, სად წამიყვანს ღმერთი. კიდევ უფრო ჯანმრთელი ვბრუნდები."

 

კომენტარები

ბოლო ამბები