Thumbnail

ტიტულები საქართველოში და ჯგუფური ეტაპი ევროპაში - საბურთალომ ცეცაძე წარადგინა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საბურთალომ ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა
  • გია ცეცაძემ თბილისურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა
  • მიზანი: ტიტულები საქართველოში და წარმატება ევროარენაზე

საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე ოფიციალურად წარადგინეს. საქართველოს ახალგაზრული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თბილისურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს თავად ცეცაძემ და საბურთალოს პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლეს.

გია ცეცაძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

“სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯები საბურთალოში გადავდგი და შემიძლია ვთქვა, რომ სახლში დავბრუნდი. ამაზე დიდი კომფორტი რა უნდა იყოს? ჩემი მიზანია, რომ გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე ავიდეს და ქართული საკლუბო ფეხბურთი დავაბრუნოთ დიდ ევროპულ ასპარეზზე. უახლოესი 3 წლის განმავლობაში, საქართველოში უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ევროტურნირის ჯგუფში უნდა მოვხვდეთ.

პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დავტოვე, ეს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციაა. ასევე გადამწყვეტი იყო ბოლო 3 თამაშში მარცხი. გასაგებია, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც მეკისრებოდა. ვფიქრობ, ისეთი გუნდი დავტოვე, რომელსაც სხვა მწვრთნელის ხელში წარმატების კარგი შანსი ექნება და ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სრული მხარდაჭერა მქონდა და მადლობა მათ ამისთვის.

'ჩვენ ვერ ჩამოვიყვანთ მესის და რონალდოს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან'

ჩვენი მიზანი გუნდის გაძლიერებაა და ამისთვის ახალი ფეხბურთელები დაგვჭირდება. გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ქართველებთან, ისე ლეგიონერებთან. თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ მხოლოდ ისეთი ლეგიონერები უნდა მოვიყვანოთ, რომლებიც ევროარენაზე წარმატებით თამაშში დაგვეხმარებიან. ასეთი დონის ლეგიონერი საქართველოში მე ჯერ არ მინახავს. 

მინდა უმნიშვნელოვანეს თემას შევეხო: ჩვენ ვერ ჩამოვიყვანთ მესის და რონალდოს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან. მინდა ვთხოვო საბურთალოელებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაუჭირონ მათი უბნის გუნდს. რაც მეტი იქნება გულშემატკივარი, მით უფრო მაღალი იქნება თამაშის ხარისხი”. 

კომენტარები

ბოლო ამბები