Thumbnail

2019 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაში: Fortnite-ის შემოსავალი 1,8 მილიარდი დოლარია 

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Fortnite-მა მის ავტორებს 2019 წელს 1,8 მილიარდი დოლარი მოუტანა 
  • 2019 წლის ბოლოს, Fortnite-ის ახალი სეზონის ''საშვი'' 125 მილიონმა მოთამაშემ შეიძინა.
  • ყველაზე შემოსავლიანი თამაშების სიაში ასევე მოხვდნენ LoL, Dota 2, Destiny 2 და სხვა მულტიფლეიერები

თუ კომპიუტერულ თამაშებში ოდნავ მაინც ერკვევით, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ წლის ყველაზე გაყიდვადი თამაში Fortnite-ია. Nielsen-ის სტატისტიკის მიხედვით, Fortnite-მა მის ავტორებს 2019 წელს 1,8 მილიარდი დოლარი მოუტანა და თამაშების ისტორიაში რეკორდი დაამყარა, ერთი წლის განმავლობაში მოტანილი მოგების მხრივ. 2019 წლის ბოლოს, Fortnite-ის ახალი სეზონის ''საშვი'' 125 მილიონმა მოთამაშემ შეიძინა.

📋 მეტი ამ თემაზე

Fortnite-ის  პოპულარობა ცალკეული  შემთხვევა არ არის. 2019 წელს, კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია 2018 წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და მისმა საერთო შემოსავალმა 120 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მობილურ თამაშებს, კონსოლებს, AR და VR თამაშებს, ელ. სპორტის შემოსავლებსა და, რა თქმა უნდა, PC თამაშებს მოიცავს. სტატისტიკა ასეთია: მობილურ თამაშებზე მომხმარებლებმა 64,4 მილიარდი დოლარი დახარჯეს, PC თამაშებზე - 29,6 მილიარდი დოლარი, ხოლო კონსოლების მოთამაშეებმა  - მხოლოდ 15,4 მილიარდი.

ამას გარდა, 6,5 მილიარდი დოლარი სათამაშო ინდუსტრიას სთრიმერებმა და  სხვა ვიდეო კონტენტმა მოუტანა, 6,5 მილიარდი კი AR და VR თამაშებმა.

მონაცემების მიხედვით, წლის ყველაზე შემოსავლიანი თამაში Fortnite-ია, მან ისეთი ლეგენდარული ფრენჩაიზის თამაშებს გადაუსწრო, როგორებიცაა Avengers, Stranger Things  და Star Wars.

Fortnite-ის გარდა, ყველაზე შემოსავლიანი თამაშების სიაში მოხვდა League of Legends, რომლის შემოსავალმა 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე შემოსავლიანი ვიდეოთამაშების სიაში ასევე მოხვდნენ Call of Duty: Modern Warfare (+CoD Mobile), Borderlands 3,  Star Wars Jedi: Fallen Order, Apex Legends და სხვა.

ის, რომ ყველაზე გაყიდვადი თამაშები ძირითადად ონლაინ მულტიფლეიერებია, რომელთან ინსტალაციაც უფასოა და მიკროტრანზაქციების საშუალებით იღებს მოგებას, გეიმინგ ინდუსტრიის საშიშ ტენდენციაზე მიუთითებს. Steam-ის ყველაზე გაყიდვადი 10 თამაშიდან 4 უფასო, მიკროტრანზაქციებზე დაფუძნებული თამაშია (Warframe: Empyrean, Dota 2, Destiny 2, Counter-Strike: Global Offensive), ხოლო დარჩენილი 6-დან, 4 ონლაინ მულტიფლეიერი. როგორც ჩანს, 2020-იან წლებშიც 2010-იანების  ტენდენცია გაგრძელდება და მულტიფლეიერების პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

2019 წელს, რამდენიმე ქვეყნის  მთავრობამ მიკროტრანზაქციები თამაშებში აკრძალა. 2020 წელს, კიდევ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს კომპიუტერულ თამაშებში ტრანზაქციებზე და ე.წ ''loot box'' სისტემებზე რეგულაციების გამკაცრებას. იმის გათვალისწინებით, რომ, მსგავსი სისტემა, როგორც ჩანს, თამაშის გაყიდვის ყველაზე იოლი და მომგებიანი საშუალებაა, ალბათ, თამაშების დეველოპერები ყველანაირად ეცდებიან, რეგულაციებს ხელიდან დაუსხლტნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები