Thumbnail

მარიო გიოტცე დორტმუნდში არ დარჩება - სავარაუდოდ, არც ბუნდესლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა
  • გერმანელი ნახევარმცველს არც ბუნდესლიგის სხვა კლუბში გადასვლა სურს
  • ცნობილია, რომ გიოტცეს გადაბირებით ბერლინის ჰერტაა დაინტერესებული

დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველი მარიო გიოტცე სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, კლუბსაც დატოვებს და ბუნდესლიგასაც. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი მარიოსა და დორტმუნდს შორის უთანხმოებაა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელიც ზაფხულში იწურება.

27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი, ხელფასის 30%-ით დაკლების პერსპექტივის გამო თქვა. ამჟამად მარიო სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალი კონტრაქტით კი მისი ანაზღაურება 7 მილიონამდე შემცირდებოდა.

გერმანიის ნაკრებმა მარიო გიოტცეს გოლით 2014 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინას მოუგო

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულითა და ფინალის გმირით ბერლინის ჰერტაა დაინტერესებული, თუმცა ახლა იუწყებიან, რომ გერმანელ ნახევარმცველს დიდად კარიერის არც ბუნდესლიგის სხვა რომელიმე კლუბში გაგრძელება სურს.

მარიო გიოტცე დორტმუნდში 2016 წელს, მიუნხენის ბაიერნიდან დაბრუნდა, მანამდე კი ამ კლუბის ღირსებას 2008-13 წლებში იცავდა. საერთო ჯამში, გიოტცემ დორტმუნდის მაისურა 214 მატჩში მოირგო, გაიტანა 45 გოლი და მიითვალა 61 საგოლე პასი.

მარიო გიოტცეს მიმდინარე სეზონში დორტმუნდის ბორუსიის ძირითადში დამკვიდრება უჭირს. შემტევმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 11 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში სულ 5-ჯერ მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები