Thumbnail
  • ნაპოლი 1:3 ინტერი
  • გოლები: 0:1 ლუკაკუ (14), 0:2 ლუკაკუ (33), 1:2 მილიკი (39), 1:3 მარტინესი (62)
  • მილანელებმა სან პაოლოზე 1997 წლის შემდეგ პირველად მოიგეს

მილანის ინტერმა რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ში ლიდერობა დაიბრუნა.

ანტონიო კონტეს შეგირდებმა წარმატებას ნეაპოლში მიაღწიეს, სადაც ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ ნაპოლის 3:1 სძლიეს და 18 ტურის თავზე 45 ქულა მოაგროვეს.

ასეთივე მონაგარი აქვს იუვენტუსსაც, რომელმაც გუშინ ბოლონიას 4:0 სძლია, თუმცა, ტურინელები მილანელებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან.

ნაპოლისთან მატჩის გმირი ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში 2-ჯერ გაიტანა, თუმცა, მე-2 შემთხვევაში, მას მასპინძელთა მეკარის ალექს მერეს უხეში შეცდომაც დაეხმარა.

შესვენებამდე ჩამორჩენის შემცირება ნეაპოლელთა პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა მოახერხა, საათის თავზე კი, ინტერის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლაუტარო მარტინესმა უკვე ბერძენი კონსტანტინის მანოლასის დაუდევრობით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

📺 ნაპოლი 1:3 ინტერი (მიმოხილვა)

შედეგად, ინტერმა ნეაპოლურ სან პაოლოზე 1997 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა. მილანური კლუბის წარუმატებელი სერია 13 მატჩს (9 წაგება და 4 ფრე) ითვლიდა.

"როდესაც შენს სათადარიგოთა სკამზე ისეთი პიროვნება ზის, როგორიც ანტონიო კონტეა, დიდ წარმატებებზე ფიქრი შეიძლება. ინტერის დარი ახალგაზრდული გუნდისთვის მისი გამოცდილების მქონე კაცი ნამდვილი მისწრებაა.

ლაუტაროსთან ურთიერთობა? კარგი მეგობრები ვართ და როგორც მინდორზე, ისევე მის გარეთ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ჩვენი შეთამაშების დონით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა, მჯერა, რომ უკეთ თამაშიც შეგვიძლია", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ლუკაკუმ.

აშკარად დამწუხერბული იყო ნეაპოლელთა დამრიგებელი ჯენარო გატუზო.

"რაც ნაპოლი ჩავიბარე, ეს, გუნდის საუკეთესო თამაში იყო, თუმცა, ქულის აღებაც კი ვერ მოვახერხეთ. რა იყოს ამის მიზეზი? ის უაზრო შეცდომები, რომლებიც დღეს დავუშვით. ინტერს 2 გოლი უბრალოდ ვაჩუქეთ, რამაც ჩვენს თავდაჯერებულობაზე იმოქმედა. ასეთი ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას".

სერია A-ს მე-19 ტურში, 11 იანვარს, ინტერი ატალანტას დაუხვდება, ამავე დღეს, ლაციო ნაპოლის მიიღებს, 12-ში კი, ცენტრალური მატჩი ჩატარდება რომასა და იუვენტუსს შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები