Thumbnail

‘უძლიერესი ფორჰენდი ჰქონია’ – იაპონელმა ჩოგბურთელმა მეტრეველი შეაქო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იაპონელი ჩოგბურთელი გო სოედა ATP Cup-ზე ალექსანდრე მეტრეველთან თამაშს გამოეხმაურა და 26 წლის ქართველი ჩოგბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა დღეს პერთში გაიმართა და აზიელმა 4:6, 6:3, 6:2 მოიგო.

საინტერესოა, რომ თამაშის სტარტზე ალექსანდრე 0:3 ჩამორჩა და გაჩნდა საფრთხე, რომ “მშრალზე” მორიგი სეტი წაეგო (მეტრეველმა ესპანელ რობერტი ბაუტისტა აგუტთან მატჩში გეიმის აღება ვერ მოახერხა).

საბედნიეროდ, ჩვენებურმა მობილიზება მოახერხა და ახლადდაარსებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი სეტის მოგება შესძლო.

იაპონელი ამის შემდეგ უფრო მძლავრად ამოქმედდა და რეიტინგში მასზე გაცილებით მდგარი მეტოქისთვის (122-ე 679-ეს წინააღმდეგ) შანსი აღარ მიუცია, თამაშის შემდეგ კი, ასეთი კომენტარი გააკეთა.

“მეტრეველი კარგად თამაშობდა, მე კი ოდნავ შებოჭილი ვიყავი, რადგანაც აუცილებლად უნდა მომეგო და ეს, ტვირთად მაწვა. მე-2 სეტიდან მოყოლებული, კორტზე უფრო მობილიზებული გავედი და ვეცადე, თითოეული  ქულისთვის ბოლომდე მებრძოლა.

მართალი გითხრათ, რა დონის ჩოგბურთელს ვეთამაშებოდი, არ ვიცოდი. რაიმე ინფორმაცია რომ მიმეღო, იუთუბზე მის ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩს ვუყურე.

მეტრეველის წინააღმდეგ მართლაც მაგრად გამიჭირდა. მას ძალიან ძლიერი ფორჰენდი ჰქონია... მომდევნო შეხვედრა ბაუტისტა აგუტთან მელის და იქ უფრო თავისუფლად ვითამაშებ”.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იოშიჰიტო ნიშიოკას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია 

შეგახსენებთ, რომ ქართულ-იაპონური შერკინების მე-2 შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ნიკოლოზ ბასილაშვილი და იოშიჰიტო ნიშიოკა დადგნენ. ამ მატჩში მცირე ფავორიტად ნიკა მოიაზრებოდა, თუმცა, ბრძოლა არ შედგა და იაპონელმა 6:2, 6:3 მოიგო. აქვე მისი კომენტარიც:

“შევეცადე ისე მეთამაშა, რომ ბასილაშვილისთვის რაც შეიძლება მეტი პრობლემა შემექმნა. ვიცი, რომ უძლიერესი შეტევები აქვს. შეიძლება, გათამაშება 1 დარტყმით დაასრულოს, თუმცა, შეცდომებსაც ხშირად უშვებს. ამიტომაც, ბევრს ვმოძრაობდი და ვცდილობდი, მაქსიმალურად უხერხული ბურთები დამებრუნებინა”.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ის B ჯგუფს ორ-ორი მოგებით ესპანეთი და იაპონია ლიდერობენ. 8 იანვარს ისინი უძლიერესის ვინაობას გაარკვევენ, საქართველო კი მისსავით აუტსაიდერ ურუგვაის გაეჯიბრება და ეცდება, ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ATP Cup-ში მსოფლიოს 24 საუკეთესო ნაკრებია ჩართული, რომლებიც ექვს ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მეოთხედფინალში, რომელიც სტარტს 9 იანვარს აიღებს, ჯგუფების გამარჯვებულები (ავსტრალია უკვე გასულია) და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები