Thumbnail
  • საფეხბურთო სამყაროში 90-იან წლებს განსაკუთრებული ადგილი აქვს
  • ამ წლებში ბევრმა ვარსკვლავმა დაიწყო კარიერა და ზოგიერთი დღემდე თამაშობს
  • წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელს, რომლებისთვისაც 2020 წელს კარიერაში მე-4 დეკადა დაიწყო

ფეხბურთის გულშემატკივარს ხშირად უყვარს 90-იანი წლების გახსენება. ამ პერიოდში ბევრმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა დაიწყო კარიერა. ზოგიერთმა მათგანმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა, ზოგიერთი კი კიდევ აგრძელებს ფეხბურთის თამაშს. გთავაზობთ 10 მოთამაშეს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია (90, 00, 10, 20) ფეხბურთს თამაშობენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატანი სერია A-ს 38 წლის ასაკში დაუბრუნდა. იგი კვლავ მილანის ღირსებას დაიცავს და ეცდება, იტალიურ კლუბს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს. იბრაჰიმოვიჩმა კარიერა 1999 წელს მშობლიურ მალმიოში დაიწყო. ამის შემდეგ შვედმა რამდენიმე გრანდში ითამაშა და შიდა ჩემპიონატებიც მოიგო, თუმცა ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერცერთ მათგანში ვერ მოახერხა. იბრას 21-წლიანი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ფეხბურთის გულშემატკივრებს არაერთი ლამაზი მომენტი გვაჩუქა.

ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს, პარმას შემადგენლობაში დაიწყო. 41 წლის ახლა ისევ იუვენტუსშია. ზლატანის მსგავსად, ბუფონსაც არ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და მისი მთავარი მიზანიც ამ ტიტულის მოგებაა. სამაგიეროდ, ჯიჯის მოგებული აქვს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს ბევრი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს.

იკერ კასილიასი

საუკეთესო მეკარეებზე საუბრისას არასდროს არ უნდა გამოგრჩეს იკერ კასილიასი. ესპანელს მადრიდის რეალის პირველ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა. იკერმა “სამეფო გუნდის” ღირსება 2015 წლამდე დაიცვა და პორტუს მიაშურა. გასული წლის მაისში მას გულის შეტევა ჰქონდა და ვარაუდობდნენ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, იგი მოედანზე გასვლას კიდევ შეძლებს. 

კლაუდიო პისარო

კლაუდიომ საფეხბურთო კარიერა სამშბლოში, პერუში, 1996 წელს დაიწყო. ევროპაში მისი პირველი გუნდი ბრემენის ვერდერი იყო, რომლის ღირსებასაც ახლაც იცავს. 41 წლის ფეხბურთელს გამორჩეული პერიოდი მიუნხენის ბაიერნის თამაშისას ჰქონდა. იგი ბუნდესლიგის განსაკუთრებული ლეგიონერია. კლაუდიომ სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა, თუმცა საკლუბო დონეზე თამაშს კვლავაც განაგრძობს.

როკე სანტა კრუსი

სანტა კრუსმა კარიერა 1997 წელს, სამშობლოში, პარაგვაიში ოლიმპიაში დაიწყო. ევროპაში მისი პირველი კლუბი მიუნხენის ბაიერნი იყო. შემდეგ მან სხვადასხვა ევროპულ კლუბებში ითამაშა. 2016 წელს როკე სამშობოლში დაბრუნდა და ბავშვობის კლუბ ოლიმპიაში დღემდე თამაშობს. როკე 38 წლისაა.

გარეთ ბერი

ბერიმ საფეხბურთო კარიერა 1998 წელს, ასტონ ვილასში დაიწყო და ამ კლუბის ღირსებას 2009 წლის ჩათვლით იცავდა. ინგლისელი ამჟამად ვესტ ბრომიჩ ალბიონშია. 38 წლის ნახევარმცველს ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

არტურ ბორუცი

არტურ ბორუცმა საფეხბურთო კარიერა პოლონურ პოგონში, 1998 წელს დაიწყო. 39 წლის მეკარე ამ დროისთვის პრემიერლიგაში თამაშობს და ბორნმუთის ღირსებას იცავს. მან გასულ სეზონში პრემიერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი გუნდი პრემიერლიგაში წელს ცუდად გამოიყურება და ინგლისის უმაღელს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

შუნსუკე ნაკამურა

ნაკამურამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1997 წელს, იაპონურ იოკოჰამა მარინოსში დაიწყო. იაპონელმა კარიერის საუკეთესო მონაკვეთი სელტიკში გაატარა და იგი შოტლანდიური კლუბის ერთ-ერთ ლეგენდადაა მიჩნეული. 2019 წელს ნაკამურა იაკოჰამაში გადავიდა და დღემდე ამ კლუბში თამაშობს. ახლა იგი 41 წლისაა.

მაქსი როდრიგესი

მაქსი როდრიგესმა კარიერა 1999 წელს, ნიუელს ოლდ ბოისში დაიწყო. ევროპაში 2002 წელს ჩამოვიდა და ესპანიოლის რიგებში ჩაირიცხა. შემდეგ იყო მადრიდის ატლეტიკო და ლივერპული. არგენტინელი 2012 წელს სამშბლოში დაბრუნდა. დღეს იგი 39 წლისაა და ისევ ნიუელს ოლდ ბოისის ღირსება იცავს. მაქსის არგენტინის სუპერლიგის 2019/20 წლების სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

არიც ადურისი

არიც ადურისს 21-წლიანი საფეხბურთო კარიერა აქვს. მისი დებიუტი 1999 წელს, ესპანურ აურერა დე ვიტორიაში შედგა. 2019/2020 წლების სეზონის დასაწყისში 38 წლის ადურისმა ბარსელონას “მაკრატელა” გაუტანა და ბილბაოს ატლეტიკს გამარჯვება მოუტანა. ესპანელი ბილბაოს ლეგენდად არის მიჩნეული.

კომენტარები

ბოლო ამბები