Thumbnail
  • თბილისური გუნდი 2020 წელს დიდი ცვლილებებით ხვდება
  • ახალი მწვრთნელი და განახლებული შემადგენლობა

საბურთალო 2020 წლის სეზონს ცვლილებებით ხვდება. თბილისურ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომლის პრეზენტაცია 8 იანვარს შედგება. ცნობილია, რომ საბურთალოს გია ცეცაძე გაწვრთნის, რომელიც ბოლოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში. 

ცეცაძემ ახალგაზრდული ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც უეფასგან 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სასჯელი სლოვაკეთის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა.

წაიკითხე | U21 საქართველო - ჩხუბი, გინება და ფურთხება სლოვაკეთში

სლოვაკები ქართველებს 3:2-ს უგებდნენ, მეტოქე გუნდის მწვრთნელმა, იოზეფ სტებერმა კი გიორგი კუციას აუტის მოწოდების საშუალება არ მისცა და მას ხელი ჰკრა. ამ ეპიზოდს არეულობა მოჰყვა და საქმეში გია ცეცაძე ჩაერია. გადამეტებული ემოციებისთვის ცეცაძემ წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი დისკვალიფიკაცია გამოიწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ცეცაძემ თავად გადაწყვიტა რომ კარიერა სხვაგან გააგრძელოს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს სხვაგან, თბილისის საბურთალოა, რომელიც 2019 წლის სეზონის ბოლოს გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა.

გია ცეცაძე საბურთალოს გაწვრთნის

საბურთალო რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ სანდოხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ინტერს გი და ოგნიენ როლოვიჩი. კლუბმა მადლობა გადაუხადა ჩამოთვლილ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის.

თბილისურმა კლუბმა მომავალი სეზონისთვის შეკრებებიც დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვარს გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება. პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი. შემდეგ, გუნდი თბილისში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას. დასკვნით მოსამზადებელ ციკლს საბურთალო 1-14 თებერვალს ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები