Thumbnail

რობენი ნერვებს მიშლიდა, კლოპის გამო თავს გაწირავ! - ლევანდოვსკი რამოსს აღიარებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რობერტ ლევანდოვსკიმ Prawda Futbolu-სთან გულახდილად ისაუბრა
  • პოლონელმა აღიარა, რომ არიენ რობენთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა
  • მან ასევე ახსნა, რატომ მიაჩნია კლოპი საუკეთესო მწვრთნელად და რამოსი საუკეთესო მცველად

ცნობილია, რომ მიუნხენის ბაიერნში რობერტ ლევანდოვსკის და არიენ რობენს არცისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამის შესახებ გერმანულ პრესაში ხშირად იწერებოდა, თუმცა პოლონელ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს ამ თემაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრიათ. ახლა კი, ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ რობენთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

“დიახ, რობენი ნერვებს მიშლიდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩემი პროგრესი და გოლები მისი დამსახურებაცაა. რობენის მონდომება და შემართება ვარჯიშებზეც კი სამაგალითო იყო. მისგან ყველამ რაღაც ვისწავლეთ, - განაცხადა ლევანდოვსკიმ Prawda Futbolu-სთან ინტერვიუში, - შემთხვევითი სულაც არ იყო ის, რომ რობენს ბევრი გოლი გაჰქონდა, როცა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ იწევდა და მერე ზუსტად ურტყამდა. ეს მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ყველამ იცოდა, რას აპირებდა, მაგრამ ვერავინ აჩერებდა ხოლმე. დიახ, ჩვენ არ გვქონდა საუკეთესო ურთიერთობა, მაგრამ არიენ რობენი დიდებული ფეხბურთელი იყო და ბაიერნის ლეგენდაა.”

კლოპი მამასავით მექცეოდა

31 წლის პოლონელმა გოლეადორმა ხსენებულ ინტერვიუში იურგენ კლოპზეც ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობითაც იგი დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობდა. ლევანდოვსკიმ დღეს უკვე ლივერპულის მთავარი მწვრთნელი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: “როცა დორტმუნდში გადავედი, ახალგაზრდა ვიყავი და არავინ მიცნობდა. თავიდან ბორუსიაში რთული პერიოდი მქონდა. იურგენი მამაჩემი არ იყო, მაგრამ მამასავით მექცეოდა. თამამად ვიტყვი, რომ ჩემი, როგორც ფეხბურთელის პროგრესში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. კლოპი იყო მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც გოლების გატანა დავიწყე და ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი.”

'იგი არის მწვრთნელი, რომლის გამოც ფეხბურთელები ცეცხლში შევლენ და თავს გაწირავენ!'

წლების შემდეგაც კი ლევანდოვსკი კლოპის ფანია: “იურგენს აქვს ქარიზმა და იცის, როგორ უნდა შექმნას გუნდში იდეალური გარემო. კლოპი ყოველთვის პოულობს სწორ ბალანსს ხუმრობასა და სერიოზულ კრიტიკას შორის. იგი არის მწვრთნელი, რომლის გამოც ფეხბურთელები ცეცხლში შევლენ და თავს გაწირავენ.” - შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ კლოპის ხელმძღვანელობით 186 მატჩში 102 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კითხვაზე, ვინ მიაჩნია მსოფლიოში საუკეთესო მცველად, ლევანდოვსკიმ ასე უპასუხა: “სერხიო რამოსი! ზოგად დაცვით შესაძლებლობებსა და ერთი-ერთზე საუკეთესო თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, რამოსს უდიდესი გავლენა აქვს მთელ გუნდზე. იგი მოედანზე ნამდვილი ლიდერია! შთამბეჭდავია მისი ყოველი მოძრაობა და თითოეული მითითება. ის ფეხბურთით ცხოვრობს. როგორც მოთამაშე და პიროვნება, რამოსი ელიტაშია. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ყოველთვის გამოწვევაა და ძალიან მსიამოვნებს.”

ლევანდოვსკის სერხიო რამოსთან უკვე 8 დუელი ჰქონდა - სამჯერ მისმა გუნდმა მოიგო, 3-ჯერ რეალმა. ამ მატჩებში პოლონელმა მადრიდულ გრანდს ჯამში 6 გოლი გაუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები