Thumbnail

18 წლის ჯონსის ულამაზესი გოლი - კლოპის ბავშვების გაკვეთილი ანჩელოტის გუნდს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მერსისაიდული დერბის ბედი ასოციაციის თასზე 18 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა
  • ლივერპულმა ევერტონი კერტის ჯონსის გოლით, 1:0 დაამარცხა
  • იურგენ კლოპი ‘ბავშვების’ გაკვეთილი კარლო ანჩელოტის გუნდს

ასოციაციის თასის 1/32 ფინალში მერსისაიდული დერბი ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა - იურგენ კლოპის ‘ბავშვებმა’ კარლო ანჩელოტის გუნდი 1:0 დაამარცხეს.

ევერტონმა ენფილდზე ბოლოს რომ მოიგო (1999), ჯონსი დაბადებულიც კი არ იყო...

იტალიელმა მწვრთნელმა ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობა ათამაშა, კლოპმა კი უდიდეს როტაციას მიმართა, შეფილდთან მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში 9 ფეხბურთელი შეცვალა და ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი. შეფილდთან თამაშიდან ძირითადში მხოლოდ გომესი და მილნერი შემორჩნენ, ასევე სასტარტოში იყო ახალწვეული ტაკუმი მინამინო. აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-9 წუთზე 34 წლის მილნერი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად კლოპმა მოედანზე 19 წლის იასერ ლარუცი შეუშვა.

მატჩის ბედი 71-ე წუთზე, 18 წლის ჯონსმა გადაწყვიტა, რომელსაც ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა. მან საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ევერტონის კარის ცხრიანში ჩაახვია. ჯონსი ჩვეულებრივ ლივერპულის 23-წლამდელთა გუნდში თამაშობს ხოლმე.

"ჩემმა ბიჭებმა დღეს ძალიან თამამად ითამაშეს. ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც დაუჯერებლად კარგები იყვნენ. ლალანა განუმეორებელი იყო, ჯო გომესმა კი შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად უხელმძღვანელა დაცვას. მაგარი თამაში და სკაუზერის შესანიშნავი გოლი - ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ერთადერთი, რაც არ მინდოდა, ფრე იყო. გარისკვა მოგვიხდა და რისკმა გაამართლა,"- განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა.

📺 ვიდეო: ლივერპული 1:0 ევერტონი

კომენტარები

ბოლო ამბები