Thumbnail
  • ხეტაფე 0:3 რეალი
  • მადრიდელებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ლა ლიგის მე-19 ტურში ხეტაფესთან დამაჯერებელ გამარჯვებას გამოეხმაურა და განსაკუთრებით აღნიშნა ტიბო კურტუას როლი, რომელმაც “სამეფო კლუბი” არაერთ ეპიზოდში იხსნა.

“პირველ ტაიმში მეტოქე მაგრად გვიტევდა და კიდევ კარგი, ტიბომ რამდენჯერმე გადაგვარჩინა. გუნდურად კარგად ვითამაშეთ და მიხარია, რომ ამ რთულ გარემოში მოგება მოვახერხეთ.

კურტუამ გადამწვეტი როლი ითამაშა. რომ არა მისი 3 სეივი, შესვენებაზე სულ სხვა ანგარიშზე გავიდოდით. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რასაც არა მხოლოდ ამ სეზონში ამტკიცებს.

კარგად გამოიყურებოდა ლუკაც. მოდრიჩი ყოველთვის მოდრიჩია და ის თავის სიტყვას მუდმივად ამბობს. მისმა გოლმა ძალიან გამახარა, უფრო მეტად კი, ის გარბენი მომეწონა, რომელიც მან თამაშის მიწურულს მოაწყო”.

კურტუამ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ყველა ტურნირზე ერთად აღებული ბოლო 12 მატჩიდან გოლისგაუშვებლად უკვე მე-9 დაასრულა.

საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 21 მატჩიდან ბელგიელ მეკარეს კარი “მშრალად” უკვე 11-ში აქვს შენახული. გავიხსენოთ ისიც, რომ გასული სეზონის 35 შეხვედრაში ტიბომ მხოლოდ 10 გოლი გაუშვა.

📺 ტიბო კურტუას სეივები ხეტაფესთან

აღსანიშნავია, რომ რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ 3 ფრის შემდეგ იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა გასულ ტურებში ქულები ვალენსიას, ბარსელონას და ბილბაოს გაუყო და ჯამში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი, ამჯერად კი, ერთბაშად სამჯერ იხეირა.

თავდაპირველად, ბურთი თავის კარში ხეტაფელთა გოლკიპერმა დავიდ სორიამ შეაგდო, შემდეგ ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა იყოჩაღა, თამაშის მიწურულს კი ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა გაიტანა.

მადრიდელებს, რომლებიც 40 ქულით ლა ლიგის ლიდერებად იქცნენ, ჩემპიონატში უკვე 10 მატჩია არ წაუგიათ.

ბოლოს, რეალს ასეთი წარმატებული სერია 2017 წლის აპრილიდან სექტემბრამდე ჰქონდა. იმ სეზონში “სამეფო კლუბმა” ლა ლიგა ბოლო 7 სეზონის განმავლობაში ერთადერთხელ, სულ კი 33-ედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები