Thumbnail

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ის სასტარტო შეხვედრაში ესპანეთს 0:2 ჩამორჩა და წყვილებში პრესტიჟის მატჩის ან სეტის მოგებისთვისღა თუ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა რობერტო ბაუტისტა აგუტთან 0:6, 0:6 წააგო, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში კი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან 3:6, 5:7 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანთან ჩვეულ შემტევ სტილში თამაშობდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი გათამაშებაც შემოგვთავაზა.

საინტერესოა, მატჩი სწორედ ნიკას ბრეიკით დაიწყო, თუმცა, სასტარტო სეტში ესპანელმა 2 უკუ-ბრეიკი მიითვალა და ერთი შეხედვით, თანაბრად მიმდინარე თამაშში უპირატესობა მოიპოვა.

მე-2 სეტი გაცილებით დრამატული გამოდგა. ესპანელი ვარსკვლავი 5:2 დაწინაურდა, ბასილაშვილმა ერთი შეხედვით შეუძლებელი მოახერხა, 2 უკუ-ბრეიკი განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, რაფამ მობილიზება შესძლო და სეტი, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, 7:5 მოიგო.

📺 ვიდეო: ბასილაშვილი 3:6, 5:7 ნადალი (მიმოხილვა)

საერთო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციის შემდეგ, ნიკოლოზი პირველ მატჩს ატარებდა, ის კარგად გამოიყურებოდა.

"ნიკოლოზი დიდებული მოთამაშეა და ეს, დღესაც გამოჩნდა. მატჩის ბოლოს მან საგრძნობლად მოუმატა, მე შეცდომებს მოვუხშირე და ანგარიში გათანაბრდა. რთული სტარტი მქონდა და ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე', - განაცხადა მატჩისშემდგომ ინტერვიუში რაფაელმა.

მცირე ხანში, პერთის კორტზე წყვილთა შეხვედრაა დაგეგმილი და თუკი არაფერი შეიცვალა, ალექსანდრე ბაკში და გიორგი ცივაძე ნადალსა და პაბლო კარენო ბუსტას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ის B ჯგუფის მე-2 მატჩში იაპონიამ ურუგვაის 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრებს 6 იანვარს იაპონიასთან მატჩი ელის, 8-ში კი - ურუგვაისთან დაპირისპირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები