Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ 2019 წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელებულმა ბექა გორგაძემ ფრანგული ბორდოს ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მესამეხაზელი გასულ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა რიგებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. 

მან იაპონიაში ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 შემთხვევაში სასტარტო თხუთმეტეულში იყო. კლუბში დაბრუნების შემდეგ, ბექამ ტოპ 14-სა და ჩელენჯ ქაფზე 3-3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ევროტურნირზე ლელოც დადო.

შენთვის სადებიუტო მსოფლიო თასმა რა მოგონებები დაგიტოვა?

ეს ჩემი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ მისი ასრულება მოვახერხე. ამისთვის ჯერ კიდევ 2015 წელს ვემზადებოდი, თუმცა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და საბოლოო განაცხადში ვერ მოვხვდი. მას შემდეგ, მხოლოდ აღნიშნულზე ვფიქრობდი და მიზნის მისაღწევად არაფერი დამიკლია. ცხადია, მსოფლიო თასზე დიდი გამოცდილება მივიღე. იაპონიაში ნაკრების ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა და ეს, უდიდესი გამოწვევა იყო. იმედი მაქვს, გასული პერიპეტიები ბორდოში წარმატებულ თამაშშიც ხელს შემიწყობს.

ბექა გორგაძე უელსთან მატჩში

მსოფლიო თასზე თამაშმა პროგრესში ხელი თუ შეგიწყო?

რასაკვირველია. ფიზიკურადაც მოვუმატე და მენტალურადაც. ასეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაში ხშირად ნამდვილად არ გვიწევს, ამდენად, შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. იმედი მაქვს, 2023 წელს კიდევ უფრო უკეთ ვიქნები მომზადებული.

ძირითადად 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობ, თუმცა, ხშირად მე-3 ხაზში ფლანგზეც მდგარხარ. ამას როგორ შეეგუე?

რთული არ ყოფილა, რადგანაც მწვრთნელებმა ყველაფერი კარგად ამიხსნეს. 8 ნომრის პოზიცია ჩემთვის მშობლიურია და ვთვლი, რომ ყველაზე უკეთ სწორედ იქ ვირჯები. ისე კი, იქ დავდგები, სადაც გუნდს სჭირდება. მე-2 ხაზში თამაშის პრობლემაც არ მაქვს.

ბორდომ 2019 წელი TOP 14-ში პირველ ადგილზე დაასრულა. ამას თუ ელოდით?

აღნიშნულმა გუნდში ყველა ძალიან გაახარა, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც დაგვაკისრა. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ლიდერის პოზიციის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები