Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 123:113 ნიუ ორლეანს პელიკანსი
  • ენტონი დევისმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა
  • ზაიონ უილიამსონი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ეს ენტონი დევისის დღე იყო! ლეიკერსმა მისი ყოფილი გუნდი, ნიუ ორლეანს პელიკანსი 123:113 დაამარცხა და Big Man-მა 46 ქულით და 13 მოხსნით ამ სეზონში მე-16 ორმაგი დუბლი გააკეთა. 3 მეოთხედის შემდეგ მის აქტივში უკვე 40 ქულა და 11 მოხსნა იყო, რაც დევისმა ამ სეზონში უკვე მეორედ გააკეთა - სხვებს კი ერთხელაც არ გაუკეთებიათ!

ორმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმაც - ოღონდ, 17 ქულით და 15 პასით. მხოლოდ პირველ მეოთხედში მან 8 ასისტი შეასრულა, რაც კობი ბრაიანტის რეკორდის გამეორებაა, რომელმაც ეს 2015 წელს მოახერხა. გუნდში ყველაზე პროდუქტიულებს შორის მეორე დენი გრინი გახლდათ - 25 ქულით. ნიუ ორლეანსიდან საუკეთესოები ექს-ლეიკერსელები, ლონზო ბოლი (23 ქულა) და ბრენდონ ინგრემი (22 ქულა) იყვნენ.

ლეიკერსმა თამაში უაღრესად შთამბეჭდავად დაიწყო და პირველ მეოთხედში (გრინის 5 სამქულიანი) 18 ქულითაც კი იგებდა. პელიკანსმა თამაშში დაბრუნება მესამე პერიოდის დასაწყისში შეძლო, როცა სხვაობა ისევ ერთნიშნა გახდა, მაგრამ იმავე მეოთხედში ლეიკერსს 26:9 გაქცევა ჰქონდა, რომლის დროსაც დევისმა 17 ქულა ჩააგდო და მატჩის ბედიც გადაწყდა. მართალია, საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე, ნიუ ორლეანსმა სხვაობის 8 ქულამდე შემცირება მოახერხა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ლეიკერსისთვის ეს ზედიზედ მეოთხე, ჯამში კი 28-ე გამარჯვებაა. ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის გუნდი დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს. ნიუ ორლეანსმა კი 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და კონფერენციაში მხოლოდ გოლდენ სტეიტს უსწრებს. თუმცა პელიკანსისთვის კარგი ამბავიც გვაქვს: დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ უილიამსონი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ყველა მისი თამაშის მოლოდინშია.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 123:113 ნიუ ორლეანსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები