Thumbnail

დარჩა სამედიცინო შემოწმება - ტურინის იუვენტუსის პირველი ტრანსფერი 2020 წელს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინული კლუბი 19 წლის შვედ ნახევარმცველს, დეიან კულუშევსკის იმატებს
  • იტალიის ჩემპიონები ატალანტას ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდიან 

სულ მალე ტურინის იუვენტუსი 2020 წლის პირველ ტრანსფერს გამოაცხადებს. იტალიაში წერენ, რომ ბერგამოს ატალანტას ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ ტურინულ კლუბში სამედიცინო შემოწმება 2 იანვარს უნდა გაიაროს.

ტრანსფერი გადაწყვეტილია და 19 წლის შვედი ფეხბურთელის კონტრაქტი იუვენტუსთან 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტურინელები ბერგამოს კლუბს ტრანსფერის ფასზეც შეუთანხმდნენ - 35 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები. თავად კულუშევსკის ხელფასი, ბონუსების გარდა, 2,5 მილიონი ევრო იქნება. 

კულუშევსკი მიმდინარე სეზონში იჯარის წესით პარმაში გამოდიოდა. სერია A-ში ჩატარებულ 17 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და მიითვალა 7 საგოლე პასი. ნახევარმცველს 2019 წელს დებიუტი შვედეთის ნაკრებშიც ჰქონდა - ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ფარერებთან.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, დეიანი სეზონის ბოლომდე გამოსვლას იჯარით ისევ პარმაში გააგრძელებს.

სერია A-ში გასული 17 ტურის შემდეგ, ტურინის იუვენტუსს 42 ქულა აქვს და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება სატურნირო ცხრილის ლიდერ ინტერს. მაურიციო სარის გუნდი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ კალიარისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები