Thumbnail

'უხეში ვიყავი, ოღონდ იდიოტთან' - მოურინიოს ჯაშუშობამ და ჩხუბმა არ უშველა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საუთჰემპტონი 1:0 ტოტენჰემი
  • მოურინიოს საუთჰემპტონის მწვრთნელებთან კონფლიქტი მოუვიდა
  • პორტუგალიელმა  მეტოქის ბლოკნოტში ჩაიხედა და ყვითელი მიიღო

ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგას ინტრიგას არ უნელებს. თუკი ტოტენჰემს ქულების მხრივ საქმე კარგად ისევ არ აქვს, მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამჯერად "განსაკუთრებულს" კონფლიქტი საუთჰემპტონის სამწვრთნელო შტაბთან მოუვიდა და როგორც წესი, მომხდარზე მწვავე კომენტარიც გააკეთა.

დენი ინგსმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი მიითვალა

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში, "დეზები" სტუმრად საუთჰემპტონთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მე-17 წუთზე ბრწყინვალე გოლით დენი ინგსი გამოირჩა, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ტობი ალდერვეირელდს აჯობა და გაიტანა. ტოტენჰემმა იბრძოლა, მაგრამ ამჯერად მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო, სტუმართა შორის ყველაზე კრეატიული მოქმედებით კი არა ფეხბურთელები, არამედ მოურინიო გამოირჩა. 

ჟოზე მეტოქოს სათადარიგოთა სკამთან მივიდა და საუთჰემპტონის მწვრთნელების ბლოკნოტს ჩახედა. უცნობია, დაინახა თუ არა პორტუგალიელმა იქ ფასეული ტაქტიკური დეტალები, მაგრამ მატჩის არბიტრმა ამ გამოხდომისთვის მოურინიო ყვითელი ბარათით დასაჯა.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა კონფლიქტის დეტალები არ გაამხილა, თუმცა სავარაუდოდ, მოურინიომ და საუთჰემპტონის მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰიუტლმა ერთმანეთს სალანძღავი სიტყვები უთხრეს.

"რა მოხდა იმ ეპიზოდში? ყვითელი ბარათი დამსახურებულად მივიღე - უხეშად მოვიქეცი. მაგრამ უხეშად მოვიქეცი იდიოტთან. რას ვამბობდით? იყო ცუდი სიტყვები და სულ ესაა". 

მოურინიომ ტოტენჰემში მუშაობა ზედიზედ სამი მოგებით დაიწყო, მაგრამ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 8 მატჩშიდან მხოლოდ 3 მოიგო. "დეზებს" ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში, 30 ქულით მეექვსე ადგილი უკავიათ, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 6 ქულით ჩამორჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები