Thumbnail
  • ინდიანა 115:97 ფილადელფია
  • გოგა ბითაძის 6 ქულა და 3 მოხსნა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ინდიანა პეისერსმა ფილადელფია 76-ერსს უმასპინძლა და 18 ქულის სხვაობით, 115:97 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გოგა ბითაძემ 7:34 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 6 ქულაა.

ეს თამაში ზუსტად მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში 2020 წელი დადგა, თუმცა ამერიკაში ჯერ კიდევ 2019 წლის 31 დეკემბერი იყო. ასე რომ, ეს ბითაძის ბოლო მატჩი იყო 2019 წელს. 

გოგამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ორივე სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმოები არ უსვრია. მოგებულ თამაშში ქართველი ახალბედის -/+ კოეფიციენტი მინუს 9 იყო. ბითაძის ანგარიშზე 3 მოხსნა და 1 დაფარებაცაა (მაიკ სკოტს ეფექტურად დაუფარა). 

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ლიტველი ცენტრი დომანტას საბონისი იყო - 23 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი. ტი ჯეი უორენმა 21 ქულა მიითვალა, მაილს ტერნერმა - 14. ორმაგი დუბლია ტი ჯეი მაკონელის ანგარიშზე - 11 ქულა, 10 ასისტი. 

ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში 22-12 ბალანსით მე-5 ადგილზეა, ფილადელფია 23-13-ით მეექვსეა. 3 იანვარს პეისერსი დენვერს უმასპინძლებს (04:00 თბილისის დროით).   

კომენტარები

ბოლო ამბები