Thumbnail

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები პერთშია და წლეულს დაარსებული ATP Cup-ის პირველი გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს.

ახალი ტურნირის ტვიტერის გვერდზე საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა მინაწერით – “მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ვარჯიში ATP Cup-ის დაწყებამდე”.

ფოტო კოლაჟში 4 მოთამაშე მოხვდა და საინტერესოა, რომ რაფაელ ნადალის, ჯონ ისნერისა და დავიდ გოფინის გვერდში საქართველოს ნაკრების ლიდერ ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილსა და ნადალს ერთმანეთის პირისპირ დადგომაც მოუწევთ, რადგანაც საქართველო და ესპანეთი, ისევე როგორც იაპონია და ურუგვაი, ერთ ჯგუფში არიან.

ესპანელები პერთში გუშინ ჩავიდნენ, შესაბამისი ფოტო კი ფელისიანო ლოპესმა გამოაქვეყნა სახალისო მინაწერით.

“ესპანეთის ნაკრები ადგილზეა... ალბერტ რამოსი სადღაც გაქრა. მოხარულები ვართ, რომ ავსტრალიაში დავბრუნდით. ეს ქვეყანა ძალიან გვიყვარს”.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ი 3-12 იანვარს, ავსტრალიის სამ ქალაქში (სიდნეი, ბრისბენი, პერთი) ჩატარდება და მასში მსოფლიოს 24 საუკეთესო ნაკრები ჩაერთვება.

ბასილაშვილის გარდა, საქართველოს ღირსებას ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე დაიცავენ, კაპიტანი კი დავით კვერნაძეა.

ქართველ ჩოგბურთელებს სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელით, რომელსაც განაცხადში რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენო ბუსტა, ალბერტ რამოს-ვინოლასი და ფელისიანო ლოპესი ჰყავს.

6-ში იაპონიასთან შერკინებაა დაგეგმილი, 8 იანვარს კი ურუგვაისთან მატჩი შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები