Thumbnail

ალკასერი დორტმუნდიდან გაშვებას ითხოვს - პაკოს ესპანეთში დაბრუნება სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ესპანელი ჰაალანდის მისვლის შემდეგ კლუბში პერსპექტივას ვეღარ ხედავს
  • თავდამსხმელს, რომლითაც ატლეტიკო ინტერესდება, ევრო 2020-ზე მოხვედრა სურს 

დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი პაკო ალკასერი კლუბის დატოვებას ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბს თავისი სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა.

ალკასერს დორტმუნდიდან წასვლა ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერის შემდეგ სურს. პაკო მიიჩნევს, რომ ზალცბურგიდან 19 წლის ნორვეგიელის მისვლის შემდეგ, მას პერსპექტივა აღარ აქვს. 

პაკო ალკასერს დაბრუნება სამშობლოში სურს, რათა სეზონის მეორე ნახევარი კარგად ჩაატაროს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის ესპანეთის ეროვნული ნაკრების განახადშიც მოხვდეს. ალკასერის მომდევნო კლუბი კი შესაძლოა მადრიდის ატლეტიკო გახდეს. მადრიდელები ფორვარდთან უკვე თათბირობენ. 

პაკო ალკასერს კლუბის შეცვლა ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარეც სურს

პაკო ალკასერი ვალენსიის აღზრდილია, რომლის ღირსებას 2010-16 წლებში იცავდა (2012/13 წლების სეზონი იჯარით ხეტაფეში გაატარა), შემდეგ კი ბარსელონაში გადაბარგდა. ფეხბურთელი დორტმუნდში 2018 წლიდან გამოდის, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში (6 სასტარტო შემადგენლობაში) 5 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოირჩა.

Transfermarkt 26 წლის ესპანელ თავდამსხმელს 42 მილიონ ევროდ აფასებს. ალკასერის ანგარიშზე ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 19 მატჩში 12 გოლია.

მადრიდის ატლეტიკოს ესპანეთის ჩემპიონატში გასული 18 ტურის შემდეგ, 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. უახლოეს ტურში მადრიდელები 4 იანვარს, შინ ლევანტესთან ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები