Thumbnail

იაპონიის გრანპრიზე სებასტიან ფეტელს კიდევ ერთი ტექნიკური პრობლემა შეექმნა. რბოლას, რომელიც ლუის ჰემილტონმა მოიგო, გერმანელი ნაადრევად გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ფერარის” გერმანელი პილოტის ოცნება ჩემპიონობაზე ფაქტობრივად დამთავრებულია. ჰემილტონს ჩემპიონობის განაღდება უკვე მომდევნო ეტაპზე შეუძლია.

იაპონიის გრანპრი ფეტელისთვის ფაქტობრივად უკანასკნელი იმედი იყო. გამარჯვების შემთხვევაში, გერმანელი ჩემპიონობის რეალურ შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ რბოლას მე-4 წრეზე გამოეთიშა.

ფეტელის ფიასკოს მიზეზი მისი ბოლიდის აალების სანთელი გახდა.

საბოლოოდ, “სუძუკას” რბოლა ჰემილტონმა მოიგო. საერთო ჩათვლაში ბრიტანელი გერმანელს უკვე 59 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰემილტონს ჩემპიონობის განაღდება მომდევნო ეტაპზე შეუძლია.

"მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი იაპონიის გრანპრიზე გამარჯვებას ზეიმობს

“ხანდახან რაღაცები ფუჭდება, ამას ვერსად გაექცევი. არ მინდა დავიჯერო, რომ სეზონის ბედი აალების სანთელმა გადაწყვიტა. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა ტირილის დრო არ არის. ცოტა უნდა დავისვენოთ და მომდევნო რბოლებში მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს,” - განაცხადა ფრუსტრირებულმა ფეტელმა რბოლის შემდეგ.

რა შემთხვევაში გაინაღდებს ჰემილტონი ჩემპიონობას?

ჰემილტონმა კარიერაში 61-ე გამარჯვება იზეიმა და ეს მისი თანაგუნდელის, ვალტერი ბოტასის დამსახურებაცაა. მეორე ადგილზე “რედ ბულის” პილოტი მაქს ფერსტაპენი გავიდა, რომელსაც სწორედ ბოტასი ებრძოდა. მესამე ადგილი დანიელ რიკარდომ დაიკავა. ფინიშზე მეოთხე ვალტერი ბოტასი იყო, მეხუთე კი - კიმი რაიკონენი.

მომენტი, როცა ფერსტაპენმა ფეტელს გადაასწრო

თუკი ჰემილტონი ამერიკის გრანპრის მოიგებს, ან მეორე ადგილზე გავა და ფეტელზე მინიმუმ 16 ქულით მეტს აიღებს, 32 წლის ბრიტანელი ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდება.

სებასტიან ფეტელისთვის წლევანდელი აზიური რბოლები კოშმარად იქცა. სინგაპურში მას პოული ჰქონდა მოგებული, მაგრამ სტარტის შემდეგ ფერსტაპენს და რაიკონენს შეეჯახა და რბოლას გამოეთიშა. ფეტელს გამარჯვება მალაიზიაშიც შეეძლო, მაგრამ ძრავის პრობლემების გამო საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

სპაზე, მონცაზე, სინგაპურში და სუძუკაზე მოპოვებული გამარჯვევებით, ასევე მალაიზიის გრანპრიზე დაკავებული მეორე ადგილით ჰემილტონმა 125 შესაძლო ქულიდან 118 აიღო...

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები