Thumbnail

კლოპის კიდევ ერთი აღიარება - კიკერმა იურგენი წლის კაცად დაასახელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იურგენ კლოპმა 2019 წელს ლივერპულს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა
  • კიკერმა გერმანელი ‘წლის კაცად’ დაასახელა

გერმანული სპორტული გამოცემა კიკერი “წლის კაცს” 1990 წლიდან ასახელებს. წელს გამარჯვებული ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა - მან ‘კიკერის’ ეს წოდება მეორედ დაიმსახურა. იურგენი ‘წლის კაცი’ პირველად 7 წლის წინ გახდა, როცა მის მიერ გაწვრთნილმა დორტმუნდის ბორუსიამ გერმანიაში დუბლი შეასრულა (ჩემპიონობა და თასი).

2019 წელი კლოპისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. 52 წლის გერმანელმა სპეციალისტმა კარიერაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პირველად გახდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, უეფას სუპერთასის გამარჯვებული და მისმა ლივერპულმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო. მისი გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს და ახალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგის აშკარა ფავორიტია.

წინა სეზონში მერსისაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატში 97 ქულა დააგროვეს, რაც გრანდიოზული შედეგია, მაგრამ ჩემპიონობისთვის ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა კი, 19 ტურის შემდეგ ლივერპულს 18 მოგება აქვს და ცხრილს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. თუ ლივერპული ინგლისის ჩემპიონი გახდება, ეს ტრიუმფი კლოპის სახელს უკვდავყოფს, რადგან 30 წელია, მერსისაიდელებს პრემიერლიგა არ მოუგიათ. შეგახსენებთ, რომ კლოპმა ლივერპულთან ახლახან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

“კიკერის” განმარტებაში ნათქვამია, რომ “წლის კაცად” დასახელებისთვის მხოლოდ სპორტული წარმატებები საკმარისი არ არის - დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონის პოპულარობას და მის იმიჯს სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც მოღვაწეობს. იურგენ კლოპი ამ მხრივაც სამაგალითოა - იგი უაღრესად პოპულარულია და საუკეთესო ადამიანის იმიჯი აქვს.

კიკერის ‘წლის კაცი’ - ყველა გამარჯვებული 1990 წლიდან

1990 - ფრანც ბეკენბაუერი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
1991 - კარლ-ჰაინც ფელდკამპი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1992 - ერიხ რიბეკი (ბაიერნის მწვრთნელი)
1993 - ვინფრიდ შეფერი (კარლსრუეს მწვრთნელი)
1994 - ფოლკერ ფინკე (ფრაიბურგის მწვრთნელი)
1995 - ბერტი ფოგთსი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
1996 - თომას ჰელმერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
1997 - ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1998 - ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1999 - ლოთარ მათეუსი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2000 - რუდი ფიოლერი (მწვრთნელი - ლევერკუზენი, გერმანია)
2001 - ოლივერ კანი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2002 - მიხაელ ბალაკი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2003 - ფელიქს მაგათი (შტუტგარტის მწვრთნელი)
2004 - თომას შააფი (ვერდერის მწვრთნელი)
2005 - თომას დოლი (ჰამბურგის მწვრთნელი)
2006 - ფრანც ბეკენბაუერი (მუნდიალის მთავარი ორგანიზატორი)
2007 - ივან კლასნიჩი (ვერდერის ფეხბურთელი)
2008 - ფრანკ რიბერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2009 - ფელიქს მაგათი (ვოლფსბურგის მწვრთნელი)
2010 - ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2011 - იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
2012 - იურგენ კლოპი (დორტმუნდის ბორუსიას მწვრთნელი)
2013 - ფრანკ რიბერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2014 - იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
2015 - დირკ შუსტერი (დარმშტადტის მწვრთნელი)
2016 - ტონი კროოსი (რეალ მადრიდის ფეხბურთელი)
2017 - კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მწვრთნელი)
2018 - ფრედი ბობიჩი (აინტრახტის სპორტული დირექტორი)
2019 - იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი)

კომენტარები

ბოლო ამბები