Thumbnail
  • ქართული სპორტის TOP 10 ტალანტი
  • 2020 წელს ისინი უკვე დიდების ასპარეზზე გამოჩნდებიან

მათ ნაწილს ქართული სპორტის გულშემატკივრები უკვე იცნობენ, თუმცა, ძირითადად, ახალგაზრდულ ასპარეზზე წარმატებისთვის - 2020-ში კი მათ სულ სხვა გამოწვევა ელით. ზოგიერთი მათგანი სპორტის მოყვარულთათვისაც შედარებით უცნობია, თუმცა გამორჩეული ტალანტი ამ სიაში უმკვიდრებს ადგილს...

ნიკა ნინუა 

ფეხბურთი. დინამო თბილისი. 20 წლის

დინამოს ახალგაზრდა კაპიტნის 2019 წლის ლოგიკური დასასრული GFF-ის დაჯილდოება იყო, სადაც ტანმაღალი ფეხბურთელი სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს. მანამდე კი ნინუამ დინამო თბილისთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ნინუა უკვე დინამო თბილისის კაპიტანია

ეროვნულ ლიგაში ნინუამ 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ნიკას საჯარიმო დარტყმების შესრულების შესანიშნავი სტილი გამოარჩევს. არ არის გამორიცხული, რომ 2020 წელს ნიკა ქართველ ლეგიონერთა რიგებს შეუერთდეს. "ტრანსფერმარკტი" ნინუას 850 000 ევროდ აფასებს, რაც ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირი ფეხბურთელის სტატუსს უმკვიდრებს დინამოს კაპიტანს. 

იოანე იაშაღაშვილი

რაგბი. ბაიონი. 19 წლის

მსოფლიოს 20-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატზე იოანე იაშაღაშვილი "უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" ერთადერთი იყო, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამ ტურნირის შემდეგ, ახალგაზრდა მესამეხაზელი ფრანგულ ბაიონში გადავიდა.

მას უკვე უწოდეს ახალი გორგოძე

არმაზის ყოფილი მორაგბე უცხოურმა მედიამ 'ახალ გორგოძედ' მონათლა. "ეს დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მამუკას მემკვიდრედ მოგიხსენიებენ", - განაცხადა POPSPORT-თან ინტერვიუში იაშაღაშვილმა.

მარიამ ბოლქვაძე

ჩოგბურთი. 21 წლის

2019 წელი მისთვის სერიოზული წინსვლის წელი გამოდგა - მარიამი რეიტინგში უკვე 166-ე პოზიციაზეა. წლეულს მან გრანდ სლემის ორ ტურნირზე იასპარეზა - უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე. შემდეგ იყო ისტორიული გამარჯვება ბერნარდა პერაზე და საკმაოდ კარგი თამაში მე-3 ნომრად განთესილ კაროლინა პლიშკოვასთან.

მარიამ ბოლქვაძე WTA-ს ტურნირებს გაუშინაურდა

თუკი წინსვლის ეს ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება, WTA-ს სარბიელზეც გვეყოლება ერთი სერიოზული მოთამაშე, როგორც ATP-ზე გვყავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სახით. 2020 წელი მისთვის პროფესიულ კარიერაში გადამწყვეტია. 

გიორგი ცხოვრებაძე

ხელბურთი. მონპელიე. 18 წლის

გიორგი ცხოვრებაძე ქართული ხელბურთის ამომავალი ვარსკვლავია. მიუხედავად ასაკისა, ის უკვე 2017 წლიდან თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. 2019 წელს კი გუნდის შეუცვლელი ფიგურაც გახდა.

18 წლის ასაკში ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურაა

ის ნელნელა ეჩვევა ევროპული ხელბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ მონპელიეს, რომლის ძირითად გუნდში თებერვალში ჰქონდა დებიუტი. ხელბურთელთა ნაკრებს იანვარში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის, გუნდის ერთ-ერთი იმედი კი სწორედ ცხოვრებაძეა. 

სანდრო მამუკელაშვილი

კალათბურთი. სეტონ ჰოლი. 20 წლის

"სანდრო NBA-ში ითამაშებს" - ეს NJ.COM-ის სტატიის მთავარი გზავნილი იყო. 20 წლის ფორვარდი NCAA-ს ელიტის ერთ-ერთი ძლიერი გუნდის, სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია.

ის სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია

ეს სეზონი მისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ სანდრომ მაჯის ძვალი მოიტეხა და თებერვლამდე ვერ ითამაშებს. მამუკელაშვილს უკვე ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი, სადაც მას დიდი მომავალი ელის. 

ნიკა შუშიაშვილი

წყალბურთი. დინამო. 20 წლის

შაბაცისა და შპანდაუს ყოფილი წყალბურთელი, რომელიც ახლა დინამო თბილისთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ნიკა უკვე ეროვნულ ნაკრებშიც დამკვიდრდა და სამართლიანად მიიჩნევა, ქართული წყალბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში შუშიაშვილმა 4 გოლი გაიტანა. 

ეთერ ლიპარტელიანი

ძიუდო. 20 წლის

ეთერ ლიპარტელიანს უკვე კარგად იცნობენ ძიუდოს სამყაროში - ქართველმა გოგონამ 2019 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო ახალგაზრდებში. 

ლპარტელიანმა ახალგაზრდულ ასპარეზზე ყველაფერი მოიგო

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ბრინჯაოა. 2020 წლიდან ის სულ უფრო ხშირად ჩაერთვება დიდების ტურნირებში, ყველაფერი კი, იმედია, ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებული მონაწილეობით დაგვირგვინდება.  

ლუკა გაგნიძე

ფეხბურთი. დინამო. 16 წლის

მალე მას დინამო თბილისის ძირითად გუნდში ვიხილავთ

ლუკა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ის ცენტრალური ნახევარმცველია - 6 ნომერი. ჩისკო მას ძირითად გუნდს აჩვევდა და მასთან ერთად ავარჯიშებდა. 2020-ში ლუკას 17-წლამდელთა გუნდში ელიტრაუნდში მოუწევს თამაში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.

საბა გიგიბერია

კალათბურთი. ნაპა. 18 წლის

216 სმ. სიმაღლის ცენტრი, რომელიც, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს - ის ამერიკულ ჰაი სქულის გუნდში თამაშობს, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან NCAA-ს ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში, ჯორჯია ტექ-ში გადავა. საბა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების წევრია.

მარია კაზაკოვა & გიორგი რევია

ფიგურული ციგურაობა. 18 და 20 წლის

ქართულმა წყვილმა ტურინში ფურორი მოახდინა

ყინულზე ცეკვებში ქართულმა წყვილმა სეზონის ბოლოს უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა - ტურინში მათ წლის შემაჯამებელი გრან პრი მოიგეს ახალგაზრდებში. რევიამ და კაზაკოვამ ამერიკული და რუსული წყვილები ჩამოიტოვეს. 2020 წლის პირველი სერიოზული შეჯიბრება მათთვის ევროპის ჩემპიონატი იქნება, უკვე დიდებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები