Thumbnail

ვესტ ჰემში დევიდ მოიესი დაბრუნდა - შოტლანდიელის უახლოესი გეგმები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედს ისევ 56 წლის შოტლანდიელი გაწვრთნის
  • ჩაქუჩები პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილს იკავებენ 
  • სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ვითარების სწრაფად გამოსწორებას შეძლებს

ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედმა ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი დაბრუნდა. როგორც დაანონსებული იყო, სპეციალისტთან 18-თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ვესტ ჰემის ხელმძღვანელობამ მანუელ პელეგრინი 28 დეკემბერს გაუშვა, რომელიც მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2018 წლის მაისიდან მუშაობდა. გასულ სეზონში ლონდონურმა კლუბმა პელეგრინის ხელში პრემიერლიგა მე-10 ადგილზე დაასრულა, მიმდინარე კამპანიაში კი ცხრილში მე-17 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესი ვესტ ჰემს 2017 წლის ნოემბრიდან, გუნდში პელეგრინის მოსვლამდე წვრთნიდა. 56 წლის სპეციალისტს ასევე სანდერლენდში, რეალ სოსიედადში, მანჩესტერ იუნაიტედში, ევერტონსა და პრესტონში უმუშავია.

შოტლანდიელი ვესტ ჰემს 2017/18 წლების სეზონში წვრთნიდა

"ძალიან სასიამოვნოა შინ დაბრუნება. მენატრებოდა აქაურობა და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს. ამაყი ვარ იმით, რომ ვესტ ჰემში დავბრუნდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებ და გავაუმჯობესებ და რამდენად სწრაფად დავუბრუნდებით გამარჯვებებს. 

მწამს, რომ გუნდი, რომელიც დამხვდა, უკეთესია იმაზე, რომელიც კლუბში პირველად მოსვლის დროს მყავდა. შესაბამისად, მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას. ვფიქრობ, ახლა მოკლევადიანი მიზანი უნდა დავისახოთ, რათა გამარჯვებები მოვიპოვოთ და არსებული მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჯერ ყურადღება უახლოეს თამაშებზე უნდა გავამახვილოთ", - თქვა მოიესმა.

დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით ვესტ ჰემი პირველ მატჩს 1-ელ იანვარს გამართავს. ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში “ჩაქუჩები” ბორნმუთს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები