Thumbnail
  • ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 40 წუთი გაატარა
  • გიორგი ცინცაძის მონაგარი 13 ქულა იყო

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლო ადგილზე მყოფ ალ სადს სტუმრად 83:71 მოუგო, რაშიც ქართველმა ლეგიონერებმა დიდი როლი ითამაშეს.

ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ორამაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირიც გახდა. 40:00 წუთში მიხეილის მონაგარი 26 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 4 ჩაჭრა იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

გიორგი ცინცაძე

სარგებლიანად გაისარჯა ცინცაძეც, რომელმაც 37:06 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა უკანახაზელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა ჰქონდა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ალ შამალმა ექვს ტურში 4 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 1 იანვარს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ყატარ სპორტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები