Thumbnail
  • ტურნირში მონაწილეობა 8 ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო
  • საუკეთესო შედეგი მერი არაბიძეს ჰქონდა 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი, 15 წუთი+10 წამი პირველივე სვლიდან).

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის თავზე ქალთა შეჯიბრს მაქსიმალური შედეგით ქართველი მერი არაბიძე (2416) ლიდერობდა, თუმცა, შეჯიბრის მე-2 ნახევარი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მერიმ 12 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და 122 მონაწილეს შორის მე-18 ადგილი დაიკავა.

საინტერესოა, რომ ასეთივე მონაგარი კიდევ სამ ქართველ მოჭადრაკეს ჰქონდა. დამატებითი მაჩვენებლებით, ნანა ძაგნიძე (2478) 22-ე იყო, ნინო ბაციაშვილი (2401) – 23-ე, ხოლო ნინო ხომერიკი (2327) – 24-ე.

რაც შეეხება სოფიო გვეტაძეს (2161), მან თავი 6.0 ქულას მოუყარა და 58-ე შედეგი დააფიქსირა.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა წარიმართა. სამ მოჭადრაკეს იდენტური მონაგარი ჰქონდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი საპრიზო სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2438), 2. ტინჯიე ლეი (ჩინეთი, 2498), 3. ეკატერინა ატალიკი (თურქეთი, 2360).

საპრიზო ფონდიდან, რომელიც მილიონ დოლარს აღწევს, ჩემპიონმა 60 ათასი მიიღო.

ვაჟთა შორის მთავარი პრიზი მსოფლიოს უძლიერესმა მოჭადრაკე ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა (2886) დაისაკუთრა 11.5 ქულით, მე-2 ადგილი, 10.5 ქულით, სენსაციურად დაიკავა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოთამაშე ირანელმა ალირეზა ფიროუზამ (2614), რომელსაც მხოლოდ 69-ე განთესვა ჰქონდა, ბრინჯაო კი ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას (2819, 10.5 ქულა) ერგო.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი ექს-ბულგარელ ივან ჩეპარინოვს (2647) ჰქონდა, რომელმაც 15 ტურში 9.5 ქულა მოაგროვა და 26-ე ადგილზე გავიდა ბაადურ ჯობავა (2702) 9.0 ქულით 43-ე იყო, ასეთი შედეგის მქონე გიგა ყუფარაძეს (2595) კი 49-ე საფეხური ერგო.

დღეს, მოსკოვშივე სტარტს აიღებს მსოფლიოს პირველობა ბლიცში (3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან), სადაც ქართველი მოჭადრაკეები ძალებს ასევე სცდებიან. 

ელვისებურ ჭადრაკში უკეთეს შედეგს ველით ძაგნიძისგან, რომელსაც 2017 წელს ერ რიადში (საუდის არაბეთი) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, 2014 წელს, ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) კი – ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები