Thumbnail

2019 წელი დასრულდა. სპორტის სამყაროს თავისი გმირები ამ წელსაც ჰყავდა. 2019-ში ბევრი რამ ვნახეთ: იურგენ კლოპის შეუჩერებელი ლივერპული და გოლდენ სტეიტის დინასტიის დასასრული, კავაი ლეონარდის ჩემპიონობა ჯორდანის სტილში და ლეო მესის ჯადოსნური გოლები, რაფაელ ნადალის მე-19 დიდი სლემი და ახალი სუპერგუნდის შექმნა ლოს ანჯელესში - ყველა ეს ამბავი უკვე 2019 წლის კუთვნილებაა. ამ ამბებს თავისი გამარჯვებულები და დამარცხებულები ჰყავდა და ჩვენ სწორედ მათზე მოგითხრობთ.


Winner - იურგენ კლოპი და ლივერპული

იურგენ კლოპი და მისი ლივერპული წლის ერთ-ერთი მთავარი winner-ია. იმის მიუხედავად, რომ ლივერპულს გაზაფხულზე პრემიერლიგა დრამატულად გაუსხლტდა ხელიდან, კლოპმა მაინც მოახერხა, რომ ლივერპული 2019 წლის საუკეთესო საფეხბურთო გუნდი ყოფილიყო - ჯერ იყო ბარსელონასთან 0:3-ის შემდეგ შესრულებული დიადი ქამბექი და 4:0 'ენფილდზე', შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და, ფაქტობრივად, პირველ წრეშივე მოგებული ინგლისის ჩემპიონატი - ლივერპულმა 18-დან 17 თამაში მოიგო. თვით პეპ გვარდიოლაც კი აღიარებს, რომ ამ სეზონში ასეთი გუნდის კონკურენცია შეუსრულებელი მისიაა.

ლივერპულის გადამწყვეტი გოლი ბარსელონასთან

რაც ყველაზე მთავარია, კლოპი და მისი გუნდი ყველას უყვარს მისი დინამიური, მხიარული და ემოციური თამაშის გამო. შეუძლებელია, საფეხბურთო ღმერთებისგან უფრო მეტს ელოდე ერთ წელიწადში.

Loser - ნეიმარი

ეს ყველაზე სტაბილური არჩევანია. ბარსელონას დატოვების შემდეგ, ნეიმარი ყოველ წელს შეგვიძლია სტაბილურად შევიყვანოთ loser-ების სიაში. რა უბედურება გინდა, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭს არ დაემართოს?

2019 წელი ნეიმარისთვის განსაცდელებით მდიდარი იყო - ჯერ იყო და, ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის გადამწყვეტი შეხვედრები გამოტოვა და ტრიბუნიდან უყურებდა, კიდევ ერთხელ როგორ გავარდა მისი პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ იუნაიტედთან. შემდეგ იყო გაუპატიურების ბრალდება, კიდევ ერთი ტრავმის გამო გაცდენილი საშინაო კოპა ამერიკა, პარი სენ-ჟერმენიდან ბარსელონაში დაბრუნების არშემდგარი მცდელობა, თავისივე გულშემატკივარის ზიზღი, სტვენა ტრიბუნებიდან და კიდევ ტრავმები.

ნეიმარის სახე მანჩესტერთან მარცხის შემდეგ

საერთოდ, ისეთი განცდა ჩნდება, რომ ნეიმარი პარიზში თამაშობს როცა უნდა და როცა ეზარება, უბრალოდ ტრავმას იმიზეზებს. ამდენი უბედურება ალბათ დოსტოევსკის გმირისთვისაც ბევრია, არათუ უბრალო ბრაზილიელი ბიჭისთვის. ნათელია: 2020-სთვის ნეიმარმა თავის ცხოვრებაში რამე უნდა შეცვალოს.


Winner - კავაი ლეონარდი

კავაი ლეონარადი წლის ერთ-ერთი მთავარი winner-ია. 2019-მა მას ყველაფერი მისცა, რაც კი შეიძლება ენატრა. ჯერ იყო და, მძიმე ტრავმის შემდეგ, სან ანტონიოდან, ფაქტობრივად, გაგდებულმა საკალათბურთო მასშტაბით ღრმადპროვინციულ ტორონტოს ისტორიაში პირველი ჩემპიონატი მოაგებინა. თანაც, ეს ისე გააკეთა, რომ კალათბურთის ისტორიას რამდენიმე დაუვიწყარი მომენტი შემოუნახა.

შემდეგ იგი თავის მშობლიურ კალიფორნიაში დაბრუნდა, სადაც მას ცხოვრება და თამაში ყოველთვის უნდოდა. თანაც ეს ისე მოახერხა, რომ კლიპერსის ხელმძღვანელობა აიძულა, მასთან ერთად კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, პოლ ჯორჯი გადმოეყვანა. კავაის და ჯორჯის კლიპერსი კი 2020-ში NBA-ს მოგების უმთავრესი ფავორიტია.

Loser - სტეფ კარი და გოლდენ სტეიტი

როდესაც სპორტის ღმერთები ისე ბევრს გაძლევენ, როგორც ეს გოლდენ სტეიტს ჰქონდა, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო - დიდების მწვერვალიდან ჩამოვარდნა ძალიან მტკივნეული იქნება. 2019 წელი გოლდენ სტეიტის დინასტიის დასრულების წელი იყო. ეს ისტორია ძალიან მოულოდნელად დასრულდა. ჯერ იყო და, NBA-ს სუპერფინალში უპირობო აუტსაიდერი ტორონტო იმაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ყველას ეგონა. სუპერფინალში უორიორსმა უმძიმესი ტრავმის გამო ჯერ კევინ დურანტი დაკარგა, შემდეგ კლეი ტომპსონი. წაგებული ფინალის შემდეგ დურანტი გოლდენ სტეიტიდან წავიდა, ტრავმირებული ტომპსონი კი გუნდს მთელი სეზონით გამოაკლდა.

დურანტის ტრავმა ტორონტოსთან შეხვედრაში

ამ სიტუაციაში ყველაფრის გადარჩენა მხოლოდ სტეფ კარის შეეძლო, თუმცა დახმარების გარეშე სტეფმა ეს ვერ შეძლო. თუ გგონიათ, რომ 2019-ში გოლდენ სტეიტის უბედურებები ამით დასრულდა, ძალიან ცდებით - ახალი სეზონის დასაწყისშივე გუნდმა ტრავმის გამო სტეფ კარი დაკარგა და ბოლო წლების უძლიერესი გუნდი დღეს NBA-ს აუტსაიდერია. From Hero to Zero - ასეთი იყო გოლდენ სტეიტის 2019 წელი.


Winner - ნადალი და ჯოკოვიჩი

ვერც ასაკი, ვერც ტრავმები, ვერც დრო და ვერც ვერაფერი შეაჩერებს რაფა ნადალს იმისგან, რომ როლან გაროსი მოიგოს. მგონია, რომ რაფა პარიზში 100 წლის შემდეგაც, 2119 წელს, winner იქნება. როლან გაროსი მხოლოდ დასაწყისი იყო, რაფამ ამერიკის ღია პირველობაც მოიგო და უკვე 19 დიდი სლემი აქვს - მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე როჯერ ფედერერს.

რაფა ნადალის ტრიუმფი როლან გაროსზე

რაფას არ ჩამორჩა ნოვაკ ჯოკოვიჩი. დარჩენილი ორი დიდი სლემი სწორედ სერბის ანგარიშზეა. ჯოკოვიჩისგან ეს უფრო ნაკლებად გასაკვირია, ვიდრე ტრავმებით დატანჯული ნადალისგან, თუმცა ციფრები ჯიუტია, საჩოგბურთო წლის მთავარი winner-ები - სწორედ რაფა და ნოვაკი იყვნენ.

Loser - როჯერ ფედერერი

როგორ შეიძლება, როჯერ ფედერერს, დიად როჯერს, უდიადესს მათ შორის, ვისაც კი ხელში ჩოგანი სჭერია, Loser უწოდო?! 20 დიდი სლემის, ათეულობით თუ ასეულობით სხვა რეკორდისა და უთვალავი ემოციის შემდეგ, მან ეს არ დაიმსახურა. ეს ვიცი. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 38 წლის ასაკში, კვლავ ამ დონეზე თამაშობს.

მაგრამ ერთი ფაქტორია: 2019 წლის უიმბლდონზე ნახევარფინალში ნადალის დამარცხების შემდეგ, ფინალი ჯოკოვიჩთან, ეპიკური მატჩის მეხუთე სეტი, 40:15 მის მოწოდებაზე - ერთი ზუსტი მოწოდება და ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიადი თავი დაწერილია. თანაც სად? უიმბლდონის უსწრაფეს ბალახზე, სადაც კარგ მოწოდებაზე, მეტოქეს დაბრუნების შანსი უბრალოდ არ აქვს. როჯერმა ორივე მოწოდება დათმო, და შემდეგ თამაშიც.

მან ამ წელს ეს გამარჯვება, მარტო თავის თავს კი არა, ჩვენც მოგვპარა - მოგვპარა ისტორია, რომელზეც კინოებს გადაიღებდნენ. სწორედ ამიტომაც, ალბათ გაუცნობიერებლად ასე ვუხდი სამაგიეროს - როჯერ ფედერერი 2019 წლის Loser-ებში.

მით უმეტეს, რომ ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში გრიგორი დიმიტროვთან მოულოდნელი მარცხით კიდევ ერთი როჯერი-რაფას ფინალის საშუალება არ მოგვცა.


Winner - ლიონელ მესი

ლეო მესიმ 2019 წელს გააკეთა ის, რასაც თითქმის ბოლო 15 წელია სტაბილურად აკეთებს - გაიტანა ძალიან ბევრი და მაგარი გოლი.

მესის კიდევ ერთი და მორიგი გოლი, ამჯერად ატლეტიკოსთან

წლის ბოლოს მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კიდევ ერთხელ მოიგო, რამაც, ამ წლის შედეგების მიხედვით, მესის Winner-ებში არშეყვანის საშუალება უბრალოდ არ მოგვცა.

Loser - ერნესტო ვალვერდე

ბარსელონას მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ერთი შეხედვით ბედნიერი კაცი უნდა იყოს - მას გუნდში მესი, სუარესი, გრიზმანი და კიდევ ბევრი სხვა მაგარი ფეხბურთელი ჰყავს. თუმცა კი, საქმე პირიქით არის. გულშემატკივარისთვის - როდესაც ბარსელონა იგებს, ეს მესის დამსახურებაა, როცა აგებს კი ვალვერდეს ბრალია - ვერაფერს იტყვი, ლეოს საქმე ჭკვიანურად აქვს დაყენებული.

რეალობა ის არის, რომ ვალვერდემ 2019-შიც მოახერხა და აუხსნელი თამაში წააგო დიდი ანგარიშით, ამჯერად 'ენფილდზე'. ეს ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნად დაუჯდა. ბარსა მის ხელში ინოვაციურ ფეხბურთს არ თამაშობს და ამ წელს ვალვერდემ მოახერხა ის, რომ ყველას თავი მოაძულა - ბარსას გულშემატკივარიც და არაგულშემატკივარიც ერთსულოვანია - ვალვერდე უნდა წავიდეს. 2019 წელი მისთვის ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა.


Winner - ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი და ლეიკერსი

ლებრონ ჯეიმსისთვის არაერთგვაროვანი წელი გამოვიდა. მისი ლეიკერსი პლეი ოფში საერთოდ ვერ გავიდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ ლებრონისთვის, ჩემპიონობის გარდა, ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობად მიიჩნევა, პლეი ოფში ვერმოხვედრის შემდეგ, ლებრონი Loser-ების სიის რეალური კანდიდატი იყო.

თუმცა კალათბურთელი ლებრონის გარდა, სხვა ლებრონიც არსებობს - გუნდის მენეჯერი, მოთამაშე-მწვრთნელი და ზოგადად, საკალათბურთო სამყაროში ყველაზე გავლენიანი კაცი ლებრონი. ამ ლებრონისთვის 2019 წელი წარმატებული იყო - ჯერ იყო და მისთვის მიუღებელი მწვრთნელი გაუშვა ლეიკერსიდან, შემდეგ ის თანაგუნდელებიც მიაყოლა, რომლებიც ვერ ეწყობოდნენ და თავის აგენტს, რიჩ პოლს, ენტონი დევისის ტრეიდი შეასრულებინა. შედეგად, მას ახლა გუნდში მეორე სუპერვარსკვლავი ჰყავს და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ენტონი დევისმა, როგორც იქნა, თავი დააღწია ნიუ ორლეანსს და NBA-ს ყველაზე პოპულარულ გუნდთან ერთად ტრიუმფის რეალური შანსი აქვს, ლეიკერსი კი თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლებს დაბრუნდა.

ლებრონი-დევისის წყვილი შეუჩერებელია

მოკლედ ლებრონის, როგორც მენეჯერის მუშაობით, ყველა კმაყოფილია.

Loser - სულშერი, პოგბა და მანჩესტერ იუნაიტედი

2019 წელსაც მანჩესტერ იუნაიტედის აგონია სტაბილურად გრძელდებოდა. არადა, წელი სხვანაირად დაიწყო - პარი სენ-ჟერმენთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ, გარი ნევილი ოლე გუნარ სულშერს, მაშინ ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, ხუმრობით ეკითხებოდა, თუ რამდენწლიანი კონტრაქტი უნდოდა, რამხელა ხელფასით და ძეგლი სად უნდა დაედგათ მისთვის. ლამაზი ზღაპარი არ გამოვიდა - სულშერის პირველ წარმატებებს კატასტროფული შედეგები მოჰყვა. ნორვეგიელს უკვე მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს კლუბთან და მისი გაშვება იოლად არ გამოვა.

იუნაიტედი ძალიან ცუდად გამოიყურება და უდიდესი ალბათობით, წელსაც ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაში. პოლ პოგბა კი ყველა იმ პრობლემას განასახიერებს, რაც იუნაიტედს ჭირს. სულშერის ხელში პოგბას პროგრესი არ გამოვიდა, ზაფხულში ფრანგს კლუბიდან წასვლა უნდოდა და ეს გეგმაც ჩაუვარდა, 2019 წლის მეორე ნახევარში კი ფრანგი სტაბილურად ტრავმირებულია და, როგორც შორიდან ჩანს, მანჩესტერში თამაში მაინცადამაინც აღარც უნდა. მოკლედ, 2019 წელი სულშერისთვისაც წარუმატებელი იყო, პოგბასთვისაც და მთლიანი მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც.


📹 WINNERS & LOSERS 2019

კომენტარები

ბოლო ამბები