Thumbnail

ტალახაძის მორიგი ტრიუმფი - ლაშამ წლის ბოლოს კიდევ ერთი ტურნირი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

26 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც გუშინ ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად ზედიზედ მეოთხედ აღიარეს, მორიგი ტურნირის გამარჯვებული გახდა. უკვე ლეგენდად ქცეულმა ტალახაძემ წარმატებას კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მიაღწია, სადაც ჯამური 455 კგ. დააფიიქსირა.

ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) შეჯიბრში 6 ქართველ ძალოსანთან ერთად, სომხეთის 3 წარმომადგენელიც ჩაება, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, გამარჯვებულის ვინაობა თავიდანვე გარკვეული იყო.

ატაცში ტალახაძე შტანგასთან მაშინ მივიდა, როდესაც სხვებს ასპარეზობა უკვე დასრულებული ჰქონდათ. ქართველმა გოლიათმა ჯერ 200 კგ. დასძლია, შემდეგ - 210 კგ, მესამე მისვლა კი აღარ გამოუყენებია.

ატაცი

200 კილოგრამი ✅
210 კილოგრამი ✅

იგივე განმეორდა აკვრაშიც, სადაც ქართველ გოლიათს საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად ასევე პირველი ცდა ეყო. ამ შემთხვევაში, ლაშა 230 და 245 კგ-ს გაუმკლავდა, მე-3 მისვლა კი აქაც აღარ გამოუყენებია.

აკვრა

230 კილოგრამი ✅
245 კილოგრამი ✅

შეგახსენებთ, რომ მძიმე წონაში მსოფლიოს რეკორდები სწორედ ტალახაძეს ეკუთვნის. წლეულს ტაილანდის ქალაქ პატაიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მან ატაცში 200 კგ. დასძლია, აკვრაში - 264 კგ. და ჯამური 484 კგ. მოაგროვა. 

ლაშას ფენომენალური სვლა სტარტს 2015 წლიდან იღებს, როდესაც მან მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო. მას შემდეგ, ტალახაძემ პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული კიდევ 3-ჯერ (2017, 2018, 2019) დაისაკუთრა, 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც გაჩემპიონდა, ევროპის პირველობა კი მიჯრით 4-ჯერ (2016, 2017, 2018, 2019) აქვს მოგებული.

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეჯიბრში მე-2 შედეგი (ჯამური 415 კგ.) სომეხმა სიმონ მარტიროსიანმა დააფიქსირა, რომელიც მსოფლიოსა (2018, 2019) და ევროპის (2017, 2019) ორგზის ჩემპიონი გახლავთ, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. ოღონდ, ეს, ყველაფერი მას 109 კგ-მდე წონაში აქვს დაფიქსირებული, სადაც მსოფლიოს რეკორდებიც მასვე ეკუთვნის. ბრინჯაოს მედალი გოგა ჩხეიძემ (395 კგ.) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ქართველი ძალოსნის კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი "კახის თასი" უკვე 23-ედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა სომეხმა და აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს. შეჯიბრს დიღმის ოლიმპიური სოფელში მდებარე ფრენბურთის არენამ უმასპინძლა.

დღევანდელ შეჯიბრზე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ მიმდინარე წლის შედეგებიც შეაჯამა და მონაგარი ნამდვილად ბარაქიანი გამოდგა: 70 მედალი და მათ შორის 31 ოქრო სხვადასხვა რანგის ტურნირებზე და 30-მდე მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი ქართველი ძალოსნების შესრულებით.

კომენტარები

ბოლო ამბები