Thumbnail
  • საქართველო 77:87 გერმანია.
  • მაიკ დიქსონის 26 ქულა.
  • ილიას ზუროსი: ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა ბოლო წამამდე - მადლობა გულშემატკივარს!

საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: მაიკ დიქსონი, ანატოლი ბოისა, მერაბ ბოქოლიშვილი, აკაკი დვალიშვილი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი.

ანგარიში კარსტენ ტადას 3-ქულიანი გაიხსნა, რასაც ცირბესის 2 ქულა მოჰყვა. საქართველოს ნაკრებმა გერმანელთა 5:0 გაქცევას აკაკი დვალიშვილის ზუსტი ტყორცნით უპასუხა, თუმცა ბართელმა მალევე აღადგინა გერმანიის ნაკრების 5-ქულიანი უპირატესობა.

გერმანელები აგრესიულ, უნაკლო დაცვას თამაშობდნენ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს კი მათი შეტევების ჯარიმის გარეშე შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ცქიტიშვილისა და ბართელის 2-ქულიანებს გოგა ბითაძის ულამაზესი ჩატენვა მოჰყვა, რაც მაიკ დიქსონის შესანიშნავი გარღვევის დამსახურება გახლდათ. დიქსონი საქართველოს ნაკრებს ლიდერობდა. მას მერე, რაც მაიკმა 3 საჯარიმო ზუსტად ესროლა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა კი 3-ქულიანი ჩააგდო, საქართველოს ნაკრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (12:13) და გერმანელთა თავკაცმა ჰენრიკ რიოდლმა პირველი წუთშესვენება აიღო.

წუთშესვენების შემდეგ გერმანელებმა 4:0 გაქცევა მოახერხეს (ბართელი, დორეთი), რასაც ბითაძემ ზუსტი 3-ქულიანით უპასუხა! თუმცა გერმანელები შეტევას ფაქტობრივად არ აფუჭებდნენ. პირველი პერიოდის ბოლოს ილიას ზუროსმა დიქსონი დაასვენა და სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა სოლიდური უპირატესობა. ობსტის 3-ქულიანი, გიფის 2 ქულა და პირველი პერიოდი გერმანიამ 10 ქულით მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა შეხვედრაში, როცა გერმანიამ ორციფრიანი უპირატესობა დააფიქსირა.

ბერიშვილის 3-ქულიანები მეორე პერიოდში

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 5:0 გაქცვით დაიწყო - ხუთივე ქულა დიქსონმა მოიპოვა. ამას ბერიშვილის მეორე ზუსტი 3-ქულიანი მოჰყვა, რასაც გერმანელებმა ცირბესის და დორეთის ზუსტი ტყორცნებით უპასუხეს. თუმცა მერაბ ბოქოლიშვიმა და დიქსონმა ზედიზედ ორი 3-ქულიანი ჩააგდეს!

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ეს ტემპი ვერ შეინარჩუნა, გერმანიის ნაკრებმა კი იმ დროისთვის მაქსიმალური უპირატესობა, +12 ქულა დააფიქსირა. თუმცა ზუროსის შეგირდებმა კიდევ ერთხელ მოიკრიბეს ძალები - უფრო კონკრეტულად, ბერიშვილმა, რომელმაც ზედიზედ ორი 3-ქულიანი ჩააგდო! მაგრამ რიოდლმა თამაშში ბენცინგი დააბრუნა და გერმანიის ნაკრებმა პირველი ტაიმი 13 ქულით, 51:38 მოიგო.

ჩაჩანიძის სადებიუტო 3-ქულიანი

მესამე პერიოდი დიქსონის 3-ქულიანით და ბოქოლიშვილის ზუსტი სროლით დაიწყო! ეს იყო 5:0 გაქცევა და გერმანიამ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები ეს გაქცევა ბენცინგის (3) და ცირბესის (2) ზუსტი ტყორცნებით აღმოიფხვრა. მეტიც: ჰენრიკ რიოდლის გუნდმა მალევე მიაღწია 15-ქულიან უპირატესობას.

ილიას ზუროსმა ტრადიციულად ბევრი ინერვიულა

დიქსონმა, ბერიშვილმა და ცქიტიშვილმა სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა გიფიმ  ისევ 14 ქულამდე აიყვანა. ილიას ზუროსმა მოედანზე რევაზ ჩაჩანიძე შეიყვანა, რომელმაც სადებიუტო წამებში შესანიშნავი 3-ქულიანი ჩააგდო! მე-3 მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 24:18 მოიგო და ბოლო პერიოდს 7-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა.

მეოთხე პერიოდის პირველ წამებში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, მაგრამ გერმანელებმა უპირატესობა მალევე ისევ 12 ქულამდე გაზარდეს. ზუროსის შეგირდებმა თამაშში დაბრუნება კიდევ ერთხელ მოახერხეს, მაგრამ მატჩში გარდატეხა ვეღარ შეიტანეს. ბითაძის მე-5 პერსონალურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია - საბოლოოდ 77:87.

4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 1 მოგებით მე-3 ადგილზეა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ზუროსის გუნდი 29 ივნისს თბილისში, სერბეთთან გამართავს და დიდი ალბათობით, იმ შეხვედრაში ნაკრებს საუკეთესო შემადგენლობა ეყოლება.

მაიკლ დიქსონი: დარბაზში ფანტასტიკური გარემო იყო - მადლობა გულშემატკივარს ასეთი ქომაგობისთვის!

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი გახლდათ - მის ანგარიშზე 26 ქულა და 4 პასია. მოპოვებული ქულებით მას მხარი ყველაზე კარგად ბერიშვილმა აუბა, რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 15 ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელებიდან 10-ქულიანი ბარიერი ვერავინ გადალახა - ყველაზე ახლოს ბითაძე (9), ბოქოლიშვილი (8) და ცქიტიშვილი (7) იყვნენ.

მატჩის შემდეგ

ნიკოლოზ ცქიტიშვილი (საქართველოს ნაკრები)

“გერმანიას მეორედ ვეთამაშეთ და ვიცოდით, რომ დაძაბული მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, დაგვაკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, გვქონდა მოგების შანსი. შემდეგი თამაშები ზაფხულში გველოდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის მოთამაშეები გვეყოლებიან, რომლებიც დღეს ვერ დაგვეხმარნენ. ფაქტია, რომ თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.”

მაიკლ დიქსონი (საქართველოს ნაკრები)

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის ფანტასტიკური ატმოსფერო, რაც დარბაზში იყო. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს. რთულია გადახალისებული შემადგენლობით თამაში. მაქსიმალურად მოვინდომეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. იმედია, ხარვეზებს გამოვასწორებთ და მომდევნო შეხვედრებში უკეთ ვითამაშებთ”.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ვიცოდით, რომ გერმანიის ნაკრების სახით ძალიან ძლიერი და გამოცდილი მეტოქე გვყავდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა ბოლო წამამდე. წინ კიდევ არის თამაშები და ძალიან კარგია, რომ აქტივში გვაქვს ერთი მოგება ავსტრიასთან. იმედი მაქვს, რომ დარჩენილ შეხვედრებში წამყვანი მოთამაშეები შემოგვიერთდებიან და ჯგუფის ბოლო ორ თამაშს დადებითი შედეგით დავასრულებთ. კიდევ ერთხელ: განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს.”

კომენტარები

ბოლო ამბები