Thumbnail
  • რაპიდსა და ბლიცში მსოფლიოს პირველობას მოსკოვი მასპინძლობს
  • პრესტიჟულ ტურნირში 8 ქართველი მოჭადრაკეა ჩართული

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.

შეჯიბრის პირველ დღეს მონაწილეებმა რაპიდის (15 წუთი+10 წამი პირველივე სვლიდან) სასტარტო ტურები მოილიეს და სასიხარულოა, რომ ქალთა შორის ლიდერის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების წევრი მერი არაბიძე (2416) იმყოფება.

არაბიძეს სწრაფ ჭადრაკში მხოლოდ მე-19 განთესვა აქვს, თუმცა, ტურნირის სტარტზე ზედიზედ დაამარცხა ალტან-ულზიი ენხტუული (მონღოლეთი, 2180), ნატალია ბუკსა (უკრაინა, 2275), ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2262) და ეკატერინა გოლცევა (რუსეთი, 2154) და 4.0 ქულა მოაგროვა.

ასეთივე მონაგარი აქვთ რუს ოლგა გირიასა (2365) და რუმინელ ირინა ბულმაგას (2383), თუმცა, ქართველი მოჭადრაკე მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

დღეს, ქალები რაპიდის მომდევნო 4 ტურის პარტიებს ჩაატარებენ. უკვე ცნობილია, რომ მე-5 ტურში არაბიძე თეთრი ფიგურებით ბულმაგას ეთამაშება, გირიას მეტოქე კი ინდოელი ჰამპი კონერუ (2438) იქნება.

ნანა ძაგნიძისთვის რაპიდსა და ბლიცში წარმატება უცხო არაა

მსოფლიოს ჩემპიონატში სხვა ქართველებიც არიან ჩართულნი. ამ დროისთვის, ნანა ძაგნიძესა (2478) და ნინო ბაციაშვილს (2401) 3.0-3.0 ქულა აქვთ და შესაბამისად, მე-13 და 21-ე ადგილები უკავიათ, ნინო ხომერიკი (2327) 2.5 ქულით 32-ეა, ხოლო სოფიო გვეტაძე (2161) 2.0 ქულით 76-ე საფეხურზეა.

ვაჟთა ტურნირში უკვე 5 ტური მიილია და 4.5 ქულით ჩინელი ჰაო ვანგი (2748), ებრაელი ილია სმირინი (2584), აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი (2752), პოლონელი იან-კშიშტოფ დუდა (2751) და ამერიკელი ლეინიერ დომინგეს-პერეზი (2755) ლიდერობენ.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2702) 3.5 ქულით 45-ე ადგილზეა, ჩვენი ქვეყნის სახელით მოთამაშე ექს-ბულგარელ ივან ჩეპარინოვს (2647) 2,5 ქულით 115-ე პოზიცია უკავია, გიგა ყუფარაძე (2595) კი 2.0 ქულით 148-ეა.

სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი 28 დეკემბერს დასრულდება, 29-30 დეკემბერს კი, მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში (3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან) გაეჯიბრებიან. ორივე ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარია.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 1992 წელს რაპიდში ბრინჯაოს მედალი მაია ჩიბურდანიძეს აქვს მოპოვებული, მას შემდეგ კი, კვარცხლბეკზე ასვლას მხოლოდ ნანა ძაგნიძე ახერხებდა.

ძაგნიძემ 2016 წელს დოჰაში (ყატარი) ასევე სწრაფ ჭადრაკში ბრინჯაო დაისაკუთრა, ბლიცში კი, უკეთესი შედეგები აქვს: ოქროს მედალი 2017 წელს, ერ რიადში (საუდის არაბეთი) და ბრინჯაო 2014 წელს, ხანტი-მანსიისკში (რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები