Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. ზედიზედ მეოთხედ, მთავარი ჯილდო ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ტიტულოვან ძალოსანს კონკურენციას მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი უწევდნენ. საუკეთესოები სხვა ნომინაციებშიც გამოარჩიეს. დაჯილდოების შემდეგ, კომენტარები გაკეთდა...

ლაშა ტალახაძე (2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი)

“დიდი მადლობა ყვლას, ვინც მხარი დამიჭირა. წელს ბევრმა სპორტსმენმა ასახელა ჩვენი ქვეყანა და კონკურენცია დიდი იყო. გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი არანაკლებ იმსახურებდნენ გამარჯვებას და ნამდვილად არ დამწყდებოდა გული რომელიმე მათგანზე რომ შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენ სამივე ერთ სიმაღლეზე ვიდექით. ღირსეული კონკურენტები მყავდა და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ 2020 წელს. გამარჯვების და წარმატების მომტანი წელი მოსულიყოს”.

ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი)

“აღმასკომის წევრების გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა ლაშა ტალახაძე. მინდა აღვნიშნო, რომ სამივე სპორტსმენს ეკუთვნოდა ეს აღიარება, თუმცა უპირატესობა ლაშას მიენიჭა. მინდა მივულოცო მას წარმატება და რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება ვუსურვო. ეს იქნება დიდი საჩუქარი საქართველოსთვის და პირადად მისთვის”.

ეთერ ლიპარტელიანი (2019 წლის ოლიმპიური იმედი)

“კარგი წელი მქონდა, რადგან მოვიპოვე სამი ოქროს მედალი, გავხდი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. ოლიმპიურ იმედად დამასახელეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავამართლო ეს ნდობა. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ და გავახარო ქართველი გულშემატკივარი”.

გიორგი იანტბელიძე (2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი)

“რა უნდა იყოს იმაზე დიდი პატივი, როდესაც საუკეთესო მწვრთნელად გასახელებენ. მადლობა ყველას, ვინც დადებითად შეაფასა ჩემი და ჩემი გუნდის მუშაობა. წარმატებული წელი გვქონდა, ორი ოქროს მედალი ავიღეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რითაც ბევრი დიდი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. 2020 წელი ოლიმპიური წელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავახაროთ გულშემატკივარი”.  

კომენტარები

ბოლო ამბები