Thumbnail
  • კავაი ლეონარდის წინააღმდეგ ლეიკერსს დაცვაში არავინ ჰყავს
  • სამქულიანების დაბალმა პროცენტმა ლეიკერსის მარცხი განაპირობა
  • შეტევაში ლეიკერსს კიდევ ერთი ოპცია სჭირდება
  • კლიპერსი ლებრონისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა

ლეიკერსი-კლიპერსის საშობაო დაპირისპირება რეგულარული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციის ლიდერებად მიიჩნევიან და მათ შეხვედრას ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც კლიპერსის ლეიკერსზე 111:106 გამარჯვებაში გამოიკვეთა.

1. ლეონარდი ლიგაში საუკეთესო ჩამგდებია

შესაძლოა, სტატისტიკურად, მაგალითად, ჯეიმს ჰარდენი კავაიზე უკეთესად ყრიდეს - რეგულარულ სეზონში ეს ასეა, თუმცა პლეი ოფის ტიპის შეხვედრებში (და ლეიკერსი-კლიპერსის თამაში, თუნდაც რეგულარულში ასეთია) ლეონარდი უკვე მეორე წელია, ყველაზე მრისხანე იარაღად რჩება. კავაის თამაშის და მომზადების თავისი სტრატეგია აქვს - ე.წ. Load Managment - ის ენერგიას პლეი ოფისა და გადამწყვეტი შეხვედრებისთვის ინახავს. რეგულარულში კავაი სისტემატიურად ტოვებს თამაშებს, ისვენებს, მაინცადამაინც არც MVP-ს ტიტულზე აქვს პრეტენზია და არც რეგულარულის მოგებას ისახავს მიზნად, თუმცა როცა გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება, კავაი შეუჩერებელი ხდება.

ლეიკერსთან წელს ორივე თამაშში იგი საუკეთესო იყო. პირველ მატჩში მას 31 ქულა ჰქონდა, გუშინ - 35 , მათ შორის 11 მეოთხე მეოთხედში, 19-დან 11 ზუსტი სროლა გამოიყენა, მათ შორის 7-დან 5 ზუსტი სამქულიანი, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 8 ჯარიმა ისროლა.

ლეიკერსის დაცვა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა კავაის წინააღმდეგ მათ დაცვაში კარგი ოპცია არ ჰყავთ - ლებრონი 35 წლისაა, დაცვაში ენერგიას ზოგავს და იმ ფიზიკურ კონდიციაში აღარ არის, რომ კავაის წინააღმდეგ მთელი თამაში დაცვა ითამაშოს, ენტონი დევისი სხვა პოზიციაზეა, დენი გრინი კი, რომელიც კავაის ბოლო წუთებში ეთამაშებოდა, მას ვერ აჩერებდა და ლეონარდმა გრინს ბოლო შეტევებში რამდენიმე უაზრო ჯარიმა აკიდა, რამაც კლიპერსს გადამწყვეტი ქულები მოუტანა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

2. ლეიკერსს შეტევაში უჭირს

შეიძლება ვინმე სტატისტიკით შემომედავოს და მითხრას, რომ ლეიკერსი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მართალიც იქნება, თუმცა პლეი ოფის ტიპის თამაშში (როგორიც გუშინ იყო), ლეიკერსს შეტევაში ბევრი იარაღი არ აქვს. ბოლო ორ მეოთხედში კლიპერსმა ლეიკერსს მხოლოდ 45 ქულა ჩააგდებინა (ბოლო მეოთხედში მხოლოდ 20 ქულა). მთელი მეოთხე მეოთხედი კლიპერსი ლეიკერსს სამწამიანში არ უშვებდა და პერიმეტრიდან სროლებს აძლევდა. მეოთხედის დასაწყისში ლებრონის ორი ზუსტი სამქულიანი და რამდენიმე სხვა გრძელი სროლა და ლეიკერსი ანგარიშში წინ გავიდა, თუმცა როგორც კი სამიანები არ წავიდა, ლეიკერსს ჩაყრა ძალიან გაუჭირდა. კლიპერსმა სამწამიანი გადატვირთა - ლებრონს შესასვლელი სივრცე არ ჰქონდა, ენტონი დევისამდე კი ბურთი არ მიდიოდა, შედეგად ბოლო წუთებში რამდენიმე აცილებული სამქულიანი და ბოლო 4 წუთში ლეიკერსმა მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო.

საერთოდაც, ლეიკერსმა 45-დან მხოლოდ 12 სამქულიანი გამოიყენა (ზუსტი სროლების კატასტროფული 26.7 პროცენტი). თუ ლეიკერსის მსროლელებს სამიანები არ მისდით, ლებრონი და დევისი ლეიკერსის ერთადერთი იმედია შეტევაში - კლიპერსის დაცვის წინააღმდეგ სისტემატიურად მხოლოდ ორი მოთამაშით შეტევა ეფექტური სტრატეგია ვერ იქნება.

3. კლიპერსი ლებრონის ყველაზე უხერხული მეტოქეა

მაგალითად, ჰიუსტონ როკეტსს არავინ ჰყავს, ლებრონის წინააღმდეგ ეფექტური დაცვა რომ ითამაშოს. კლიპერსს კი ერთდროულად ასეთი სამი მოთამაშე ჰყავს - კავაი, პოლ ჯორჯი და პატრიკ ბევერლი. ლებრონმა 24-დან მხოლოდ 9 ბურთი ჩააგდო და კლიპერსს იმის ფუფუნება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ დაცვა სხვადასხვა მოთამაშეს ეთამაშა. ანუ, თუ ლეიკერსს არ შეუძლია კავაის წინააღმდეგ ლებრონი ათამაშოს, სხვა კარგი ოპცია კი არ აქვს, კლიპერსს აქვს იმის უფლება, რომ როცა სჭირდება, ლებრონს თავისი ლიდერები დაუპირისპიროს, როცა უნდა კი, ლიდერები დაასვენოს და დაცვაში პატრიკ ბევერლი ათამაშოს. გადამწყვეტ პოზიციაზე ლებრონს სწორედ პატრიკ ბევერლი იცავდა და ბურთი დააკარგვინა - ბევერლი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

4. ლეიკერსს კიდევ ერთი ჩამგდები სჭირდება

გუშინდელმა თამაშმა ნათლად აჩვენა, რომ ლეიკერსს კიდევ ერთი ჩამგდები სჭირდება პერიმეტრზე. კლიპერსსთან თამაში ლეიკერსს სავარაუდოდ პლეი ოფში კიდევ მოუწევს და ლებრონის გვერდით ლეიკერსს ერთი ისეთი მოთამაშე სჭირდება, რომელსაც შეუძლია, სათადარიგო ხუთეულში შეტევას გაუძღვეს, როცა ლებრონს მჭიდროდ კეტავენ, სროლა თავის თავს შეუქმნას და ბურთი გაათამაშოს. ზემოთ ლებრონის ცუდი სტატისტიკა ვახსენე, თუმცა, ამის მიუხედავად, ლებრონი ერთადერთი იყო ძირითადის მოთამაშეებს შორის, რომელსაც დადებითი პირადი ბალანსი ჰქონდა - როცა ის პარკეტზე იყო, ის მონაკვეთი ლეიკერსმა სამი ქულით მოიგო. მის გარეშე ლეიკერსი უშანსოდ იყო (მაგალითად, ენტონი დევისს -10 ჰქონდა).

5. კლიპერსი უპირველესი ფავორიტია

კლიპერსი რეგულარულში საუკეთესო გუნდად არ გამოიყურება, თუმცა, როგორც დიდი თამაშები გვაჩვენებს, ეს გუნდი პლეი ოფისთვის არის შექმნილი. დოკ რივერსს ძალიან ბევრი იარაღი აქვს, მათ შორის ძალიან ძლიერი დაცვა, რაც პლეი ოფში ყველაზე მნიშვნელოვანია. კლიპერსმა რეგულარული, რომც ვერ მოიგოს (რაც ლეონარდის სტრატეგიიდან გამომდინარე, ლოგიკურია), ამან არ უნდა მოგვატყუოს - კლიპერსს სურს, რომ პლეი ოფს დასვენებული შეხვდეს და ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგულარულში მაღალი ადგილი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები