Thumbnail

2019 წლის 10 საუკეთესო თამაში, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • 2019 წლის საუკეთესო 10 თამაში, რომლის გამოცდაც თითქმის ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ
  • სია შეიცავს როგორც სიუჟეტურ, ასევე ონლაინ თამაშებს

2019 წელი დასასრულს მიუახლოვდა და, დროა, წლის საუკეთესო თამაშებზე ვისაუბროთ. 

წლის საუკეთესო თამაშების გამოვლენის ბევრი მეთოდი არსებობს. ოფიციალურ დაჯილდოვებებზე, მაგალითად, Gamer's Choice Awards ან Game of the Year Awards-ზე რომ არაფერი ვთქვათ, ყველა ცნობილი გამოცემა (Kotaku, IGN და სხვა) ყოველწლიურად გვთავაზობს საკუთარი ფავორიტი თამაშების ჩამონათვალს. 

Popsport-ის წლის საუკეთესო თამაშების სიის გამოვლენისას, რამდენიმე კრიტერიუმი გამოვიყენეთ: პირველი, რა საკვირველია, ისაა, რომ თამაში 2019 წელს უნდა იყოს გამოსული. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი: თამაშით დატკბობა ყველა ძირითადი პლატფორმის მომხმარებელს უნდა შეეძლოს (შესაბამისად, ფლეისთეიშენ ექსკლუზივები, მაგალითად, Death Standing, სიაში ვერ მოხვდა). Steam-ზე მაღალი რეიტინგი უნდა ჰქონოდეს და ზოგადად, პოპულარული და გაყიდვადი თამაში უნდა. ყურადღება მიექცა ასევე კარგ სიუჟეტს და გეიმფლეის. ასევე გავითვალისწინეთ ქართველი გეიმერების გემოვნებაც.

წარმოგიდგენთ 2019 წლის საუკეთესო 10 თამაშს, რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშოთ.

10. The Outer Worlds 

საერთო ქულა: 8.0 | დეველოპერი: Obsidian, Remedy | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

2019 წელი საი-ფაი ჟანრისათვის ცუდი წელი იყო: Bethseda-მ და Bioware-მა ჩვენი იმედები ვერ გაამართლეს. თუმცა, სტუდია Obsidian-მა გაგვახარა და ქვესთებით დატვირთული, დინამიური თამაში შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ''The Outer Worlds''-ს სრული ღია სამყარო არ გააჩნია, ეს, ალბათ მისი ერთადერთი ნაკლია: საბრძოლო სისტემა, პერსონაჟები, ქვესთები და გეიმფლეი დახვეწილი და მოქნილია, ატომსფერო კი უნიკალური. ამ თამაშის მეორედ ან მესამედ გავლა ნამდვილად მოგინდებათ. 

9. Metro Exodus

საერთო ქულა: 8.5/10 | დეველოპერი: 4A Games | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

Metro Exodus ''მეტროს'' თამაშებს შორის ნამდვილად საუკეთესოა. ის სერიის დაძაბულ ატმოსფერულ მუხტს სრულიად ახალი სიმძლავრით გვაჩვენებს. მისი ღია, საინტერესო სამყარო კიდევ უფრო დახვეწილი და დიდია ვიდრე ოდესმე და რუსული დისტოპიური იმპერიის მასშტაბით, უამრავ ლოკაციაზე მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს. სიუჟეტი მოულოდნელობითაა სავსე, რომლისგანაც თმა ყალყზე დაგიდგებათ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშმა ბევრი ჯილდო ვერ მოიპოვა და სხვა გიგანტების ჩრდილში მოექცა, Metro Exodus ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას და ჩვენს ათეულში მე-9 ადგილს დამსახურებულად იკავებს.

8. Disco Elysium

საერთო ქულა: 8.7/10 | დეველოპერი: ZA/UM| პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

მართალია, Disco Elysium  PS4-სა და Xbox On-ზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ დეველოპერებმა დაადასტურეს, რომ კონსოლების მოთამაშეებს ამ თამაშით დატკბობა 2020 წლის დასაწყისში უკვე შეეძლებათ. Disco Elysium დამოუკიდებელი თამაშია, რომელი ნოირ-დეტექტიური წიგნისა და სამაგიდო RPG-ს უნიკალურ მიქსს გვთავაზობს და მეტწილად ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიურ მოტივებს ეყრდნობა. მისი მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტი, დახვეწილი პერსონაჟები და მოთამაშის მიერ არჩეული გზის საერთო შედეგზე გავლენა, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებას დაგიტოვებთ. 

7. Control

საერთო ქულა: 8.8/10 | დეველოპერი: Remedy | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

თამაში კარგი სიუჟეტით, რომელიც ერთდროულად გაგვაოცებს და შეგვაშინებს, იშვიათია. Control სწორედ ასეთია: თამაშში, ყველაზე მშვიდ მომენტებშიც კი ვერ იგრძნობთ მოწყენილობას: მისი იდუმალი, ზებუნებრივი ატმოსფერო სულ თან დაგდევთ: სულ იმის შეგრძნება გაქვთ, რომ სადაცაა, რაღაც მოხდება. Control-მა იდეალურად მოახერხა ატმოსფერული ელემენტების ერთმანეთთან შერწყმა - განათება, ჩვეულებრივისა და მოულოდნელი დეტალების შერევა. ამას გარდა, თამაში სრულიად ახალ ხედვის ტექნიკას იყენებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთესად დააფასოთ იგი. რომ არა კომბატში მცირე ჩავარდნები და განმეორებითობა სხვადასხვა ბოსებთან ბრძოლისას, შესაძლოა, Control საუკეთესო ხუთეულშიც მოხვედრილიყო.  თუმცა, ის ამჯერად მე-7 ადგილს დასჯერდა. 
 

6. Risk of Rain 2

საერთო ქულა: 9.0/10 | დეველოპერი: Hopoo Games | პლატფორმები: PlayStation 4, Nintendo Switch, Xbox One, PC

მესამე პირის ხედვის კუთხით აწყობილი შუთერი Risk of Rain 2 ადვილად ჩაგითრევთ მისი მოქნილი სამგანზომილებიანი ექშენითა და დახვეწილი კლასების სისტემით და მოგანდომებთ, თამაში სხვადასხვა კლასით ბევრჯერ გაიაროთ. ესეც რომ მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ მეგობრებთან ერთადაც ითამაშოთ. მართალია, ნეთვორქინგის სისტემას ცოტა დახვეწა არ აწყენდა, თუმცა ეს ალბათ ერთადერთი პრეტენზიაა, რაც Risk of Rain 2-ს მიმართ შეიძლება გაგინჩნდეთ. 

5. Apex Legends

საერთო ქულა: 9.0/10 | დეველოპერი: Respawn | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

Apex Legends ნამდვილად კარგ დროს გამოჩნდა ბაზარზე და სულ რაღაც ერთ კვირაში, 25 მილიონი მოთამაშეც შეაგროვა. Respawn-მა გუნდური ბეთლ როიალის სტილის თამაში სრულიად ახალი კუთხით დაგვანახა და ჟანრში არსებული საუკეთესო მექანიკა და კომუნიკაციის სისტემა შემოგვთავაზა, რომლისგანაც, გიგანტმა სტუდიებმა ნამდვილად ბევრი რამ უნდა ისწავლონ. მართალია, Apex-ს თავადაც ბევრი რამ აქვს ''ნასესხები'' სხვა მულტიფლეიერებისგან (მაგალითად,ultimate abilities სისტემა), თუმცა, Apex-ის პერსონაჟები მაინც შეგაყვარებენ თავს უნიკალური დიზაინით, განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და თითეული ლეგენდისთვის დამახასიათებელი თამაშის სტილით.

Apex-ის სასარგებლოდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Respawn რეგულარულად სთავაზობს გეიმერებს განახლებებს რუკაზე, ბალანსში, კოსმეტიკურ ნივთებში და ახალი გმირების დამატებაც არ ავიწყდება. ასე რომ, Apex Legends-ის თამაში ერთს საღამოს ნამდვილად უნდა სცადოთ. თანაც, ის უფასოა.

4. Star Wars Jedi: Fallen Order

საერთო ქულა: 9.2/10 | დეველოპერი: Respawn | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

''ვარსკვლავური ომების'' მოყვარულები კარგი თამაშებით მაინცდამაინც განებივრებულები არ არიან. დიდი ხანია, ამ ფრენჩაიზში კარგი სიუჟეტური თამაში არ გვინახავს. თუმცა, Star Wars Jedi: Fallen Order ლოდინად ნამდვილად ღირდა. თამაშის როგორც კარგად ნაცნობი, ისე ახალი პერსონაჟები საინტერესო და დაძაბულ სიუჟეტს კრავენ. Star Wars Jedi: Fallen Order ძველ ფანებს ბევრ ახალ ისტორიას სთავაზობს ''ვარსკვლავური ომების'' სამყაროდან, ახალმოსულებს კი დაძაბულ კომბატითა და ლამაზი, გამოსაკვლევად საინტერესო ლოკაციებით იზიდავს.

3. Resident Evil 2

საერთო ქულა: 9.4/10 | დეველოპერი: Capcom | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

საუკეთესო სამეულს Capcom-ის კლასიკური თამაშის, Resident Evil 2: Biohazard-ის რიმეიქი ხსნის. ახალი RE2 ვიზუალითაც, აუდიოთიცა და გეიმფლეითაც სწორედ ისეთია, 2019 წელს რომ შეეფერება. თუ იმ გეიმერების ბანაკში ხართ, რომლებიც ფიქრობენ, რომ Resident Evil-მა ძველი მომხიბვლელობა დაკარგა, ეს თამაში ნამდვილად შეგიცვლით აზრს. კომბატის სტილი ძველებურად მომხიბვლავი და მოქნილია, განახლებული რაქუნ სითი კი ლამაზი და შემაძრწუნებელი. RE2-ით Capcom-მა გვაჩვენა, როგორია ძველი თამაშის კარგი რიმეიქი.

2. Devil May Cry 5

საერთო ქულა: 9.4/10 | დეველოპერი: Capcom | პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

კითხვა თუ რომელი DMC იყო საუკეთესო თამაში ფრენჩაიზში, Devil May Cry 5-ს შემდეგ აღარ არსებობს: სერიის უახლესი თამაში ნამდვილად საუკეთესოა: ის ყველა იმ ტრადიციის დაცვითაა შექმნილი, რომელიც DMC-ს მიმზიდველს ხდის და სამი მთავარი პერსონაჟის ბალანსის პრობლემასაც მშვენივრად ართმევს თავს. დანტესა და ნეროს დაბრუნებასთან ერთად, DMC 5 ახალ პერსონაჟს, V-ს გაგვაცნობს, რომლის მექანიკაც თამაშის ახალ, თავდაცვით სტილს გვთავაზობს, რაც, DMC-ს აქამდე ნამდვილად აკლდა. 

1. Sekiro: Shadows Die Twice

ქულა: 9.8/10 | დეველოპერი: From Software |პლატფორმები: PS4, Xbox One, PC

თამაშების ინდუსტრიაში იშვიათია ისეთი ერთსულოვანი აღიარება როგორიც Sekiro: Shadows Die Twice-ს ერგო წილად. ის კრიტიკოსებისა და გეიმერების ფავორიტია და Game of the Year-ის ჯილდოც დამსახურებულად მოიპოვა. თამაშის დახვეწილი კომბატი, რომელიც სიზუსტეზე აკეთებს აქცენტს, კრეატიული და მოქნილი მენიუსა და საფორთის სისტემები, დინამიური და მისტიური სიუჟეტი: სეკიროს საქებრად მართლაც ბევრი რამის თქმა შეიძლება. თამაში ძველ, კლასიკურ სტილს ახალი პერსპექტივით გვაჩვენებს და გამორჩეულ ადგილს იკავებს არა მხოლოდ 2019 წლის, არამედ ათწლეულის საუკეთესო თამაშებშიც. თუ წელს მხოლოდ ერთი თამაშისთვის შეგიძლიათ დროის გამონახვა, არჩევანი აუცილებლად  Sekiro: Shadows Die Twice-ზე უნდა გააკეთოთ.

2019 წელი გეიმერებისთვის ნამდვილად კარგი წელი იყო. სტატიაში განხილული საუკეთესო ათეულის გარდა, ბევრი კარგი თამაში გამოვიდა: მაგალითად, Mortal Kombat 11, Gears 5, Borderlands 3 და სხვა. თუმცა, 2020 წელი კიდევ უფრო დატვირთული იქნება. ისღა დაგვრჩენია, საფულეები დავაცარიელოთ და დღესასწაულების პერიოდში, შევეცადოთ, რაც შეგვიძლია, მეტი თამაშით დატკბობა მოვასწროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები