Thumbnail
  • დაეცა თუ არა ზაზა ფაჩულია რასელ ვესტბრუკს სპეციალურად?
  • ოკლაჰომას ლიდერმა ქართველს ბინძური მოთამაშე უწოდა.
  • ფაჩულია კაირი ირვინგმა და პოლ ჯორჯმაც გააკრიტიკეს.

ე.წ. Dirty Play, ანუ “ბინძური თამაში” - ზაზას ბრალს კიდევ ერთხელ სდებენ.  მის კარიერაში მსგავსი სიტუაცები ხშირად ყოფილა.

გოლდენ სტეიტისა და ოკლაჰომას შეხვედრაში, რომელიც უორიორსმა 112:80 მოიგო, იყო ეპიზოდი, რომელსაც მატჩის შემდეგ დიდი დისკუსიები მოჰყვა. ამ ეპიზოდში მოქმედი ჩემპიონების ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია და ოკლაჰომას ლიდერი რასელ ვესტბრუკი მონაწილეობდნენ. ჯერ მომენტი ვნახოთ:

მატჩის შემდეგ ვესტბრუკი ფაჩულიაზე გაბრაზებული იყო - მისი აზრით, ზაზა მას ფეხზე განზრახ დაეცა.

“რა იყო ეს? გეკითხებით, ეს რა იყო? - მიმართა ვესტბრუკმა ჟურნალისტს, - მას (ზაზას) ვინმე შეეხო? ეს აშკარად განზრახ გააკეთა! ფაქტია, რომ მას არავინ შეხებია. პირდაპირ ჩემს ფეხზე დაეცა. მისი მიზანი იყო, რომ ტკივილი მოეყენებინა. რა თქმა უნდა, ის ბინძური მოთამაშეა.”

ESPN-ის ჟურნალისტმა კრის ჰეინესმა მომხდარზე კომენტარი ფაჩულიასაც სთხოვა: “არანარი კომენტარი. მისი სიტყვები ბავშვური საქციელია. კარგით რა! ამას არ ვუპასუხებ,” - თქვა ზაზამ.

ეს მომენტი მატჩის მესამე პერიოდში, იმ დროს დაფიქსირდა, როცა მეოთხედის დამთავრებამდე 2:30 წუთი იყო დარჩენილი. სანამ დაეცემოდა, ზაზას უკან მართლაც არავინ იყო და მისთვის არც ხელი უკრია ვინმეს.

ფაჩულიას ბინძური მოთამაშის რეპუტაცია აქვს

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ზაზა ფაჩულიას ბინძურ თამაშზე საუბრობენ. ჩვენს ამერიკელ კოლეგებს მაშინვე გაახსენდათ დასავლეთ კონფერენციის შარშანდელი ფინალები, როცა ზაზამ სან ანტონიოს ლიდერ კავაი ლეონარდს ტრავმა მიაყენა. მაშინ ლეონარდი ზაზას გამოწეულ ფეხს დაახტა და საყოველთაო აზრით, ფაჩულიამ ფეხი განზრახ გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკმა ფაჩულიას “ბინძური თამაში” წინა სეზონშიც იწვნია. ოკლაჰომა გოლდენ სტეიტს სტუმრობდა, ზაზამ რასელს სახეში ჩაარტყა.

ვესტბრუკის და ფაჩულიას მომენტზე კომენტარი გააკეთა ბოსტონ სელტიკსის ვარსკვლავმა კაირი ირვინგმაც: “ლიგამ ამ ტიპს ყურადღება უნდა მიაქციოს, ეს უკვე აბსურდია!” - დაწერა ირვინგმა ინსტაგრამზე.

რასელ ვესტბრუკს თანაგუნდელი პოლ ჯორჯიც გამოექომაგა: “ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. თქვენ იცნობთ ზაზას, იცით მისი ისტორია და ისიც იცით, რომ მას არავინ შეხებია. მისი მიზანი იყო, რომ დაცემულიყო! მისი თამაში სხვებისთვის ტკივილის მიყენებაა,” - განაცხადა პოლ ჯორჯმა.

ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ გამეორებაზე მართლაც ისე ჩანს, თითქოს ზაზამ ეს განზრახ გააკეთა, თუმცა იქვე დასძენენ, რომ შესაძლოა, ასე არც იყოს, რადგან ფაჩულია დიდი და მძიმეა. მათი დასკვნა ასეთია: “100 პროცენტით ვერასდროს გავიგებთ, ზაზამ ეს განზრახ გააკეთა თუ არა. ფაქტია, რომ მის კარიერაში ასეთი მომენტები ხშირად იყო და ფაქტია ისიც, რომ ვიდეო არ იტყუება.

ზაზას და ვესტბრუკის მომენტი სხვა რაკურსით:

კომენტარები

ბოლო ამბები