Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა ოკლაჰომა 112:80 დაამარცხა.
  • დურანტმა და კომპანიამ განსაკუთრებით მეორე ტაიმში იფრინეს.
  • ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ 18 წუთი ითამაშა.
  • ზაზას მონაგარი: 4 ქულა, 6 მოხსნა 2 პასი და 1 დაფარება.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ორივე გუნდს შესანიშნავი შემტევები ჰყავს, პირველ წუთებში მაინც დაცვა იდგა მოწოდების სიმაღლეზე. გოლდენ სტეიტიც და ოკლაჰომაც პირველ მეოთხედში ინტენსიურ და აგრესიულ დაცვას თამაშობდნენ. შესაბამისად, უორიორსმა პირველი მეოთხედი მხოლოდ 5-ქულიანი უპირატესობით, 24:19 მოიგო.

► “დიახ, ფაჩულია ბინძური მოთამაშეა!” რასელ ვესტბრუკი და სხვები ზაზაზე გაბრაზდნენ

ასევე გაგრძელდა მეორე მეოთხედშიც. ასე განსაჯეთ, პერიოდის შუაში იყო 4-წუთიანი მონაკვეთი, როცა გოლდენ სტეიტს შეტევაში აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა. თუმცა მერე იყო სტივ კერის გუნდის 7:0 გაქცევა, რითაც გოლდენ სტეიტმა არა მარტო სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, არამედ თამაშზე მისთვის ჩვეული კონტროლიც დაამყარა. მოქმედმა ჩემპიონებმა პირველი ტაიმი 52:45 მოიგეს.

ფაჩულიამ კარის ბრწყინვალე პასის შემდეგ ჩატენა

მატჩის მეორე ნახევარი ოკლაჰომამ უკეთ დაიწყო. რასელ ვესტბრუკის დამსახურებით, სტუმრებმა 11:0 გაქცევა მოახერხეს და თამაში ისევ ძალიან დაიძაბა. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა - უორიორსმა ორაკლ არენას პუბლიკა მალევე აღაფრთოვანა. გოლდენ სტეიტმა ოკლაჰომას 9:0 გაქცევით უპასუხა. მესამე პერიოდის მიწურულს კევინ დურანტმა, ანდრე იგუდალამ და ნიკ იანგმა უმნიშვნელოვანესი 3-ქულიანები ჩაყარეს, კერის გუნდმა დაცვაში სტაბილურობა შეინარჩუნა და უპირატესობა 18 ქულამდეც კი გაზარდა.

ბოლო პერიოდში გოლდენ სტეიტმა ოკლაჰომას აღარაფერი გააბედინა. იყო დრეიმონდ გრინის შესანიშნავი ჩატენვა და მასპინძლები 24 ქულითაც დაწინაურდნენ - ვესტბრუკი და კომპანია უშანსოდ იყვნენ.

საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 28 ქულა მოიპოვა და 5 მოხსნაც მიითვალა. ცხადია, მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტეფ კარიც (21 ქულა, 9 მოხსნა). სათადარიგოთა სკამიდან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იანგმა (16 ქულა, +23) და იგუდალამ (7 ქულა, 7 პასი, +29). კლეი ტომპსონს შეტევაში პრობლემები ჰქონდა (11 ქულა, 1 სამქულიანი), მაგრამ სამაგიეროდ, დაცვაში ითამაშა იდეალურად.

პრობლემები ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ ძალიან ცუდი დღე ჰქონდა ოკლაჰომას ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშეს, პოლ ჯორჯს - მან მხოლოდ 5 ქულა დააგროვა! კარგად ითამაშეს კარმელო ენტონიმ (14 ქულა), სტივენ ადამსმა (14 ქულა, 7 მოხსნა) და, რა თქმა უნდა, რასელ ვესტბრუკმა (15 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი). თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო იმისათის, რომ ოკლაჰომას გოლდენ სტეიტი დაემარცხებინა.

ფაჩულიას ნაცვლად მაკგით დაწყება ამართლებს?

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას - გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ისევ არ იყო სასტარტო ხუთეულში. უორიორსის მწვრთნელმა სტივ კერმა ჯერ კიდევ კლიპერსთან მატჩის შემდეგ თქვა, რომ სტარტერი ოკლაჰომასთანაც ჯავეილ მაკგი იქნებოდა.

თუმცა ფაჩულიამ 18:29 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში, მაკგიზე შედეგიანი იყო. ზაზამ 4 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში, 4 დაცვაში) და 2 პასი გააკეთა. მის აქტივში ასევე იყო 1 დაფარებაც და ზაზამ ერთხელ დაკარგა ბურთი. აღსანიშნავია ზაზას ეფექტური ჩატენვა სტეფ კარის ბრწყინვალე პასის შემდეგ.

და როგორ ითამაშა მისმა კონკურენტმა? მაკგიმ პარკეტზე გაცილებით ნაკლები დრო, 10:26 წუთი გაატარა. მისი მონაგარი ასეთია: 2 ქულა, 6 მოხსნა (ყველა დაცვაში) და 0 პასი. მანაც 1 დაფარება მიითვალა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

თუმცა, სტივ კერის მიზანი მიღწეული ჩანს - თამაშის მაკგით დაწყება დაცვისთვის უკეთესი ჩანს!

ოლ სტარის პაუზამდე, როცა სასტარტოში თამაშს ფაჩულია იწყებდა, პირველ მეოთხედში გოლდენ სტეიტს მეტოქეები საშუალოდ 30 ქულას უგდებდნენ. მაკგისთან ერთად, პირველ პერიოდში დაცვა კლიპერსთანაც (23 მიღებული ქულა პირველ მეოთხედში) კარგი იყო და ოკლაჰომასთანაც (19). ვესტბრუკმა და კომპანიამ პირველ 12 წუთში ტყორცნების მხოლოდ 21,4 პროცენტი ჩააგდეს და ჯამში 19 ქულა ჰქონდათ).

კომენტარები

ბოლო ამბები