Thumbnail
  • არგენტინელი და პორტუგალიელი დეკადის საუკეთესო მოთამაშეები არიან
  • სტატისტიკის მიხედვით, ლეო მესი კრიშტიანო რონალდოს 5:2-ს უგებს

2019 წელი სრულდება და ამით დეკადა მთავრდება. საფეხბურთო სამყაროში კი დავობენ, თუ ვინ იყო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე - ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო. გთავაზობთ არგენტინელისა და პორტუგალიელის სტატისტიკურ შედარებას დეკადის (2010-2020) მიხედვით.

2019 წელი მესიმ დადებით ნოტაზე დაასრულა. მისმა გუნდმა ალავესს 4:1 მოუგო. რონალდოსთვის კი წელი წარუმატებლობით დასრულდა. პორტუგალიელის იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი ლაციოსთან დათმო (1:3).

საკლუბო დონეზე გატანილი გოლები - მესი 522:478 რონალდო

არგენტინელს ბოლო ათწლეულში ყოველ წელიწადს, საშუალოდ, დაახლოებით 52 გოლი გაჰქონდა, რომალდოს მაჩვენებელი კი 47 გოლია. მესის საუკეთეს წელი 2012 წელს ჰქონდა, როდესაც მან მარტო ბარსელონას მაისურით 79 გოლი გაიტანა. პორტუგალიელისთვის ამ მხრივ საუკეთესო 2013 წელია. მან აღნიშნულ წელში მადრიდის რეალის რიგებში 59 გოლის გატანა შეძლო.

საგოლე პასები (მხოლოდ კლუბში) - მესი 205:140 რონალდო

ისევე, როგორც გოლების რაოდენობით, ლეომ კრიშტიანოს საგოლე გადაცემებშიც აჯობა. არგენტინელი ათიანი დეკადის ბოლო წლებში უფრო სიღრმიდან თამაშობდა და საგოლე გადაცემებსაც უფრო ხშირად აკეთებდა, ვიდრე რონალდო, რომელიც ცივსისხლიან ფორვარდად ჩამოყალიბდა, თუმცა მისი საგოლე პასებიც რაოდენობაც შთამბეჭდავია.

კლუბში მოპოვებული ტიტულები - მესი 23:17 რონალდო

მესიმ ბარსელონასთან ერთად ათწლეულში ლა ლიგის მოგება 7-ჯერ მოახერხა, რაც რა თქმა უნდა, დიდებული მაჩვენებელია.  რონალდომ მხოლოდ 2-ჯერ შეძლო ლა ლიგის მოგება და ერთხელ სერია A-ს, თუმცა პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ტიტულებით ლიდერობს. კრიშტიანომ ლიგა 4-ჯერ მოიგო 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში. მესიმ კი მხოლოდ ორჯერ - 2011 და 2015 წლებში.

სანაკრებო გოლები - რონალდო 77:57 მესი

კრიშტიანო სანაკრებო დონეზე უფრო მეტად წარმატებულია ვიდრე, ლეო. მან დეკადის განმავლობაში მესიზე 20-ით მეტი გაიტანა. პორტუგალიელი კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს. მას ჯამში ნაკრების მაისურით 99 გოლი აქვს გატანილი და ირანელ რეკორდსმენს, ალი დაეის 10 გოლით ჩამორჩება.

სანაკრებო ტიტულები - რონალდო 2:0 მესი

რონალდოსა და პორტუგალიისთვის დეკადის მეორე ნახევარი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. კრიშტიანომ ეროვნულ გუნდთან ერთად 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2019 წელს კი - ერთა ლიგა. ამ მხრივ, მესისთვის ცუდი ათწლეული გამოდგა - მან არგენტინასთან ერთად 3 ფინალი წააგო. ლიონელი თავის პირველ სანაკრებო ტიტულთან და მსოფლიოს ჩემპიონობასთნ ახლოს 2014 წელს იყო, თუმცა მაშინ მუნდიალის ფინალი გერმანიასთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. შემდეგ იყო ორი წაგებული კოპა ამერიკის ფინალი ჩილესთან 2015 და 2016 წლებში.

ოქროს ბურთი ამ დეკადაში - მესი 5:4 რონალდო

2010-2019 წლებში ოქროს ბურთზე მესისა და რონალდოს სრული დომინირება ვიხილეთ. დეკადის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა ისე, რომ აღნიშნული ჯილდო მათ გარდამ სხვამაც მოიგო. ეს მოთამაშე ხორვატი ლუკა მოდრიჩია, რომელმაც ოქროს ბურთი 2018 წელს მოიგო და მესისა და რონალდოს დომინირებაში ჩაერია. 2019 წლის ოქროს ბურთს ისევ მესიმ დაეუფლა. საერთო ჯამში არგენტინელს 6 ოქროს ბურთი აქვს, პორტუგალიელს კი 5. არგენტინელმა ოქროს ბურთი პირველად 2009 წელს მოიგო, პორტუგალიელმა კი - 2008-ში.

საშუალო რეიტინგი - მესი 8.62:8.05 რონალდო

WhoScored.com-ის მიხედვით, მესის შეფასება საშუალოდ ერთ მატჩში 8.62 გახლდათ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რონალდოს მადრიდის რეალში საშუალოდ 8.17 ქულით ფასდებოდა. იუვეში მისი რეიტინგი დაეცა და 7.58-ს შეადგენს, ჯამში კი მისი ათწლეულის საშუალო რეიტინგი - 8.05-ია.

საბოლოო შედეგი - მესი 5:2 რონალდო

ჩამოთვლილი 7 კომპონენტიდან მესიმ რონალდოს 5 შემთხვევაში აჯობა. ათწლეულის მანძილზე მათი კონკურენცია ფეხბურთს უფრო ალამაზებდა და საინტერესოს ხდიდა. მათი დუელი გრძელდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მათი ასაკიც - ორი გენიალური მოთამაშის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები