Thumbnail

'ფაქტობრივად თავიდან აშენდება' - როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეორე პრესკონფერენცია ევრობასკეტთან დაკავშირებით
  • პაატა გურასპაულმა და შალვა გოგოლაძემ არენის შესახებ განმარტებები გააკეთეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2021 წლის ევრობასკეტისთვის თბილისში ახალი არენა არ აშენდება, მატჩებს კი რეკონსტრუქციის შემდეგ, ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. გულშემატლკივართა ნაწილში ამან უკმაყოფილება გამოიწვია და შედეგად, ამ თემაზე კიდევ ერთი პრესკონფერენცოა დაიგეგმა. ჟურნალისტთა წინაშე საქართველოს მეცნიერენის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბას ბორდის წევრი გიგა ქართველიშვილი და ვეტერანი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი წარსდგნენ…

შალვა გოგოლაძე (სპორტის მინისტრის მოადგილე)

“ისტორული მოვლენა იყო, რომ საქართველომ მოიპოვა ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება და ყველაფერი კეთდება, რომ ეს ტურნირი ღირსეულად ჩავატაროთ. იყო რამდენიმე ვარიანტი - მათ შორის, როგორც ახალი არენის აშენება, ისე რომელიმე არენის რეკონსტრუქცია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტების, რაც უნდა დავიცვათ და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ამას ვერ გადავუხვევთ. ეს უნდა იყოს დაცული.

ექსპერტების ჩართულობით და ფიბასთან მუშაობით, შეთანხმებული იქნა, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ოლიმპიური არენის გადაკეთება და რეკონსტრუქციაა. თავიდანვე განიხილებოდა რეკონსტრუქცია. 200 მილიონამდე ბიუჯეტი ჰქონდა ახალ სასახლეს, ხოლო რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად ზოგავს ხარჯებს.

ექსპერტებმა ისიც დაადგინეს, რომ ოლიმპიურ სასახლემდე მოსავლელი გზა გაუძლებს ნაკადს და ზოგადად, ინფრასტრუქტურულად ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ძალიან მალე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ნახავთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ დავაკმაყოფილებთ ყველა პირობას."

გიგა ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბას ბორდის წევრი)

“შეიქმნა აზრი, რომ ეს ყველაფერი არაორგანიზებულად ხდებოდა, მაგრამ აგიხსნით: თავიდანვე გვქონდა შეტანილი გეგმაში, რომ შესაძლებელი იყო არსებული ინფრასტრუქტურის გადაკეთება. თუმცა, აქ ოლიმპიურ სასახლეში, იმდენად იცვლება ყველაფერი, რომ ფაქტობრივად ახალი არენის მშენებლობა გამოდის. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. კი არ გადაკეთდება, ფაქტობრივად თავიდან აშენდება.

ბოლოს 3 კვირის წინ გვქონდა შეხვედრა ფიბასთან და დაგვთანხმდნენ ყველაფერზე. მათი მოთხოვნით, დარბაზი მინიმუმ 10 000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი. ამ და სხვა კრიტერიუმებს ეს არენა ბოლომდე დააკმაყოფილებს. საგანგაშო არაფერი არ არის. თუ დავინახეთ, რომ საფრთხეა, ჩვენ გავასაჯაროვებთ პირველი, მაგრამ ეს საფრთხე არ არსებობს. არენის მშენებლობა დაიწყება იანვარში. 100%-იანი გარანტია გვაქვს პრემიერმინისტრისგან, ხელისუფლებისგან და სრული პასუხისმგებლობებით ვეკიდებით ამ საკითხს."

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) 

"ბევრი ინტერვიუ მქონდა და არასდროს დამისვამს კითხვის ნიშანი. სულ იმას ვამბობდი, რომ მიმდინარეობდა მუშაობა და შედეგად, მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ თქვენი მხარდამჭერა გვჭირდება და ამ დროს აიტაცეს, რომ არ შენდება. როგორ არ შენდება, აბა რა იქნება ეს დარბაზი? ეს იქნება ახალი, მულტიფუნქციური არენა, რომელიც ევრობასკეტის მერეც სპორტის არაერთ სახეობას უმასპინძლებს. ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ რაიმე სახის საფრთხე იქნება. მთავრობასთან ერთად მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისათვის, რომ ამ ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ".

მანუჩარ მარკოიშვილი (ვეტერანი კალათბურთელი)

"იმედია, ევრობასკეტს ღირსეულად ვუმასპინძლებთ ეს იქნება ის ტურნირი, რომელიც ქართულ კალათბურთს კიდევ უფრო დაუმკვიდრებს ადგილს ევროპაში. არაფერი არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ და კარგად ვიასპარეზოთ ამ ტურნირზე. სადაც ჩატარდა ევრობასკეტის ჯგუფები, შემდეგ იმ ქვეყნებში ძალიან განვითარდა კალათბურთი და კარგი შედეგები დადეს მომავალში. ეს ჩვენი კალათბურთისთვის, ახალი თაობისთვის ძალიან კარგი შანსია.

ჩვენი ახალგაზრდები ნახავენ თუნდაც ჩამოსული გულშემატკივრებისგან, თუ რას ნიშნავს, გიყვარდეს კალათბურთ, გიყვარდეს შენი გუნდი. ხშირად ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩვენ კი არ წავსულიყავით, არამედ ჩვენთან ჩამოსულიყვნენ და აი, ეს მომენტიც დადგა."

კომენტარები

ბოლო ამბები