Thumbnail
  • TRANSFERMARKT-მა რუსეთის, დანიის, ჰოლანდიისა და ესპანეთის ფასები განაახლა
  • საბა კვერკველია აღარ არის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

transfermarkt.com-მა ფეხბურთელთა ფასებში მორიგი ცვლილებები განახორციელა, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს შეეხო. რუსული პრემიერ-ლიგა ზამთრის შესვენებაზე გავიდა და ინტერნეტ პორტალმაც, სეზონის პირველი ნახევრის მიხედვით, მოთამაშეების საბაზრო ფასები შეცვალა.

🗒 მეტი ამ თემაზე:

კვერკველია აღარ არის ყველაზე ძვირადღირებული

მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის მცველი საბა კვერკველია €10 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, რაც ქართული რეკორდია. თუმცა საბას საერთოდ არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა 2019/20 წლების სეზონის პირველ ნახევარში (თითო მატჩი პრემიერ-ლიგაში, რუსეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე). ამიტომაც მისმა ფასმა 2 მილიონით მოიკლო.

ლოკომოტივში თამაში იშვიათად უწევს

ახლა კვერკველია €8 მილიონი ღირს. რაც უკვე აღარ არის ქართველთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი - გენტის 20 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მასზე ძვირია - €9 მილიონი.

ქართველ ლეგიონერთა პროგრესი რუსეთში

ცვლილებები დადებითად აისახა რუსეთში მოთამაშე რამდენიმე ლეგიონერზე. მაგალითად, ტულის არსენალის ვიცე-კაპიტანი გია გრიგალავა €2.5 მილიონი ღირს (+ €750 000). 30 წლის გრიგალავამ პრემიერ-ლიგაში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

€2.5 მილიონი ღირს ჯიმი ტაბიძეც. უფას 23 წლის მცველის ფასი ზუსტად მილიონით გაიზარდა. ჯიმიმ პრემიერ-ლიგაში 15 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

დავითაშვილისა და კვარაცხელიას პროგრესი აშკარაა

€2.5 მილიონი გახდა 18 წლის ზურიკო დავითაშვილის ფასიც, აქაც ზუსტად მილიონიანი ზრდაა. რუბინის ნახევარმცველმა პრემიერ-ლიგაში 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იმავე წყაროს ინფორმაციით, სეზონის წინ რუბინმა თბილისის ლოკომოტივს €500 ათასი ევრო გადაუხადა. ახლა კი ის ხუთჯერ ძვირია.

€2.5 მილიონია 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ფასიც. დავითაშვილის გუნდელიც მილიონით გაძვირდა. ხვიჩას ანგარიშზე პრემიერ-ლიგაში 17 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

რუბინის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ბექა მიქელთაძემ ფასში მცირედით მოიმატა - €600 ათასი (+100 ათასი). 

ჯანო მინუსში

ჯანო ანანიძე იშვიათად თამაშობს

რუსეთში ფასების განახლება უარყოფითი კუთხით შეეხო მოსკოვის სპარტაკის ქართველ ლეგიონერ ჯანო ანანიძეს ის €1 მილიონი ღირდა, ახლა კი €800 ათასია ჯანოს საბაზრო ფასი. ჯანომ პრემიერ-ლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ევროპული ამბები

რუსულ პრემიერ-ლიგაზე ერთი დღით ადრე "ტრანსფერმარკტმა"ფასები დანიურ სუპერლიგაშიც განაახლა. 25 წლის საბა ლობჟანიძე რანდერსის ერთ-ერთი ლიდერია, მისმა ფასმაც მოიმატა, ოღონდ, მცირედით - ახლა საბა 100 ათასით მეტი ღირს - €1 მილიონი. სუპერლიგაში ლობჟანიძემ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

საბას ფასი უკვე მილიონი ევროა

სამაგიეროდ, შემცირდა ლაშა პარუნაშვილის ფასი - მილიონიდან €800 ათასამდე. პარუნაშვილმა სუპერლიგაში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

ჰოლანდიის ერედივიზიეში ერთადერთი ლეგიონერი გვყავს - გიორგი აბურჯანია. ახლა ის €600 ათასი ღირს (-100 ათასი). აბურჯანიამ 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 

ესპანურ სარაგოსაში მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილის ფასიც შემცირდა - ის დღეიდან €500 ათასი ღირს. 

TOP 15. transfermarkt

1. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - €9 000 000

2. საბა კვერკველია (ლოკომოტივი) - €8 000 000

3. დავით ხოჭოლავა (შახტარი) - €5 000 000

4. გია გრიგალავა (არსენალი ტ.) - €2 500 000

5. გიორგი ქვილითაია (გენტუ) - €2 500 000

6. ჯიმი ტაბიძე (უფა) - €2 500 000

7. ზურიკო დავითაშვილი (რუბინი) - €2 500 000

8. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) - €2 500 000

9. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - €2 000 000

10. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - €1 500 000

11. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - €1 500 000

12. ლუკა ზარანდია (ვარეგემი) - €1 300 000

13. ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - €1 250 000

14. გიორგი მაკარიძე (სეტუბალი) - €1 200 000

15. გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი) - €1 200 000

კომენტარები

ბოლო ამბები