Thumbnail

იუვეს ზედიზედ მეორე მარცხი - სუპერთასის შემდეგ სარი თავს იმართლებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სარი ლაციოსთან მარცხს გადატვირთულ გრაფიკს აბრალებს
  • მისი თქმით, გოლები განაპირა მცველების ბრალი იყო
  • ლაციო ფორმას თუ შეინარჩუნებს, სკუდეტოსთვის იბრძოლებს

ლაციოსთან იუვემ ორკვირიან მონაკვეთში ზედიზედ ორი მატჩი დათმო ერთნაირი ანგარიშით 3:1. თუკი ჩემპიონატში მარცხის მიუხედავად, იუვე ლიდერებს შორის არის, გუშინდელი წაგება ტურინელებს სუპერთასის დათმობად დაუჯდათ.

მეტი ამ თემაზე: იუვეს მარცხი საუდის არაბეთში - ლაციო იტალიის სუპერთასის მფლობელია!

მატჩის შემდეგ მაურიციო სარი ძირითადად თავს იმართლებდა და მარცხს არა არასწორ ტაქტიკას, არამედ გადატვირთულ გრაფიკს და ლაციოს კარგ ფორმას აბრალებდა.

მაურიციო სარი: "ძალიან გამიკვირდა, რომ თამაშის ბოლოში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია აღარ დაგვრჩა. ეს შეიძლება მოხდეს ზედიზედ ჩატარებული 8 შეხვედრის შემდეგ - ჩვენ ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობდით".

ლაციო მესამე გოლს ზეიმობს

სარიმ თამაში ისევ რონალდო-იგუაინი-დიბალას სამეულით ჩაატარა, თუმცა მისი თქმით, ამ ფაქტს წაგებასთან კავშირი არ აქვს. გაშვებულ გოლებში მან განაპირა მცველები დაადანაშაულა, დე შილიოს ძირითადში დაყენება კი, რის გამოც მას ბევრი კრიტიკა შეხვდა, იმით ახსნა, რომ მატია სხვებზე მეტად დასვენებული იყო:

"თქვენ შემტევი სამეულის შესახებ ბევრი რამ შეგიძლიათ მკითხოთ, თუმცა, ფაქტია, რომ ორი გოლი  მხოლოდ მაშინ გავუშვით, როდესაც იგუაინის ნაცვლად დამატებითი ნახევარმცველი შემოვიყვანე. გოლები უფრო განაპირა მცველების ბრალი იყო. მათ შეეძლოთ ცენტრალურ მცველებს უკეთ დახმარებოდნენ.

"დე შილიო მთელი ცხოვრება მარჯვენა მცველად თამაშობს. ოთხშაბათს, სამპდორიასთან მას არ უთამაშია და დასვენებული იყო, ამიტომაც ვათამაშე".

სარიმ ლაციოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რომაელები ასეთ ფორმას შეინარჩუნებენ, სკუდეტოსთვის იბრძოლებენ.

"ლაციო ახლა ჯადოსნურ ფორმაშია და ყველაფერი გამოსდის. ყველაფერი შეიძლება ორ-სამ თვეში შეიცვალოს, მაგრამ თუ ესე გააგრძელებენ, მათ ვერავინ შეაჩერებს".

კომენტარები

ბოლო ამბები