Thumbnail

'დღეს კარგი მწვრთნელი ის ჰგონიათ, ვისაც წაგება 0 აქვს' - მოურინიოს სარკაზმი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჟოზე მოურინიო ლონდონის არსენალში მიკელ არტეტას დანიშვნას გამოეხმაურა
  • პორტუგალიელის აზრით, კლუბები მწვრთნელების გამოცდილებას აღარ აფასებენ
  • 56 წლის სპეციალისტმა ამ პრობლემაზე ჩვეული ირონიით ისაუბრა

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ დღეს კლუბები დაუმსახურებლად  აიგნორერებენ იმ სპეციალისტებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. 

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელად 37 წლის მიკელ არტეტა დაინიშნა - მანჩესტერ სიტიში ხოსეპ გვარდიოლას ყოფილი ასისტენტი, რომელსაც მთავარ მწვთნელად აქამდე არასდროს უმუშავია. არადა, ლონდონელი მეთოფეების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პრეტენდენტად კარლო ანჩელოტიც სახელდებოდა.

37 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბთან 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

"უწინ საუკეთესო მწვრთნელები ისინი იყვნენ, რომლებსაც დიდი რაოდენობით გამარჯვებები ჰქონდათ, დღეს კი ასეთებად მათ მიიჩნევენ, რომლებსაც ნაკლები წაგება აქვთ.

ანჩელოტიმ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გახდა იტალიის, საფრანგეთის, ინგლისის ჩემპიონი, ყველგან მოიგო თასები, მაგრამ დაახლოებით 200 მატჩი წააგო. მე 150-180 მარცხი მაქვს და კარლო ცოტათი უფროსია ჩემზე.

ვფიქრობ, დღეს საქმე იმაში კი აღარ არის, რამდენჯერ მოიგე, არამედ იმაში, რამდენი წააგე. გამოდის, რომ საუკეთესო მწვრთნელებად იმათ მიიჩნევენ, რომლებსაც წაგების გრაფაში ნული აქვთ.

კლუბები ათვალიერებენ რეზიუმეს და წაგებათა რაოდენობას აკვირდებიან. შედეგად, სამუშაოს ის იღებს, ვისაც ნაკლები მარცხი აქვს. სხვა მიზეზი ვერ მიპოვნია", - ამბობს 56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედან გათავისუფლების შემდეგ, თითქმის ერთი წელიწადი უსაქმოდ იყო.

ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელად ახლახან 37 წლის მიკელ არტეტა დაინიშნა, რომელიც მანამდე 3,5 წელიწადის განმავლობაში სიტიში ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა. 

60 წლის კარლო ანჩელოტი, რომელიც ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, ბოლოს ნაპოლის წვრთნიდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაითხოვეს. ამჟამად იტალიელი სპეციალისტის მომავალს ევერტონს უკავშირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები