Thumbnail
  • ლონდონის არსენალმა ახალი თავკაცი წარადგინა
  • მიკელ არტეტა აქამდე მანჩესტერ სიტიში მუშაობდა

მიკელ არტეტა ლონდონის არსენალის ახალი მწვრთნელია. 37 წლის სპეციალისტმა, რომელიც მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა, “მეთოფეებთან” 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის, არტეტა არსენალის მაისურით 2011-2016 წლებში თამაშობდა (149 მატჩი ჩაატარა), ამდენად, ლონდონური კლუბი მისთვის უცხო ნამდვილად არაა.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეებმა” ნოემბრის მიწურულს კიდევ ერთი ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი დაითხოვეს და მას შემდეგ, დროებითი თავკაცის როლს შვედი ფრედი ლიუნგბერგი ასრულებდა.

"ეს უდიდესი პატივია. არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩვენ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ეს, ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს მკაფიოდ დავადასტურეთ.

ვიცი, რომ ამისთვის დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ, თუმცა, წარმატების მტკიცედ მჯერა. არსენალში უმაღლეს კლასის ფეხბურთელები არიან შეკრებილნი და ამასთან, არაერთი ნიჭიერი მოთამაშე მოდის. რეალისტი ვარ და ვიცი, ყველაფერი სწრაფად არ მოვა, თუმცა, ამ ერთობლიობამ შედეგი აუცილებლად უნდა მოიტანოს", - აღნიშნა არტეტამ.

არსენალს ინგლისურ პრემიერლიგაში 22 ქულა აქვს და 17 ტურის თავზე მე-10 ადგილი უკავია. ლონდონელებს მორიგი მატჩი ხვალ, სტუმრად, ევერტონთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები