Thumbnail

'საფრანგეთის ნაკრებს ალბათ ზიდანი ჩაიბარებს' - დიდიე დეშამის პროგნოზი

  • საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა პოსტზე სავარაუდო მემკვიდრეზე ისაუბრა
  • დიდიე დეშამს ეროვნულ გუნდთან ხელშეკრულება 2022 წელს უმთავრდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მის ადგილს ერთ დღეს მადრიდის რეალის ამჟამინდელი თავკაცი ზინედინ ზიდანი დაიკავებს.

ზიზუმ და დეშამა 1998 წელს ერთად  მუნდიალი მოიგეს

"მომდევნო მწვრთნელი შესაძლოა ზიდანი იყოს. ადრე თუ გვიან, ის ჩაიბარებს ეროვნულ გუნდს. მწვრთნელებისთვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. კარიერის ხანგრძლივობა შედეგებზეა დამოკიდებული", - აქვეყნებს MARCA დიდიე დეშამის სიტყვებს, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

51 წლის დეშამი საფრანგეთის ეროვნულ გუნდს 2012 წლიდან წვრთნის, სადაც ლორან ბლანი შეცვალა. დეშამის ხელში “მამლებმა” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიასთან დამარცხდა (0:1). 

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 წლებში წვრთნიდა და გუნდს სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა. 47 წლის ფრანგი სპეციალისტი ამ პოსტზე უკვე 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და “სამეფო კლუბთან”  კონტრაქტი 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები