Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 111:104 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • კონფერენციების ლიდერების დაპირისპირება ტოპ-მატჩი გამოვიდა

საკალათბურთო სამყარო NBA-ს პირველი წრის მთავარ შეხვედრას მილუოკისა და ლეიკერსს შორის მოუთმენლად ელოდა. ორივე გუნდი თავისი კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონატის პირველ 30 თამაშში მხოლოდ 4-4 წაგება აქვთ. გარდა ამისა, ეს იანისისი და ლებრონის, NBA-ს ორი მთავარი სუპერვარსკვლავის და MVP-ობის ორი კანდიდატის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. ინტრიგას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ დიდია იმის ალბათობა, ეს გუნდები წლევანდელ სუპერფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

მილუოკი მაღალ ტემპში შეუჩერებელია

თამაში ისე დაიწყო, რომ ლეიკერსს თითქოს უშანსოდ უნდა წაეგო. პირველი ნახევარი მილუოკიმ 19 ქულით მოიგო. ბაქსი მთელს ლიგაში საუკეთესოა მაღალ ტემპში თამაშის დროს - რაც უფრო მაღალია ტემპი, იანისი უფრო უკეთ პოულობს სივრცეებს და უფრო იოლად იყენებს თავის ათლეტიზმსა და სისწრაფეს. ლეიკერსი უფრო მეტად ტრადიციულ კალათბურთს თამაშობს - ტემპს აგდებს, აქცენტს სიმაღლესა და მასაზე (და არა სისწრაფეზე) აკეთებს და ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით უტევს. მოკლედ, ამ ორივე გუნდს თავისი სცენარი აქვს, რომელშიც უფრო დომინანტურად გამოიყურება. მატჩის პირველ ნახევარში ლეიკერსი მილუოკის სწრაფ თამაშში აჰყვა და უშანსოდ წააგო.

მეორე ნახევარში ლოს ანჯელესელებმა ტემპი უფრო დააგდეს და ტაიმი 12 ქულით მოიგეს, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს - მილუოკი-ლეიკერსის შეხვედრაში თამაშის ტემპი და სისწრაფე შედეგს დიდწილად განსაზღვრავს. მილუოკი სწრაფ თამაშში ფავორიტია, დაბალ ტემპში იანისი თავისი ყველაზე ძლიერ მხარეებს ნაკლებად ეფექტურად იყენებს და ლეიკერსი უფრო უკეთესად გამოიყურება.

მილუოკის აგრესიულმა დაცვამ ლებრონი შეაწუხა

მილუოკი აქცენტს მობილურ და აგრესიულ დაცვაზე აკეთებს. მეტოქეს ბაქსი ძირითადად პერიმეტრზე უტევს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ლებრონს (და მთლიანად ლეიკერსს) არცთუ ისე იოლი დღე ჰქონდა. კალიფორნიელებმა 19-ჯერ დაკარგეს ბურთი და მილუოკის დამატებით 14 ჩაჭრა ჰქონდა (ლეიკერსს მხოლოდ 4). დაკარგვები და ჩაჭრები ღია კორტში, დიდ სივრცეში, შეტევას და იოლ ქულებს ნიშნავს, მით უმეტეს, როდესაც ამ სივრცეს იანისთან ერთად უტევ.

ლებრონმა შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა - 21 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი. ამის მიუხედავად, ეს მისთვის საუკეთესო დღე არ იყო - 19-დან მხოლოდ 8 ბურთი ჩააგდო და მისი მოედანზე ყოფნის მონაკვეთი ლეიკერსმა 14 ქულით წააგო.

ენტონი დევისს ვერავინ აჩერებს

ენტონი დევისი ლიგაში საუკეთესო ჩამყრელი 'დიდია'. მას უბრალოდ ვერავინ აჩერებს. მილუოკის არცერთი მოთამაშე არ ჰყავს, რომელსაც სამწამიანში დევისის გაჩერება შეუძლია. სწორედ ამიტომ გააკეთეს მათ აქცენტი აგრესიულ პრესინგზე პერიმეტრზე, რათა დევისამდე ბურთის მიტანა თავიდან აეცილებინათ. დევისმა 43 წუთი ითამაშა, 36 ქულა ჩააგდო, 17-ჯერ დადგა საჯარიმო ხაზზე და ერთადერთი, რაც არ გამოუვიდა სამქულიანების სროლაა - 6-დან მისი არცერთი სამიანი არ წავიდა.

მილუოკიმ თამაში პერიმეტრიდან მოიგო

შედეგი სამქულიანებმა გააკეთა. როდესაც მილუოკის სამიანები მისდის, ეს გუნდი შეუჩერებელია - მეტოქე კი დილემის წინაშეა - გაამაგროს პერიმეტრი, თუ სამწამიანი იანისისგან დაიცვას. ერთდროულად ორივეს გაკეთება შეუძლებელია. მილუოკიმ თავისი სამიანების 41 პროცენტი გამოიყენა -16 სროლა 39-დან. ცუდად არც ლეიკერსი ისროდა - 12 ჩაგდებული სამიანი, ზუსტი სროლების 35 პროცენტი.

📺 ვიდეო: იანისის თამაში ლეიკერსთან

საუკეთესო დენი გრინი იყო - 12-დან 7 ჩაგდებული სამიანით. ამის მიუხედავად, მილუოკის შეჩერება მაინც არ გამოვიდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სამიანების ჩაგდება იანისმაც დაიწყო - ამ შეხვედრაში მას 8-დან 5 ჩაგდებული სამიანი ჰქონდა! თამაში იანისმა 34 ქულით დაასრულა, თანაც ისე, რომ ძალიან კარგი პროცენტით ისროდა - 19-დან 11 ზუსტი სროლა.

როდესაც იანისი ასე ისვრის დისტანციიდან  მილუოკი დაუმარცხებელი გუნდია.

📺 ვიდეო: მილუოკი 111:104 ლეიკერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები