Thumbnail

ლივერპული გიკვირთ? მარკ ჰიუზმა 1 დღეში, 2 სხვადასხვა ქვეყანაში, 2 მატჩი ითამაშა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მარკ ჰიუზის ამბავი ბაიერნში
  • უელსელმა ჯერ ნაკრების მატჩი ითამაშა, შემდეგ კლუბში დაბრუნდა...

ლივერპულმა გუშინ და გუშინწინ, თითქმის 24 საათის მანძილზე 2 მატჩი ჩაატარა - ერთი ლიგის თასზე (კარაბაო) ასტონ ვილას წინააღმდეგ, სადაც გუნდი მოედანზე რეზერვებით გამოვიდა და მეორე ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონტერეის წინააღმდეგ, აქ უკვე ძირითადი შემადგენლობით.

იურგენ კლოპი ალბათ ფიქრობს, რომ კლუბს მძიმე და გადატვირთული კვირა ჰქონდა, თუმცა 1987 წელს უელსელმა ვარსკვლავმა - მარკ ჰიუზმა ერთ დღეში, 2 მატჩი ითამაშა, 2 სხვადასხვა ქვეყანაში!

მარკ ჰიუზი მანჩესტერ იუნაიტედის უელსელი ვარსკვლავი, 1985 წელს სათამაშოდ ბარსელონაში გადავიდა, სადაც საშინელი 1 წელი გაატარა, კამპ-ნოუზე 'ტყვეობაში' ჰიუზმა 36 მატჩში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო და სეზონის ბოლოს განათხოვრების წესით ბაიერნში გაქცევა მოახერხა.

"მიუნხენში პენალტის ნიშნულის გარშემო ვტრიალებდი და თამაში კარგად წამივიდა, ბარსაში ეს მოცემულობა არ მქონდა. ბაიერნმა მიხსნა, გუნდს ჩემი სწამდა და მინდოდა მადლობა გადამეხადა..." - იხსენებდა უელსელი, რომელმაც 1987 წლის 7 ნოემბერს ბაიერ უერდინგენდათნ დებიუტშივე დუბლი გაიტანა.

აქედან 4 დღეში უელსელს მადლობის გადახდის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა - ოთხშაბათს ბაიერნი თასზე მიონხენგლადბახის ბორუსიას ეთამაშებოდა, ხოლო იგივე დღეს რამდენიმე საათით ადრე უელსის ნაკრებს პრაღაში ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელოდა - მოგების შემთხვევაში უელსი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე გადიოდა.

ჰიუზი ბაიერნის მენეჯერმა - ული ჰიონესმა ჯერ ნაკრებში გაუშვა, ხოლო შემდეგ ბორუსიასთან თამაშზე დაბრუნება მოთხოვა. "ბევრი ზარი განახორციელა - ჩარტერული რეისი, სწრაფი მანქანა, ყველაფერი წამებში... 2 თვის მანძილზე 3 თამაში მქონდა ჩატარებული, ახლა კი ერთ დღეში 2 მატჩისთვის ვემზადებოდი!"

სამწუხაროდ უელსმა პრაღაში წააგო, ჰიუზი კი საშხაპედან 'ჟიგულით' რომელიც 30-ით დადიოდა, პირდაპირ აეროპორტში გააქანეს. "არ ვხუმრობ, სოფლებში ლადათი ბევრი ბოდიალის შემდეგ, მიუნხენის რეისზე დამსვეს, აეროპორტში ჰიონესი თავისი პორშეთი დამხვდა და სტადიონზე წამიყვანა."

პრა​ღაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ მოთამაშე ჰიუზი, ზუსტად 2 საათის შემდეგ მიუნხენის ოლიმპიურზე ბაიერნის ფორმით აუტის ხაზთან ხურდებოდა. "ულიმ ამ საიდუმლო სქემის შესახებ არავის უთხრა, ყველამ იცოდა, რომ პრაღაში ვიყავი, მიონხენგლადბახსაც ასე ეგონა."

"ამიტომ მეორე ტაიმის დაწყებამდე სტადიონზე ჰიონესის კაბინეტში ვიმალებოდი..." - აქედან მალევე კი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ცვლილება მოხდა "არავის არ სჯეროდა, წესით ასობით კილომეტრის დაშორებით უნდა ვყოფილიყავი, ბორუსიას ფეხბურთელები გაოცებულები მიყურებდნენ..."

ჰიუზის შესვლიდან მალევე, ლოთარ მათეუსმა გაათანაბრა, ხოლო უელსელს ცოტა დააკლდა, რომ მატჩის მიწურულს შორეული დარტყმით ეს 'ზღაპარი' გამარჯვების გოლით დაესრულებინა, თუმცა თამაშში დამატებითი დრო დაინიშნა და მიხაელ რუმენიგეს (კარლ-ჰაინცის უმცროსი ძმა) დუბლით ბაიერნმა მატჩი მაინც მოიგო - 3:2.

ამ დღის შემდეგ, ჰიუზის სათამაშო ფორმა საგრძნობლად გაუმჯობესდა და უელსელმა ბაიერნთან თითქმის +3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედმა დაურეკა და სათამაშოდ თავის ბავშვობის კლუბში დაბრუნდა, სადაც კიდევ 7 სეზონი ითამაშა და 117 გოლის გატანა შეძლო.

გადაავლეთ თვალი რამდენიმე გოლს მარკ ჰიუზის კარიერიდან

კომენტარები

ბოლო ამბები