Thumbnail

საქართველომ ისრაელი გაანადგურა - ევროპის ჩემპიონატამდე ბევრი აღარაფერი რჩება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
  • პლეი ოფის პირველი მატჩი: საქართველო - ისრაელი 12:1

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ისრაელის ნაკრები 12:1 დაამარცხეს.

►  რევაზ ჩომახიძე: მიზანი ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე თამაშია

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩი ქართველი წყალბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. 

პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა, რასაც მეორე და მესამე მეოთხედებში 2-2 გოლი მოჰყვა. ბოლო მეოთხედის წინ, ანგარიში გამანადგურებელი იყო და რევაზ ჩომახიძის შეგირდები ისრაელს 9:0-ს უგებდნენ.

დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა კიდევ 3 გაუშვეს და საბოლოოდ, 12:1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ

საქართველოს ნაკრების რიგებში 3-3 გოლი ელაჩამ და მაგრაქველიძემ გაიტანეს, დუბლი ბითაძემ შეასრულა, თითო გოლი კი ქავთარაძის, ჯახაიას, ბაღათურიას და რურუას ანგარიშზეა.

3 მარტს ისრაელში საპასუხო მატჩია და თუ საქართველოს ნაკრებმა 11-ბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

2018 წლის ევროპის პირველობა ზაფხულში ბარსელონაში გაიმართება.

ისრაელთან მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრები კომენტარები გააკეთეს…

რევაზ ჩომახიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

“მეტოქე დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, თუმცა საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო. დაცვის თამაშს დადებითად ვაფასებ, შეტევის თამაშით კი არ დავრჩი კმაყოფილი. იყო ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა გვმართებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტული შეხვედრისთვის დავალება შესრულებულია, თუმცა წინ მეორე მატჩია და ეს უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ”

რევაზ ჩომახიძე - ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი

ზურაბ რურუა (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):

“საქმის 50% შევასრულეთ, თუმცა წინ მეორე მატჩია და არაფერია დასრულებული. გადახალისებულია შემადგენლობა, ბევრი თამაში არ ჩაგვიტარებია ერთად და არის შეუთამაშებლობის პრობლემა. მომავალში ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და ბევრად უკეთ ვითამაშებთ.”

მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი):

“შესანიშნავი მატჩი იყო. წინ საპასუხო შეხვედრაა, თუმცა დღეს ცხადი იყო ქართველი წყალბურთელების შემართება და უპირატესობა. ისრაელში უფრო რთული მატჩი იქნება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის უპირატესობაში. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა აქ ყოფნა გამომდინარე ჩემი სპორტული წარსულიდან და შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ ოჯახის წევრი ვარ.”

კომენტარები

ბოლო ამბები