Thumbnail

დიქსონმა ფაჩულიას რეკორდი გაიმეორა! საქართველო სერბეთში დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს ნაკრებმა სერბეთში 18-ქულიანი სხვაობით წააგო
  • ერთ მატჩში 36 ქულის ჩაგდებით მაიკლ დიქსონმა სანაკრებო რეკორდი გაიმეორა
  • რეკორდი აქამდე ზაზა ფაჩულიას ერთპიროვნულად ეკუთვნოდა (2006, ფინეთთან)
  • შესარჩევი ციკლი თებერვალში განახლდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე მატჩიც დათმო - ილიას ზუროსის გუნდმა ბელგრადში სერბეთთან 87:105 წააგო. 

ისევე, როგორც გერმანიასთან თამაშში, ნაკრებმა ეს შეხვედრაც კარგად დაიწყო და ტაიმი 45:44 მოიგო, მაგრამ ამის მერე ძალები აღარ ეყო. 

სტუმარ გუნდში გამორჩეულად კარგად მაიკლ დიქსონმა ითამაშა. ლეგიონერმა 36 ქულა (!) ჩააგდო და სერბ მცველებს სისხლი გაუშრო. მის ანგარიშზე 9 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნაა. ეს ფენომენალური შედეგი საქართველოს ნაკრების რეკორდის გამეორებაა. აქამდე 36 ქულა ერთ თამაშში ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე იყო.

სტეფან პენოს და მანუჩარ მარკოიშვილის ორთაბრძოლა

გერმანიაში ჩატარებული მატჩის მსგავსად, ნაკრებს ფარზე ბრძოლა არც ბელგრადში გამოუვიდა. პერიმეტრიდან მოპოვებული ქულები ცოტა არ იყო, თუმცა საბოლოოდ შეხვედრის ბედი მაინც სხვა ფაქტორებმა გადაწყვიტა.

ალექსანდრე ჯორჯევიჩის გუნდთან მარცხი ლოგიკური იყო, ისევე, როგორც რამდენიმე დღით ადრე განცდილი მარცხი გერმანიასთან. სენსაცია არცერთ მათგანში არ შედგა, თუმცა გამოჩნდა, რომ კრიზისულ პერიოდში, ძირითადი მოთამაშეების არყოფნის დროსაც, გუნდს გარკვეული ამოცანების გადაჭრა შეუძლია.

4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის, საქართველომ ორი რაუნდი ავსტრიასთან უნდა ითამაშოს და მეტწილად სწორედ აქ გამოჩნდება სამომავლო პერსპექტივაც. იმის ალბათობა, რომ დარჩენილი შეხვედრებიდან რამდენიმეში გუნდს შენგელია-შერმადინის დუეტიც შეიძლება დაეხმაროს, არცთუ ისე დაბალია.

ილიას ზუროსმა სერბეთთან შეხვედრისას განსაკუთრებით ბევრი ინერვიულა

მატჩის შემდეგ

ილიას ზუროსი: “სერბეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ძალიან კარგი გუნდი და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. გამარჯვება დაიმსახურეს, რადგან უკეთესად ითამაშეს. გერმანიასთან და სერბეთთან ზედიზედ ორი მატჩის ასე მოკლე პერიოდში ჩატარება რთულია.

იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებში სრული შემადგენლობის გამოყენებას შევძლებთ. ტრავმირებული მოთამაშეები, სანაძე და ცინცაძე ძალიან დაგვაკლდნენ. ვულოცავ ჩემს კალათბურთელებსაც, რადგან ბევრი იშრომეს და მაქსიმუმი გააკეთეს. ურთულეს ჯგუფში ვართ.

ჩვენს მეტოქეებს უდიდესი გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი ძალიან ბევრი კარგი კალათბურთელი გვაკლია. დიქსონი შესანიშნავი კალათბურთელია, მაგრამ მაგრამ თანაგუნდელების მხარდაჭერა სჭირდება. ცინცაძის და სანაძის არყოფნა ჩვენთვის დიდი დარტყმაა. რა თქმა უნდა, ძალიან გვაკლია თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც. ასევე ბურჯანაძე, რომელიც დიდი ძალაა. ახლა მთავარია, რომ ავსტრიასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ.”

ალექსანდრ ჯორჯევიჩი: "არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კალათბურთელები ყველანი კარგად ხვდებოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს მათ. მატჩის მერე უდიდესი დადებითი ემოციით დავტოვე დარბაზი. ვამაყობ, რომ კალათბურთელთა ამ ჯგუფს ვწვრთნი. ისინი უშიშრად თამაშობდნენ. 

პირველ ტაიმში თამაში მცირე ხარვეზებით დავიწყეთ, 9 საჯარიმო სროლა გავაცუდეთ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოს ნაკრები მებრძოლი გუნდია, რომელიც კარგად ესვრის შორი დისტანციიდან. დაცვაშიც გვქონდა შეცდომები, რადგან ძნელია სამ დღეში ავტომატიზმამდე მიიყვანო თამაშის დეტალები. ყველა კალათბურთელს მადლობა მინდა გადავუხადო თავდადებისთვის". 

სერბეთი-საქართველო 105:87

საქართველო: დიქსონი (36), ბოქოლიშვილი (14), ბერიშვილი (11), მარკოიშვილი (10), ბითაძე (8), ცქიტიშვილი (6), დვალიშვილი (2), როგავა, ბოისა, ფაცაცია, ბექაური

კომენტარები

ბოლო ამბები